როგორი სათამაშოებით ერთობიან თქვენი შვილები საბავშვო ბაღში – ხარისხი არ კონტროლდება

საბავშვო სათამაშოებს, რომელთა შესყიდვაზეც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათიათასობით ლარს ხარჯავს, მძიმე მეტალების შემცველობაზე არავინ ამოწმებს. ორგანიზაციაში, რომელიც წინა წლებში იკვლევდა ბავშვების სათამაშოების ხარისხს, აცხადებენ, რომ სათამაშოები, რომლებიც საბავშვო ბაღებში შეაქვთ, მავნე ნივთიერებებს შეიცავს.

„ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორ ყიდულობენ აჭარაში მოქმედი ბაღების გაერთიანებები სათამაშოებს ბაღებისთვის. ექვსივე მუნიციპალიტეტში გვითხრეს, რომ მათ სათამაშოების ხარისხზე ინფორმაცია არ აქვთ. 

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ, სულ ახლახან, ათი ათას ლარად ახალი საბავშვო ბაღისთვის ტენდერი გამოაცხადა სათამაშოებზე. სატენდერო პირობებში მითითებულია, რომ სათამაშოები არ უნდა შეიცავდეს ტყვიას და სხვა მეტალებს. თუმცა, როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი მამუკა შამილიშვილი გვეუბნება, ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ბაღების გაერთიანებამდე არ აღწევს.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება წლის ბოლომდე კიდევ 150 ათას ლარზე  აპირებს ტენდერის გამოცხადებას. მამუკა შამილიშვილი ამბობს, რომ ბოლომდე არც ამ შემთხვევაშია დარწმუნებული, მიაწვდის თუ არა ტენდერში გამარჯვებული კომპანია ევროპული სტანდარტის ანუ უსაფრთხო სათამაშოებს.

ტენდერის გზით უკვე შეძენილი სათამაშოების შესყიდვის დოკუმენტაციაში მითითებულია, რომ სათამაშოები ჩინეთშია წარმოებული. სახელმწიფო შესყიდვების ვებგვერდზე სათამაშოების ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი ატვირთული არ არის.

„სატენდერო პირობებში გვიწერია, რომ სათამაშოები უნდა იყოს ეკოლოგიურად სუფთა, თუმცა საბოლოოდ მის ხარისხს ბოლომდე ვერ ვაკონტროლებთ“, – გვითხრა ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, მამუკა შამილიშვილმა. მისი თქმით, ტენდერში გამარჯვებული კომპანია ამბობს, რომ მსგავსი დოკუმენტი მან საბაჟოზე წარადგინა. „ჩვენამდე კი ეს დოკუმენტი არ აღწევს“, – ამბობს შამილიშვილი.

„შარშან გადავწყვიტეთ საღებავზე ანალიზის გაკეთება, მივმართე სამხარაულის ბიუროს, სადაც გვითხრეს, რომ ნიმუში უნდა გადაგვეგზავნა თბილისში, იქედან კი გერმანიაში ან შვეიცარიაში გაიგზავნებოდა, რადგან ჩვენს ქვეყანაში მსგავს შემოწმებას ვერცერთი ლაბორატორია ვერ აკეთებს. ეს იყო თვეებში გაწელილი პროცესი და ტენდერის ვადებში ვერანაირად ვერ ჩავჯდებოდით“.

შამილიშვილის თქმით, სათამაშოების შემოწმების ერთადერთი გზა, გარეგნული დათვალიერებაა. „ძირითადად ვამოწმებთ წონის მიხედვით. უხარისხო სათამაშოები არის უფრო მსუბუქი, სუნიც მძაფრი აქვს. კომისია წარმოდგენილ ნიმუშებზე მსჯელობს და რაზეც ვთანხმდებით, შემდეგ ის შემოგვაქვს. სხვანაირად სტანდარტს ვერ ვიჭერთ.“

ბათუმის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელის აზრით, ხარისხიანი პროდუქციის შემოტანაზე პასუხისმგებლობა სახელმწიფომ უნდა აიღოს, შესაბამისად, საბაჟოზე უნდა შემოწმდეს პროდუქცია ყველა სტანდარტის შესაბამისად, „ასე უფრო დაცულები ვიქნებით“.

შუახევის მუნიციპალიტეტის ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ნათელა გოგიტიძე ამბობს, რომ სათამაშოების ხარისხთან დაკავშირებით სახელმწიფოს ჯერ სტანდარტი ოფიციალურად დადებული არ აქვს. „ჩვენ კი ცარიელი ხელებით ვერაფერს შევეჭიდებით“, – გვეუბნება ის. მისი ინფორმაციით, სათამაშოების ყველაზე დიდი რაოდენობა ჩინეთიდან შემოდის და ძალიან რთულია მისი ხარისხი ბოლომდე აკონტროლო.

„მე, პირადად, როცა სატენდერო მოთხოვნები გავართულე, არავინ წამოვიდა ამ მოთხოვნებზე და სამჯერ ჩამივარდა ტენდერი. როცა ტენდერის გარეშე ვყიდულობდი, მაგალითად, 5 ათას ლარად ვიყიდე ხის სათამაშოები, რომლებიც უფრო მეტად ეკოლოგიურია, მაგრამ როცა ტენდერით ხდება შესყიდვა, იქ ხარისხს ვერ ვაკონტროლებთ“.

ნათელა გოგიტიძე ამბობს, რომ ახლახან 13 ათას ლარზე გამოაცხადა ტენდერი, რომლითაც ათი საბავშვო ბაღის მომარაგებას აპირებს სათამაშოებით. „შემომტანს მოვთხოვე ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი. ის მეუბნება, რომ დოკუმენტი საბაჟოზე წარადგინა, თუმცა ჩვენამდე ეს დოკუმენტი არ აღწევს. ვფიქრობ, ხარისხთან დაკავშირებით ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, მათ შორის სახელმწიფომაც“.

ქედის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი აიშე თებიძე ამბობს, რომ სათამაშოების შესყიდვის დროს აქცენტს ხის სათამაშოებზე აკეთებს. ძირითადად კი, ქართული წარმოების პროდუქციას ყიდულობს.

„გვაქვს პლასტმასის სათამაშოებიც, მაგრამ ვცდილობთ ცოტა ვიყიდოთ და ხარისხიანი. უფრო მეტად ხის ფაზლებს ვყიდულობთ“, – გვეუბნება ის და დასძენს, რომ 2019 წლისთვის 5 ათასი ლარის ფარგლებში კიდევ აპირებს სათამაშოების შეძენას: „ამჯერადაც ხის სათამაშოები უნდა შევიძინოთ“.

ხელვაჩაურის ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილის, ბადრი ირემაძის თქმით, ტენდერით შესყიდულ სათამაშოებს აწერია, რომ დასაშვებია ბავშვებისთვის.

„მძიმე მეტალებს შეიცავს თუ არა არ ვიცით, მაგრამ ეტიკეტზე ხარისხის ნიშანი მითითებული აქვს“.

მისი თქმით, სათამაშოები, ძირითადად, უკრაინაშია წარმოებული. „გაერთიანებაში ჩვენ არ გვაქვს ხარისხის დოკუმენტი, რადგან სათამაშოები ბაღებში ნაწილდება და ალბათ იქ უნდა იყოს წარმოდგენილი დოკუმენტი. ვფიქრობთ, სათამაშოები სახიფათო არ უნდა იყოს“.

რა ხარისხის სათამაშოები შემოაქვთ მომწოდებლებს, ამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას არც ქობულეთის ბაღების გაერთიანებაში ფლობენ. გაერთიანების ხელმძღვანელი ლია ხალვაში ამბობს, რომ სათამაშოები თანხის უქონლობის გამო სამი წელია არ შეუსყიდიათ: „წინა წლებში კი, რაც შევიძინეთ, იმის  ხარისხი არავის შეუმოწმებია. არც სახელმწიფოსგან მიგვიღია მითითება, რომ მოხმარებიდან ამოვიღოთ“.

ლია ხალვაში ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 2019 წლის ბიუჯეტში სათამაშოების შესაძენად თანხას გამოუყოფენ, შეეცდება, ეს სათამაშოები ხარისხის დადგენილ სტანდარტს აკმაყოფილებდეს.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ პროექტის – „მომხმარებელი.გე“-ს ცნობით, თბილისის სათამაშოების მაღაზიებში ათი სახის სათამაშოზე 2016 წელს ჩაატარეს ლაბორატორიული შემოწმება, რომელმაც აჩვენა, რომ სათამაშოებში დასაშვებზე მეტი აღმოჩნდა მავნე ნივთიერება  დი-2-ეთილჰექსილფტალატი, რომელიც საშიშია ბავშვის ჯანმრთელობისთვის. „მომხმარებელი.გე“-ს კოორდინატორის, ვახტანგ კობალაძის თქმით, საბავშვო ბაღებშიც იმავე ხარისხის სათამაშოები შედის, რაც გაყიდვების ქსელშია.

„ქვეყანაში არ არსებობს კანონი, საბაჟო არ არის ვალდებული, რომ სათამაშოების უსაფრთხოება შეამოწმოს, არანაირი ნორმები არ არსებობს უსაფრთხოების… ნორმატიული აქტი განხილვაშიც კი არ არის, პირველადი ვარიანტიც კი არ არის გასაჯაროებული. როგორც გეგმით აქვთ გათვალისწინებული, 2019 წელს უნდა მიიღონ ნორმატიული აქტი, მაგრამ ეს როდის ამოქმედდება, ცალკე თემაა“.

ვახტანგ კობალაძის თქმით, გარანტია არ არსებობს იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროდუქციაზე დატანებულია ევროპული ხარისხის ნიშანდება – CE.

„ჩვენ რაც შევამოწმეთ, ყველა სათამაშოს ჰქონდა ეს ევროპული ნიშანდება, რომელიც სავალდებულოა ევროპის ეკონომიკურ ზონაში სხვადასხვა სახის პროდუქციაზე, მაგრამ შედეგები მაინც ნეგატიური იყო“.

ვახტანგ კობალაძე ამბობს, რომ ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებობს ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია საღებავებისა და სათამაშოების ხარისხის შემოწმება, თუმცა ლაბორატორია, ჯერჯერობით, აკრედიტებული არ არის.

„ბათუმელებს“ არ გადაუმოწმებია, როგორ კონტროლდება ქვეყნის სხვა რეგიონებისა თუ დედაქალაქის საბავშვო ბაღებში შეტანილი სათამაშოების ხარისხი.

მნიშვნელოვანია, რომ ტყვიას შეიძლება შეიცავდეს არა მარტო სათამაშოები, ჭურჭელიც, განსაკუთრებით კი, ფაიფური. მძიმე მეტალებით, მათ შორის ტყვიით დაბინძურებული სათამაშოები სავალალო შედეგებს იწვევს ბავშვებში.

დასხივების მაღალი დონის შედეგად, ტყვია ზიანს აყენებს ტვინსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას, რაც კომის, კონვულსიებისა და სიკვდილის მიზეზიც შეიძლება გახდეს. ბავშვებს, რომლებიც ინტოკსიკაციის შემდეგ გადარჩნენ, აზროვნების დაქვეითება და ქცევითი დისფუნქციები აღენიშნებათ.

გამომდინარე იქედან, რომ ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალ შემცველობაზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, გაეროს ბავშვთა ფონდმა (UNICEF) დაიწყო საქართველოში მცხოვრებ ათ წლამდე ბავშვებში სისხლის კვლევა, რომლის შედეგებიც 2019 წლისთვის გახდება ცნობილი.

ამავე თემაზე:

ტყვიით ინტოქსიკაცია – რისკები, შესაძლო სიმპტომები და მკურნალობა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com