მთავარი,სიახლეები

ქობულეთის მერიის უარი მოხუცებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ

22.10.2018 • 4506
ქობულეთის მერიის უარი მოხუცებს, რომლებიც თავშესაფარს ითხოვდნენ

თავშესაფრის მოწყობაზე ქობულეთის მერიამ მოხუცებს უარი უთხრა. ამ საკითხზე მომზადებული პეტიცია საკრებულომ განუხილველი დატოვა და პირდაპირ მერიის მოწოდებულ ინფორმაციას დაეყრდნო, სადაც წერია, რომ „თავშესაფრის მოწყობის საჭიროება ქობულეთში არ არსებობს“.

აჭარაში სადღეღამისო თავშესაფარი მოხუცებისთვის მხოლოდ ბათუმშია, სადაც მუდმივად მოხუცების რიგია. თავშესაფარში მოსახვედრად რიგში დგანან მოხუცები ქვეყნის მასშტაბითაც. გასული წლის ბოლოს ასეთი მოხუცი ოფიციალური მონაცემებით ასამდე იყო. დღეს, 22 ოქტომბერს, სოციალური მომსახურების სააგენტოში გვითხრეს, რომ ზუსტად 104 მოხუცი ითხოვს თავშესაფარს.

ორგანიზაცია „ღირსეული სიბერის“ მონაცემებით, 22 მოხუცი ითხოვდა თავშესაფარს ქობულეთში გასული წლის ბოლოს, როცა „ბათუმელებმა“ მოამზადა სტატია „გთხოვთ, მომათავსოთ თავშესაფარში“. მაშინ ჩვენ ქობულეთში კონკრეტულ მოხუცებს შევხვდით და ვესაუბრეთ. ისინი ღიად აფიქსირებდნენ თავშესაფარში მოთავსების სურვილს. 2017 წლის ზაფხულში ქობულეთის საკრებულოს თავშესაფრის მოწყობის პეტიციით „ღირსეულმა სიბერემ“ მიმართა. [ეს ორგანიზაცია ხანდაზმულთა ინტერესებს იცავს, თუმცა ამ დროისთვის ორგანიზაცია ვეღარ მუშაობს – ფინანსური მხარდაჭერის არქონის გამო.]

„ქობულეთის მერია ამ მოხუცებს არ იმჩნევს,“ – ასე აფასებს „ღირსეული სიბერის“ ხელმძღვანელი ნანა კალანდაძე პეტიციაზე ქობულეთის მუნიციპალიტეტის უარს.

„ჩვენ შევხვდით მირიან ქათამაძეს. ის დაგვპირდა პრობლემის შესწავლას, თუმცა არაფერი გამოვიდა… ჩვენ დაფინანსებასაც არ ვთხოვდით მერიას. საუბარი იყო შენობის გადმოცემაზე, თუნდაც სოფლად, სადაც მოვაწყობდით თავშესაფარს, გვექნებოდა ეზო… სოციალური სააგენტო თითო ბენეფიციარს დღეში 16 ლარს უხდის, ეს თანხა არაა საკმარისი, მაგრამ შესაძლებელი იყო ფასიანი მომსახურების შექმნაც პარალელურად. შენობის გადმოცემა კი არა, გვითხრეს, რომ საჭიროება არ არსებობსო. როგორც ჩანს, ხანდაზმულთა პრობლემა მაგათ ინტერესებში არ შედის, არ თვლიან აქტუალურად…

ბოლოს ხათუნა მამასახლისს შევხვდი, სოციალური სამსახურის უფროსს. მან მითხრა, რომ მხოლოდ 5 მოხუცზე დადასტურდა თავშესაფრის საჭიროება. ხუთიც რომ იყოს, რას პასუხობენ ამ მოხუცებს? ზოგადად, მოხუცების რაოდენობა ცვალებადია, ვისაც თავშესაფარი სურს. იმ 22 მოხუციდან ზოგი გარდაიცვალა, ზოგი ფსიქიატრიული საავადმყოფოს გერიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს, ზოგს ანასეულის თავშესაფარში რიგის მიხედვით მოუწია ადგილი და ზოგიც ისევ ელოდება. მთავარი პრობლემა არის ის, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი ამ მოხუცებს არ იმჩნევს,“ – გვითხრა ნანა კალანდაძემ.

„პრობლემატური თუა განთავსება, ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. პრობლემა თუ არ შექმნილა, საიდან უნდა ვიცოდე? სოციალური მომსახურების სააგენტომ დაბეჯითებით გვითხრა, რომ თუკი არსებობს ასეთი მოხუცი, მოხდება მისი განთავსება თავშესაფარშიო,“ – ამბობს ხათუნა მამასახლისი, ქობულეთის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი. თავშესაფრის პეტიციაზე ეს სამსახური მუშაობდა ქობულეთის მერიაში.

პეტიცია ქობულეთის საკრებულოში გასული წლის აგვისტოში შევიდა. მას შემდეგ, რაც ნახევარი წელი გავიდა და პეტიციის ავტორებმა პასუხი ვერ მიიღეს, საკრებულოს საჯარო ინფორმაციით მიმართეს.

„პასუხი მივიღეთ 2018 წლის მარტში,“ – გვიყვება არჩილ ხახუტაიშვილი, „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი დირექტორი. იგი თავშესაფრის პეტიციის ერთ-ერთი ხელმომწერი იყო. – „პასუხიდან ირკვევა, რომ საკრებულოს ინფორმაცია მერიიდან გამოუთხოვია, მერიას კი უპასუხია, რომ თავშესაფრის საჭიროება ქობულეთში არ არის. თავის მხრივ, მერიას ინფორმაცია სოციალური მომსახურების სააგენტომ მიაწოდა. სააგენტოს ინფორმაციით, მოხუცებმა, რომელთა მონაცემებიც „ღირსეულმა სიბერემ“ წარმოადგინა, უარი თქვეს თავშესაფარში მოთავსებაზე. საკრებულომ იმსჯელა თუ არა საერთოდ ამ პეტიციის შესახებ, წერილიდან არ ჩანს“.

