ექიმების საპროტესტო აქცია „რესპუბლიკურში“ – „საავადმყოფოს გასხვისებას აპირებენ“ 

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ეზოში ექიმებმა საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი აჭარის მთავრობისგან ითხოვენ პასუხს ამ საავადმყოფოს ახალ შენობაზე, რომლის აპარატურისა და ინვენტარის შესაძენად ბიუჯეტში თანხა ისევ არ არის გათვალისწინებული.

ბათუმში, რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ახალი კლინიკის მშენებლობა 2018 წლის 18 მაისს უნდა დასრულებულიყო. შემდეგ ეს ვადა 31 აგვისტომდე გადაწიეს. კლინიკის მშენებლობა ამ დრომდე გრძელდება. დღემდე აჭარის ბიუჯეტში ახალი კლინიკის აპარატურის შესაძენად, რაც დაახლოებით 20 მილიონი აშშ დოლარი დაჯდება, გათვალისწინებული არ არის.

„ჩვენ სამი დღის წინ შევეხმიანეთ აჭარის ჯანდაცვის მინისტრს და ვუთხარით, რომ თუკი არ მივიღებდით პასუხს, მივმართავდით საპროტესტო აქციას. არავითარი პასუხი არ მიგვიღია. მანამდე ჩვენ შევხვდით თორნიკე რიჟვაძეს, გვითხრა, კონკრეტული წინადადებით მოვალო და როცა მოვიდა ჩვენთან ორი კვირის წინ, იგივე გაიმეორა, თანხას ვეძებო. თუ აღჭურვისთვის ფული არ იყო, რატომ დაიწყეს ახლის მშენებლობა?“ – კითხულობს „ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ექიმი, ბენო ჭელიძე. მისი თქმით, ექიმებმა ამჯერად გამაფრთხილებელი აქცია მოაწყვეს, ხოლო თუკი ბიუჯეტში თანხა კლინიკის აღჭურვისთვის არ გაჩნდება, ექიმები მასშტაბურ აქციას მოაწყობენ.

საავადმყოფოში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალს ეჭვი აქვს, რომ მიზანმიმართულად არ გამოყოფს თანხას აპარატურისთვის ხელისუფლება.

„სხვაგვარად, არგუმენტები, რომლებიც მოჰყავს ხელისუფლებას, ლოგიკას ვერ უძლებს… ეს დაახლოებით იგივეა სახლის რემონტი დაიწყო და სახურავი ან წყალგაყვანილობა არ გაითვალისწინო. ხელისუფლება ამბობს, რომ არ ასხვისებენ ამ საავადმყოფოს და ეს მათი პრესტიჟის საქმეა. ფაქტია, რომ ან გადაწყვეტილებებს ვერ იღებენ, ან რაღაც უშლით ხელს. ფაქტია ისიც, რომ მრავალპროფილური და კარგად აღჭურვილი სახელმწიფო საავადმყოფო ნებისმიერი კერძო კლინიკისთვის არის კონკურენტი,“ – გვითხრა ექიმმა გიორგი დიასამიძემ.

„მე მაქვს ეჭვი, რომ „ევექსს“ აქვს ყელში გაჩხერილი ეს ახალი კლინიკა,“ – ამბობს ექიმი ბენო ჭელიძე. მისი აზრით, ეს კლინიკა ცდილობს „რესპუბლიკურის“ შეძენას, რადგან ახალი, სახელმწიფო კლინიკა სამედიცინო პერსონალის ხელფასებზე, ასევე, სამედიცინო მომსახურების ტარიფებზე აისახება.

„მათ ჰყავთ ლობი ამირან გამყრელიძის სახით… ამ სქემის მონაწილეა ჩვენი კლინიკის დირექტორი და აჭარის ჯანდაცვის მინისტრიც. კლინიკის აპარატურისთვის ჯერ კიდევ შარშან უნდა გამოეყოთ ფული და წელსაც არ დებენ. დავით სერგეენკოც იძახის, რომ ეს იქნება სახელმწიფო საავადმყოფო, მოვიდა და ჩუმად დაათვალიერა. არ უნდა მოეკითხა, სად არის ტექნიკის ფულიო?“ – აღნიშნა ბენო ჭელიძემ.

„ამ მდგომარეობის მიუხედავად, ჩვენ მაინც ვინარჩუნებთ კლიენტებს. მგონი, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ეს საავადმყოფო საჭიროა. მაშინ გაგვაგებინოს ვინმემ, რა ხდება“, – კითხულობს ექთანი მერი ბერიძე.

ექიმების საპროტესტო აქციაზე საავადმყოფოს დირექტორი არ გამოჩენილა. მალხაზ ხალვაშმა გვითხრა, რომ ის მხოლოდ დაქირავებული მენეჯერია და ახალი ინფორმაცია აპარატურის შეძენაზე მთავრობიდან არ აქვს.

საპროტესტო აქციას პასუხი არც აჭარის მთავრობამ გასცა. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პრესცენტრის ინფორმაციით, მათ ექიმებს ბოლო ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ მიაწოდეს და ამ თემაზე ახალს ვერაფერს იტყვიან.

ექიმებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჯანდაცვის მინისტრთან ერთად 29 სექტემბერს დახურულ კარს მიღმა შეხვდა. ექიმების თქმით, მაშინ თორნიკე რიჟვაძე ექიმებს აპარატურის შესაძენად შესაბამისი თანხის მოძიებას დაჰპირდა.

„ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს“ ახალი შენობა

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი