ქობულეთის შემოვლითი გზის 13 კმ მონაკვეთის განათებაზე 3 373 235 ლარი დაიხარჯება – უსაფრთხოება

ქობულეთის შემოვლითი გზის შეკვეთილი-ქაქუთის მონაკვეთის განათებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 373 235 ლარი დაიხარჯება. საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა უკვა შეარჩია კომპანია, რომელიც აღნიშნულ სამუშაოებს შეასრულებს. რაც შეეხება ამავე გზის ქაქუთიდან ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბამდე მონაკვეთს, მისი განათება, დეპარტამენტის ინფორმაციით, გზის მშენებლობის დროს მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება; შიდა სატენდერო პროცედურები დაწყებულია და კომპანია, რომელიც გზის განათებაზე იმუშავებს, მალე შეირჩევა. ამ მონაკვეთის განათებისთვის საჭირო თანხა დაზუსტებული ჯერ არ არის.

შერჩეულ კომპანიებს, შესაბამისი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ, მიეცემათ ერთთვიანი მოსამზადებელი ვადა, რომლის შემდეგაც დაიწყება სამუშაოები უშუალოდ გზის განათებაზე.

ქობულეთის შემოვლითი გზა დაახლოებით 32 კმ-ია, რომლის პირველი [13 კმ-დე] მონაკვეთი 2014 წელს გაიხსნა, მეორე კი – 2018 წლის ივნისში. არც ერთ მონაკვეთზე განათების სისტემა დღემდე არ არის დამონტაჟებული.

„ახალი მაგისტრალები მთელს სიგრძეზე, ნატახტარიდან რომ დავიწყოთ, თავის დროზე ისე დაპროექტდა, რომ განათება არც ერთ მონაკვეთზე არ იყო გათვალისწინებული და ცალკე, დამატებით კეთდება“, – გვითხრეს დეპარტამენტში.

შსს-ს ინფორმაციით, ქობულეთის შემოვლითი გზის მთლიან მონაკვეთზე მიმდინარე წლის აგვისტოდან ამოქმედებულია „ჭკვიანი“ ვიდეოკამერები და სიჩქარის მზომი სექციური რადარები.

გზის უსაფრთხოების კუთხით განათებასთან და კამერებთან ერთად აუცილებელია ზოლებს შორის გამყოფი ბარიერი, რაც ამ გზაზე არ არსებობს. გზა ორზოლიანია, დაშვებული სიჩქარე კი – 90 კმ/სთ.

„ქობულეთის შემოვლითი გზა როცა პროექტდებოდა, ტექნიკურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა მოხდა და აზიის განვითარების ბანკში, რომელიც აფინანსებდა ამ მშენებლობას, იქ დამტკიცდა. 2010 წელში, როცა შედგა ეს პროექტი, იმ პერიოდისთვის ინტენსიურობას აკმაყოფილებდა ეს ორზოლიანი გზა და გათვლილი იყო 30 წელზე. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ კი, ისევ უნდა შემდგარიყო ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთება და თუ საჭიროება მოითხოვდა, დაპროექტდებოდა დამატებით კიდევ ორზოლიანი გზა. დაპროექტებიდან თითქმის 10 წელი გავიდა და ვიდრე ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება, შეიძლება კიდევ გაიზომოს და დადგეს საჭიროება დამატებითი ზოლის აშენების. არსებული გზის პროექტი ისეა შედგენილი, რომ გათვალისწინებულია დამატებით კიდევ ორზოლიანი გზის აშენების შესაძლებლობა“, – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ამ ეტაპზე, დეპარტამენტის ინფორმაციით, არც დასაბუთება არის და არც ფინანსები, რათა ქობულეთის შემოვლითი გზა ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთდეს.

ქვეყნის მთავრობის გადაწყვეტილებით ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთდება ქუთაისის შემოვლითი ორზოლიანი გზა. მიზეზად ამ მონაკვეთზე ხშირი ავარიები დასახელდა, რასაც ათობით ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამის გამო, ახალი გზა ცალმხრივი გახადეს. ამჯერად კი, მის პარალელურად, კიდევ ერთი ორზოლიანი გზა აშენდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 200 მილიონზე მეტი ლარი დაიხარჯება.

ავტოსაგზაო შემთხვევები ხდება ქობულეთის შემოვლით გზაზეც, რის შედეგადაც ადამიანები დაშავდნენ. ამ გზაზე ავარიებს რამდენიმე ადამიანიც ემსხვერპლა, მათ შორის ორი მცირეწლოვანი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com