განათლება,მთავარი,სიახლეები

როგორ რეაგირებენ სკოლები მოზარდის მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტებზე

22.10.2018 • 4987
როგორ რეაგირებენ სკოლები მოზარდის მიერ მარიხუანას მოხმარების ფაქტებზე

სოციალურ ქსელებში ხშირად ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებამ გაზარდა მისი მოხმარების შემთხვევები არასრულწლოვნებში. „ბათუმელები“ დაინტერესდა, როგორია ამ მხრივ ვითარება სკოლებში და რა პრევენციულ ზომებს ატარებს სკოლების ადმინისტრაცია იმისთვის, რომ არასრულწლოვნებმა არ მოიხმარონ მარიხუანა. იციან თუ არა მოზარდებმა, რა შეიცვალა რეალურად კანონში მას შემდეგ, რაც მარიხუანას მოწევა აღარ არის დასჯადი.

მაგალითად, ბათუმის მე-17 საჯარო სკოლის დირექტორი გვეუბნება, რომ დაახლოებით ორი კვირის წინ მოზარდის მხრიდან მარიხუანას შენახვის ფაქტი  დააფიქსირეს სკოლაში. „მოსწავლეს ხელში ეჭირა მარიხუანას გარკვეული ოდენობა. ვფიქრობ, მისი არ იყო მოსაწევი, რადგან სპორტსმენია და სიგარეტსაც არ ეწევა. სავარაუდოდ, სხვისი ჰქონდა და არ გაამხილა, თუმცა ჩვენ პოლიციას მაინც მივმართეთ“, – ამბობს დირექტორი ირინე ვადაჭკორია.

მისი აზრით, პოლიციის ჩარევა იმიტომ იყო საჭირო, რომ მოზარდებმა მეტი პასუხისმგებლობა იგრძნონ.

„მოსწავლეთა ინფორმირების მიზნით კლასსაათებსაც ვატარებთ და ვცდილობთ ვაჩვენოთ ფილმები, გამოვიყენოთ სხვადასხვა რესურსი, რომ მოსწავლეებმა გაიგონ რა უარყოფითი მხარეები აქვს მარიხუანას მოხმარებას“, – უთხრა „ბათუმელებს“ ირინე ვადაჭკორიამ.

მე-16 სკოლის დირექტორი თამთა კვარაცხელია გვეუბნება, რომ ერთი თვის წინ მისი სკოლის ყოფილი მოსწავლე გადაიყვანეს საავადმყოფოში.

„სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე რაღაც მიიღო, ძალიან ცუდად გამხდარა, რის გამოც გვერდით მდებარე კორპუსის მცხოვრებლებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. პოლიცია იყო ჩარეული, მაგრამ პოლიცია ჩვენ არაფერს გვეუბნება“, – ამბობს დირექტორი.

მისი თქმით, მოსწავლე შემთხვევიდან რამდენიმე დღეში სხვა სკოლაში გადავიდა, „შესაბამისად, რა მოხდა რეალურად, ჩვენთვის უცნობი დარჩა.“

თამთა კვარაცხელია ამბობს, რომ კანონში შესული ცვლილების შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია სკოლებს არ აქვთ.

„მარიხუანასთან დაკავშირებით კანონში შესულ ცვლილებებზე ზუსტი განმარტებები მასწავლებლებს, განსაკუთრებით კი დამრიგებლებს არ აქვთ, შესაბამისად, ვერ აძლევენ მოსწავლეებს სრულყოფილ და სრულფასოვან განმარტებებს. ამიტომ, იურისტებისა და სპეციალისტების დახმარება აშკარად აუცილებელია.

ვინც დაინტერესებულია, ის ცდილობს მედიიდან მიიღოს ინფორმაცია და აუხსნას მოსწავლეებს რა ცვლილება განხორციელდა რეალურად კანონში – რომ შენახვა და მოხმარება საჯარო სივრცეში ისევ არის დასჯადი, მაგრამ როცა ეუბნები არ სჯერათ, იღიმიან“.

ბათუმის სასწრაფო დახმარების სამსახურში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მოსაწევის გამო მოზარდების გადაყვანის მინიმუმ სამი შემთხვევა დაფიქსირდა წელს. ერთ-ერთი გამოძახება ბათუმის მე-4 საჯარო სკოლიდან ჰქონდათ. „ერთიც, ექსკურსიაზე იყვნენ გასული მოსწავლეები და იქედან გადავიყვანეთ“.

მეოთხე სკოლის დირექტორი მარიხუანას მოხმარების ფაქტს უარყოფს და ამბობს, რომ „მოსწავლეს სხვა პრობლემა ჰქონდა“.

„ბათუმელები“ ბათუმის პირველ, მეორე და მე-13 საჯარო სკოლის დირექტორებსაც ესაუბრა. მათი თქმით, მოსწავლის მხრიდან მარიხუანას შენახვის ან მოხმარების ფაქტი არ გამოუვლენიათ, თუმცა მოზარდების ინფორმირების საჭიროებას ხედავენ.

„ზოგადად, ვამოწმებთ ხოლმე. აღმოგვიჩენია თამბაქოც და ისეთი ნივთიც, რომელიც სკოლისთვის შეუფერებელია, მაგრამ კონკრეტულად მარიხუანას აღმოჩენისთვის ჩხრეკა არ ჩაგვიტარებია“, – გვეუბნება პირველი სკოლის დირექტორი ნატალია მგელაძე.

დირექტორი გვეუბნება, რომ აპირებს არაფორმალური შეხვედრის მოწყობას სპეციალისტებთან, რომლებიც ამ თემაზე გაესაუბრებიან მოზარდებს. „დარწმუნებული ვარ, მოსწავლეებსაც აქვთ ბევრი კითხვა და ვერ ბედავენ, რომ დასვან“.

მეორე სკოლის დირექტორი მარიზა აბაშიძე ამბობს, რომ მარიხუანას მოხმარების ფაქტზე ინფორმაციას მის ყურამდე არ მიუღწევია, „თუმცა საშიშროება არსებობს. უფროსკლასელები, ძირითადად, სკოლის გარეთ ეწევიან ხოლმე“, – გვეუბნება ის.

მისი აზრით, იმისთვის, რომ მოზარდებმა მიიღონ სწორი ინფორმაცია, მარიხუანას თუ სხვა მოსაწევის უარყოფით მხარეებზე და ჯანსაღი ცხოვრების მნიშვნელობაზე, მათთან ხშირი საუბარი აუცილებელია.

მე-13 სკოლის დირექტორის, დავით ჩხაიძის თქმით, სკოლაში ჩხრეკაზე ორი პირია პასუხისმგებელი. ისინი მხოლოდ საეჭვო გარემოებების შემდეგ ამოწმებენ მოსწავლეებს. „თუმცა, მოწევის ფაქტი არ გამოვლენილა“.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის პირს აღარ ეკისრება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. თუმცა არსებობს კონკრეტული შეზღუდვები, მაგალითად, სასამართლომ განმარტა, რომ მარიხუანას მოხმარება დასჯადია, თუ მას მოიხმარენ სასწავლო-სააღმზრდელო დაწესებულებაში, ზოგიერთი სახის საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტში, არასრულწლოვანთა თანდასწრებით და ა.შ.

 

მთავარი ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: