რამდენი კოორდინატორი მუშაობს სალომე ზურაბიშვილისთვის და სხვა კანდიდატებისთვის

„კოორდინატორი არ გვყავს,“ – ეს პასუხი რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბიდან მივიღეთ. შტაბებში ამბობენ, რომ მცირე ფინანსური რესურსის პირობებში არ ჰყავთ კოორდინატორები, რომლებიც დამკვიდრებული პრაქტიკის მიხედვით ამომრჩეველთან კარდაკარ იმუშავებენ და ამაში ხელფასს მიიღებენ.

ბოლო წლებში პოლიტიკურ ექსპერტებს ხშირად აღნიშნავენ კოორდინატორების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე. იყო შეფასებებიც, რომ არჩევნები კოორდინატორებმა და მათმა აქტიურობამ მოიგო. გვინახავს ფოტო და ვიდეომასალაც წინა არჩევნებზე, მაგალითად, როგორ აკონტროლებდნენ ამომრჩევლის საარჩევნო უბანზე მისვლას კოორდინატორები სპეციალური სიების მიხედვით. კოორდინატორები ხშირად ამომრჩეველს, ვისაც წინასწარ ესაუბრნენ, კენჭისყრის დღეს სახლში აკითხავდნენ და უფასო ტრანსპორტირებას სთავაზობდნენ საარჩევნო უბნამდე და უკან.

წელს არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას კოორდინატორების მსგავსი აქტიურობა არ დაუფიქსირებია. „ბათუმელებმა“ რამდენიმე საპრეზიდენტო კანდიდატის წინასაარჩევნო შტაბში იკითხა, რამდენი კოორდინატორი ჰყავთ და რა ფინანსური რესურსი იხარჯება ამ მომსახურებისთვის.

გრიგოლ ვაშაძის, ზურაბ ჯაფარიძის და დავით უსუფაშვილის საარჩევნო შტაბში გვითხრეს, რომ ფასიანი კოორდინატორი არ ჰყავთ და არჩევნების მოსაგებად მათ პარტიული ორგანიზაციის წევრები ეხმარებიან.

„კოორდინატორი გვყავს, მაგრამ ხელფასს არ ვუხდით,“ – გვითხრა შალვა ნათელაშვილის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ზურაბ ლომიამ. მისი განმარტებით, კოორდინატორებად წინასაარჩევნო პერიოდში პარტიის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელები მუშაობენ და ასეთია ქვეყნის მასშტაბით სულ 72.

„კოორდინატორები არიან ჩვენი ადგილობრივი ორგანიზაციის ლიდერები, რომლებიც ადგილზე საკრებულოს წევრებიც არიან,“ – გვითხრა დავით ბაქრაძის წინასაარჩევნო შტაბის წარმომადგენელმა, ირაკლი კიკნაველიძემ. მისივე თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატს თითოეულ საარჩევნო უბანზე თითო მოხალისე ჰყავს, რომელსაც პარტია წინასაარჩევნო სააგიტაციო მასალით და საწვავით ამარაგებს.

რამდენი კოორდინატორი მუშაობს სალომე ზურაბიშვილისთვის? – ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შტაბი არ ამხელს. „მიმდინარეობს რეგისტრაცია და ზუსტი რიცხვი ჯერ არ ვიცით,“ – მოგვწერეს სალომე ზურაბიშვილის წინასაარჩევნო შტაბის პრესცენტრიდან.

სალომე ზურაბიშვილს მხარს უჭერს მმართველი პოლიტიკური პარტია – „ქართული ოცნება“, თუმცა პარტიის პრესცენტრში ჩვენი მიმართვიდან მეორე დღეს გვიპასუხეს, რომ პარტიას კოორდინატორები არ დაუქირავებია სალომე ზურაბიშვილის დასახმარებლად. „ჩვენ გვაქვს მხოლოდ პოლიტიკური მხარდაჭერა. დანარჩენი რა იხარჯება და როგორ, გამჭვირვალედ არის წარმოდგენილი აუდიტის ანგარიშებში,“ – გვითხრეს „ქართულ ოცნებაში“.

აუდიტის სამსახურს სალომე ზურაბიშვილმა ბოლო ანგარიში 19 ოქტომბერს ჩააბარა. ანგარიშში აღწერილია 3-დან 16 ოქტომბრამდე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ფონდის მიერ გაწეული ხარჯები. ამ დოკუმენტის მიხედვით, სალომე ზურაბიშვილის მხრიდან კოორდინატორების შრომის ანაზღაურების ხარჯი არ ჩანს.

________________

მთავარი ფოტო: კოორდინატორი საარჩევნო უბანთან. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი