კითხვებს მხოლოდ სულიკო თებიძე დასვამს, დისკუსია არ იქნება – „ღია კარი“ ბათუმის საკრებულოში

„ღია კარის“ სხდომა ბათუმის საკრებულოში ხვალ, 19 ოქტომბერს, გაიმართება. სხდომაზე მხოლოდ ის მოქალაქეები ისაუბრებენ 5-5 წუთით, ვინც რეგიტრაცია უკვე გაიარეს. სხდომაზე კითხვებს მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე დასვამს. „ღია კარის“ სხდომა დისკუსიის გარეშე ჩაივლის.

რატომ შეარჩია ბათუმის საკრებულომ „ღია კარის“ სხდომის ეს ფორმატი?

„ღია კარის“ სხდომას გაუძღვება საკრებულოს თავმჯდომარე საკრებულოს რეგლამენტის 103-ე მუხლში გაწერილი პროცედურისა და ფორმატის შესაბამისად, კერძოდ: მოქალაქეს გამოსვლისთვის მიეცემა არა უმეტეს 5 წუთისა და მისი სხდომაში მონაწილეობის რიგითობა განსაზღვრული იქნება განცხადების შემოტანის რიგითობის მიხედვით; მოქალაქეების მიერ დასმულ საკითხებზე დებატები არ გაიმართება. მოქალაქისთვის კითხვის დასმის უფლება ექნება მხოლოდ სხდომის თავმჯდომარეს, ისიც საკითხის დაზუსტების მიზნით,“ – აღნიშნულია ბათუმის საკრებულოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე ინფორმაციის მიხედვით, „ღია კარის“ ეს ფორმატი მოქალაქეებს საშუალებას მისცემს, თავიანთი წინადადებები ერთდროულად გააცნონ როგორც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს. 24 მოქალაქის მიერ დასმულ საკითხებს საკრებულო მორიგ სხდომაზე განიხილავს.

კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საკრებულოს საჯაროობის და ანგარიშვალდებულების პრინციპის დაცვას ავალდებულებს. ირღვევა თუ არა კანონი, როცა საკრებულო „ღია კარის“ სხდომას კითხვების დასმის და დისკუსიის გარეშე მართავს? – მირზა მამულაძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი მიიჩნევს, რომ კანონი ფორმალურად დაცულია, მაგრამ ირღვევა მოსახლეობის ჩართულობის, საჯაროობის და ანგარიშვალდებულების პრინციპი.

„საჯაროობის პრინციპის იგნორირება ხდება… რეგლამენტი ფორმალურად დაცულია ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ რეგლამენტის ეს დათქმა ზღუდავს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ანგარიშვალდებულების და საჯაროობის პრინციპს მოსახლეობის წინაშე,“ – ამბობს საია-ს იურისტი მირზა მამულაძე.

როგორ უნდა მოქცეულიყო საკრებულო, რომელმაც ამ შემთხვევაში რეგლამენტის დაცვა არჩია. ხომ არ მიედავებოდნენ საკრებულოს კანონის დარღვევას, თუკი იგი „ღია კარის“ სხდომაზე კითხვების დასმას და დისკუსიას დაუშვებდა?

მირზა მამულაძე განმარტავს, რომ საკრებულოს ნებისმიერ დროს შეუძლია რეგლამენტის შეცვლა, რომელიც ზემდგომ კანონს და მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპულ ქარტიას ეწინააღმდეგება. იურისტის თქმით, საკრებულო კანონს არ დაარღვევდა და პირიქით დაიცავდა, თუკი არსებული რეგლამენტის მიუხედავად, ფართო დისკუსიას მოაწყობდა.

„საკრებულოს შეეძლო ეხელმძღვანელა თვითმმართველობის ევროპული ქარტიით, კონსტიტუციით… ამ შემთხვევაში კანონის დაცვას ექნებოდა ადგილი. თვითმმართველობის კოდექსი საჯაროობის და ანგარიშვალდებულების პრინციპზე დგას“, – გვითხრა მირზა მამულაძემ.

რატომ ამჯობინა საკრებულომ რეგლამენტის დაცვა და კანონით გათვალისწინებული მოსახლეობის ჩართულობაზე ორიენტირებული პრინციპების უგულებელყოფა? – ეს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე სულიკო თებიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი