განათლება,მთავარი,სიახლეები

შეექმნება თუ არა ავტორიზაციის პრობლემა სკოლას, რომელიც კორპუსმა ჩააბნელა

26.10.2018 • 3349
შეექმნება თუ არა ავტორიზაციის პრობლემა სკოლას, რომელიც კორპუსმა ჩააბნელა

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩის 30 ნომერში, სკოლა-ლიცეუმ „თაობას“ შენობასთან, მაღალსართულიანი კორპუსი შენდება. კორპუსის კედელი სკოლის ფანჯრებთან იმდენად ახლოს არის ამოყვანილი, რომ საკლასო ოთახების დიდი ნაწილი ჩაბნელდა.

იცოდა თუ არა სკოლის ადმინისტრაციამ, რომ სკოლასთან ახლოს მრავალსართულიანი კორპუსი შენდებოდა, რომელიც ბუნებრივი განათების პრობლემას შეუქმნიდა სკოლას?

„ბათუმელები“ სკოლის დირექტორს ომარ მიქელაძეს ტელეფონით ესაუბრა. დირექტორი ამბობს, რომ მშენებლობის შესახებ ინფორმაცია ჰქონდა. თუმცა, დასძენს, რომ სათანადოდ არ იყო ინფორმირებული მშენებლობის მასშტაბებსა და იმაზე, თუ რამდენად ჩააბნელებდა ახალი კორპუსი სკოლის ფანჯრებს.

დირექტორი ამბობს, რომ საჩივრით არც ბათუმის მერიისთვის მიუმართავს. სატელეფონო საუბარში ის იმ პრობლემებზე საუბრობს, რაც სკოლის ირგვლივ სხვა კორპუსების მშენებლობამ შექმნა. თუმცა გვეუბნება, რომ ამ თემაზე კომენტარის გაკეთება ოფიციალურად არ სურს.

„ერთმა კორპუსმა რამდენიმე საკლასო ოთახი ისე ჩააბნელა, შუქის ანთების გარეშე არაფერი არ ჩანს. სკოლის წინ კიდევ ერთი კორპუსი შენდება, ღობე იმდენად გადმოწიეს, რომ მუნიციპალური ავტობუსი ქუჩაზე ვეღარ შემოდის“, – ამბობს კერძო სკოლის დირექტორი.

„ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ამ მშენებლობაზე ნებართვა წინა მერის, გიორგი ერმაკოვის პერიოდში გაიცა. ამის მიუხედავად, გვინდოდა ბათუმის მოქმედი მერისთვის გვეკითხა, რას ფიქრობს ამ ტიპის განაშენიანებაზე. ასევე გვაინტერესებდა ლაშა კომახიძის ხედვა, უნდა ველოდოთ თუ არა მისი მერობის პირობებში მსგავს პროექტებზე ნებართვის გაცემას. მერიის პრესსამსახურისგან კი მხოლოდ ის განმარტება მივიღეთ, რომ აღნიშნული მშენებლობები ლაშა კომახიძის მერობის დროს არ დაწყებულა.

ბუნებრივი განათება აუცილებელია სასწავლო დაწესებულებისთვის. ამას სკოლების ავტორიზაციის სტანდარტი მოითხოვს. „თუ სკოლის წინ საცხოვრებელი კორპუსი სკოლის აშენების შემდეგ დაიდგა, ვფიქრობ, ამის გამო სკოლას ავტორიზაციის პრობლემას არ შევუქმნით,“ – ამბობს განათლების სამინისტროს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დათო კობახიძე.

მშენებლობის სტანდარტების მიხედვით, კომპანია ვალდებულია მშენებლობის დაწყებამდე გამოაკრას საინფორმაციო დაფა, სადაც განთავსდება ინფორმაცია ობიექტის პარამეტრებისა და მშენებლობის წესების შესახებ. სკოლა-ლიცეუმ „თაობასთან“ აშენებულ კორპუსზე მსგავს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ვერ აღმოაჩინა.

ამავე თემაზე:

ანგისა და ადლია – ბათუმში ცათამბჯენების ახალი დასახლება ჩნდება (ფოტო)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: