ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვა დაიწყო

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონის გადახურვის სამუშაოები დაწყებულია. ობიექტზე ამ ეტაპზე სახურავის ლითონის კონსტრუქციას ამონტაჟებენ. მონტაჟი, არსებული გრაფიკის მიხედვით, 2019 წლის იანვარში უნდა დასრულდეს. აჭარის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის სამუშაოების ჯამური სავარაუდო ღირებულება 157 344 846 ლარია.

სტადიონის მშენებლობა მეათე თვეა მიმდინარეობს, ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ კი მშენებლობის ზედამხედველობა 20 დღის წინ დაიწყო.

„ლითონის სახურავის მონტაჟი მომავალი წლის თებერვლამდე უნდა დასრულდეს, თუმცა გააჩნია როგორი ამინდი იქნება. ამ ეტაპისთვის დასრულებულია რკინა-ბეტონის სამუშაოების 90 პროცენტი, დარჩენილია მხოლოდ მეორე იარუსის ტრიბუნები. ასევე დასრულებულია ბლოკის წყობის [გადატიხვრები, ოთახები, კედლები, ფასადები] სამუშაოების 70 პროცენტი. პარალელურად, მიმდინარეობს ისეთი სამუშაოების დაგეგმვა, როგორიცაა ელექტრომექანიკური სამუშაოები და სადღაც ნოემბრის ბოლოსთვის ამ სამუშაოების დაწყებაც იქნება შესაძლებელი,“ – აღნიშნა „ბათუმელებთან“ სატელეფონო საუბარში მირზა ბოლქვაძემ, შპს „სტადიონის“ ინჟინერ-კონსტრუქტორმა.

ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შპს „სტადიონი“ კურირებს. მშენებლობას კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ანაგი“ ახორციელებს.

„ანაგს აქვს ფინანსური გეგმა-გრაფიკი, რაც ამ ეტაპისთვის გადაჭარბებით მიმდინარეობს,“ – აცხადებს მირზა ბოლქვაძე. მისივე ინფორმაციით, მშენებარე ობიექტზე, 2 ოქტომბრიდან, უკვე შესულია მშენებლობაზე ტექნიკური ზედამხედველი კომპანიაც – შპს „სიემსი“.

„როცა ლითონის სახურავის მონტაჟი დასრულდება, მშენებელი კომპანია შეადგენს რიგით მეექვსე ოქმს, რომლითაც დადასტურდება ნულოვან ნიშნულს ზემოთ მიწისზედა მზიდი კონსტრუქციული სისტემის დასრულების სამუშაოები. მშენებლობის წინა ხუთი ეტაპი დასრულებულია და წარმოდგენილია შესაბამისი ოქმები და ჩაბარებულია. ბოლო მეექვსე ეტაპი კი, შიდა გათვლებით, 2019 წლის 21 იანვრამდე უნდა დასრულდეს,“ – ამბობს მირზა ბოლქვაძე.

რაც შეეხება მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველობას, მირზა ბოლქვაძის თქმით, „ზედამხედველი კომპანია ყოველდღიურად უწევს მეთვალყურეობას მშენებლობას და ადასტურებს თითოეული ფარული სამუშაოს შესრულების აქტს. როცა „ფორმა 2“-ს წარმომიდგენს ზედამხედველი კომპანია და „ანაგი“,  მათ უნდა წარმოგვიდგინონ ფარული სამუშაოს აქტები და სხვა სამუშაოების შესრულების შესაბამისი დოკუმენტაცია – ეს იქნება ლაბორატორიული შემოწმების აქტები თუ მასალების სერტიფიკატები. ამ კუთხით კი, შპს „სიემსს“, როგორც მშენებლობის ტექნიკურ ზედამხედველს, „ფორმა 2“ ამ დროისთვის არ დაუდია. ამ ფორმას კონკრეტული სამუშაოს დასრულების დროს მშენებელი ადგენს და ზედამხედველი ადასტურებს ან აძლევს შენიშვნებს.“

„ბათუმელებს“ კომპანია „სიემსში“ უთხრეს, რომ ზედამხედველობის პარალელურად ეცნობიან იმ აქტებს, რომლებიც 2 ოქტომბრამდე შესრულებულ სამუშაოებზე არის შედგენილი: „ვიდრე არ დასრულდება გარკვეული სამუშაოს ეტაპი და არ წარვადგენთ შესაბამის დოკუმენტებს, მანამდე ობიექტზე მიმდინარე სამუშაოების ან რაიმე ხარვეზის არსებობა-არარსებობის შესახებ ინფორმაციას ვერ გავცემთ“.

2018 წლის ოქტომბრამდე საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას ტექნიკურ ზედამხედველობას ტენდერში გამარჯვებული კომპანიის ნაცვლად, თავად შპს „სტადიონის“ ინჟინერ-კონსტრუქტორები ახორციელებდნენ.

ბათუმის საფეხბურთო  სტადიონის მშენებლობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვებულ შპს „ანაგთან“ 99 448 408 ლარზეა გაფორმებული [დღგ-ს გარეშე]. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიისთვის აჭარის ბიუჯეტიდან უკვე გადარიცხულია 48 702 526 ლარი.

რაც შეეხება ზედამხედველ კომპანიას, ხელშეკრულება „სიემსთან“ 2018 წლის 27 სექტემბერს 2 388 580 ლარზეა გაფორმებული. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდის მონაცემებით, ზედამხედველი კომპანიისთვის ჯერ არცერთი თეთრი არ არის გადახდილი.

ბათუმში მშენებარე საფეხბურთო სტადიონი / 23.10.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

ბათუმის სტადიონი UEFA-ს IV კატეგორიის სტანდარტებით შენდება და ის 20 000 მაყურებელზე იქნება გათვლილი.

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებული ინფორმაციით: „ბათუმის საფეხბურთო სტადიონი ვერ უმასპინძლებს ჩემპიონთა ლიგის და უეფას ლიგის ფინალურ თამაშებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალის და გახსნა-დახურვის ცერემონიის ჩატარება ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე არ არის შესაძლებელი“.

სტადიონის მშენებლობა 2020 წლის სექტემბერში უნდა დასრულდეს.

ამ თემაზე:

დიდი ფული არც ისე დიდი სტადიონისთვის

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com