არჩილ ხახუტაიშვილი პრობლემას ხედავს ადგილობრივი ხელისუფლების დამოკიდებულებაში – „საჭიროება არ დგას“. იგი რამდენიმე ვარიანტზე საუბრობს, რაც შესაძლებელია გაეკეთებინა მუნიციპალიტეტს არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად. „ცალკე მსგავსი თავშესაფრის მოწყობა და მისი დაფინანსება მუნიციპალიტეტს გაუჭირდებოდა, ალბათ, მაგრამ ესეც არ უთქვამთ. ეს რომ ეთქვათ, გასაგები იქნებოდა,“ – აღნიშნა არჩილ ხახუტაიშვილმა.

ქობულეთის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის მონაცემებით, მათ საბოლოოდ „ღირსეულმა სიბერემ“ 8 მოხუცის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

„სოციალური მომსახურების სააგენტომ შეისწავლა თითოეული შემთხვევა. ორი მათგანი მოთავსდა სამედიცინო ცენტრის გერიატრიულ განყოფილებაში, 4 არ მიეკუთვნებოდა თავშესაფრის მაძიებელთა კატეგორიას, დანარჩენ ორზე კი, რომლებსაც მართლა რეალურად სჭირდებოდა თავშესაფარი, უარი თქვეს, საბოლოო თანხმობა მათგან არ იყო…“, – გვითხრა ხათუნა მამასახლისმა.

სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ თავშესაფრებში, პირველ რიგში, ხვდებიან უსახლკარო, შშმ და სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე მოხუცები.

რას ნიშნავს ტერმინი „არ მიეკუთვნება თავშესაფრის მაძიებელთა კატეგორიას“? – სამსახურის უფროსის განმარტებით, ამ მოხუცებს არ სურდათ თავშესაფარში წასვლა. სოციალური მომსახურების სააგენტოში კი გვითხრეს, რომ ეს არასწორი ტერმინია. სააგენტოს ქობულეთის ორგანიზაციის უფროსის, თემურ ჭანტურიშვილის თქმით, მოხუცებმა თავშესაფარზე უარი თქვეს და კონკრეტული მოთხოვნების დაკმაყოფილება სააგენტოს არ მოუთხოვია.

„მხოლოდ ერთმა მოხუცმა დააფიქსირა, რომ წავა თავშესაფარში, თუკი ის ქობულეთში მოეწყობა, სხვაგან არსად… რეალურად მათ შესაძლოა სჭირდებათ ეს თავშესაფარი, მაგრამ უარს ამბობენ. თუ უარზეა, ძალით ვერაფერს იზამ“, –  ამბობს თემურ ჭანტურიშვილი.

თქვეს თუ არა რეალურად უარი მოხუცებმა თავშესაფარში მოთავსებაზე? – პეტიციის ავტორებს მოხუცები აღარ უნახავთ. „ღირსეული სიბერის“ თანამშრომელი, მარი ჟღენტი ვარაუდობს, რომ შესაძლოა მოხუცებმა სხვა ქალაქებში მდებარე თავშესაფრებზე თქვეს უარი.

„რეალურად მოხუცების უმრავლესობას სურს, რომ თავისივე ქალაქში დარჩეს. ამიტომაც მოვითხოვეთ ჩვენ თავშესაფარი ქობულეთში. მე უახლოეს დღეებში ვაპირებ ამ მოხუცების მონახულებას. არ მჯერა, რომ მათ თავშესაფარზე უარი თქვეს,“ – გვითხრა მარი ჟღენტმა.

რატომ ითხოვეს მოხუცებმა თავშესაფარი არასამთავრობო ორგანიზაციასთან და რატომ უთხრეს უარი სახელმწიფო ორგანიზაციას? ხათუნა მამასახლისი, ქობულეთის მერიის სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი: „მე გეტყვით ერთ შემთხვევას – ბაბუა იყო და ოჯახის წევრებთან ჰქონდა კონფლიქტი, მას ცოლის შერთვა სურდა. შემდეგ ამოიწურა ეს კონფლიქტი და უარი თქვა თავშესაფარზე. დანარჩენი სააგენტოს ჰკითხეთ…“

თემურ ჭანტურიშვილი, სოციალური მომსახურების სააგენტოს ქობულეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელი: „მე არ ვიცი, რა თქვეს მოხუცებმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან. ჩვენ მოგვაწოდეს სია, მივიდნენ სოციალური მუშაკები ადგილზე და თქვეს უარი…“

სად მოათავსებს ქობულეთი მოხუცებს, თუკი ისინი თავშესაფარში მოთავსების სურვილს გამოხატავენ? – თემურ ჭანტურიშვილმა ამ კითხვაზე გვიპასუხა, რომ მიმართავს ცენტრალურ ფილიალს და ადგილი გამოიძებნება.

რატომ არ იმსჯელა საკრებულომ მოხუცებისთვის ქობულეთში თავშესაფრის მოწყობაზე? – დავით მჭედლიშვილს, საკრებულოს თავმჯდომარეს არ ახსოვს, თქვა თუ არა ამ საქმის განხილვაზე უარი საკრებულომ. „გადავამოწმებ, დავაზუსტებ და გეტყვით“, – გვითხრა მან, თუმცა შემდეგ ჩვენს სატელეფონო ზარს აღარ უპასუხა.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: