მთავარი,სიახლეები

ბავშვთა სახლის აღმზრდელი: დირექტორი ფარულად ჩავწერე, როცა მიყვირა სამსახურიდან წადიო

18.10.2018 • 5762
ბავშვთა სახლის აღმზრდელი: დირექტორი ფარულად ჩავწერე, როცა მიყვირა სამსახურიდან წადიო

„დირექტორი მაიძულებდა განცხადება ჩემი ნებით დამეწერა და სამსახურიდან წამოვსულიყავი… ხათუნა ჯავახაძემ ყვირილი დაიწყო, სამსახურიდან წადიო. მერე სხვა აღმზრდელები შემოიყვანა, აუხსენით ამას ერთი, რა უნდა ქნასო,“ – ამას ჯილდა გოგმაჩაძე ყვება. დღემდე იგი კიევის ყოფილი მერის, მილიარდერი ბიზნესმენის „ჩერნოვეცკის ფონდის ქობულეთის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის“ აღმზრდელად ოფიციალურად მუშაობს.

ბავშვთა სახლის დირექტორის წინააღმდეგ ჯილდა გოგმაჩაძემ სარჩელი ბათუმის საქალაქო სასამართლოში უკვე შეიტანა. იმავდროულად აღმზრდელმა ფარული ჩანაწერი პროკურატურას მიაწოდა და გამოძიების დაწყება ითხოვა. ამ დროისთვის წინასაგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, სასამართლოში კი „ჩერნოვეცკის ფონდის სკოლის საქმე“ მოსამართლე გოჩა ფუტკარაძეს დააწერეს. მას საქმის განხილვა ჯერ არ დაუწყია.

„აღარ მინდოდა სამსახურში მისვლა და იმ თანამშრომლებისთვის თვალებში ჩახედვა, რომლებმაც ახლახანს წერილს მოაწერეს ხელი, თითქოს ბუნტს და დისკომფორტს ვაწყობდი… ბიულეტენი ავიღე, ახლა გაფიცვის უფლებით ვსარგებლობ და არ მივდივარ“, – ამბობს ჯილდა გოგმაჩაძე.

„ამ სატელეფონო ჩანაწერით ჩანს პირის იძულება, საკუთარი ინიციატივით დატოვოს თანამდებობა…. ეს სისხლის სამართლის დანაშაულია და მე როგორც ვიცი, უკვე მიმდინარეობს წინასაგამოძიებო მოქმედებები. მე, როგორც ადვოკატს, ჯილდა გოგმაჩაძემ მაშინ მომმართა, როცა კრებაზე უთხრეს, რომ საქმეს კარგად ვერ აკეთებს და დაბალ პოზიციაზე უნდა გადავიდეს. ჯილდას ვურჩიე, რომ მორიგ შეხვედრაზე საუბარი ტელეფონით ჩაეწერა. კანონი უშვებს გამონაკლისს, როცა უფლებების დარღვევის დადასტურება სხვა მტკიცებულებით შეუძლებელია. არსებობს შესაბამისი საოქმო ჩანაწერი ამ ფარულ ჩანაწერზე. მე ეს ჩანაწერი პროკურატურას ჩავაბარე, მისი გასაჯაროვების უფლება არ მაქვს,“  – უთხრა „ბათუმელებს“ ადვოკატმა ნატო გოგმაჩაძემ, იგი ჯილდას ინტერესებს იცავს სასამართლოში.

„ჩანაწერში ისმის დირექტორის ხმა, რომელიც მშვიდად მეუბნება, რომ აჯობებს ჩემი ნებით დავტოვო თანამდებობა. ვერ მეუბნება, რატომ“ – გვიყვება ჯილდა გოგმაჩაძე. – „მე ვეუბნები, რომ თუ რამეს თავს ვერ ვართმევ, დაწეროს ბრძანება და გამათავისუფლოს. მერე იწყებს ყვირილს და შემოჰყავს სხვა ორი აღმზრდელი… მერე იმ ერთ-ერთ აღმზრდელსაც უყვირის, ვინც ჩემი რეკომენდატორი იყო, ეს ვინ მომიყვანე პროვოკატორი, სასამართლოში მიპირებს ჩივილსო“.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, პირის იძულება – დაწეროს განცხადება საკუთარი ინიციატივით სამუშაოდან გათავისუფლებაზე, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით 2 წლამდე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით 3 წლამდე ვადით, ან უამისოდ.

სასამართლოში ბავშვთა სახლის აღმზრდელი – ჯილდა გოგმაჩაძე სამოქალაქო წესით ითხოვს ზეწოლის შეწყვეტას, ასევე ამ სახლის დირექტორის – ხათუნა ჯავახაძის მიერ ხელმოწერილი  ბრძანების ბათილად მიჩნევას. საუბარია ბრძანებაზე, რომლითაც ჯილდა გოგმაჩაძეს საყვედური გამოუცხადეს – კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირისთვის გადაცემისთვის.

„როცა ურთიერთობა გართულდა, ადვოკატს დროდადრო ვაცნობდი სიტუაციას, რაც ხდებოდა. ადვოკატს ასევე ვაჩვენე ჩემი წერილობითი ანგარიში, რასაც სახლის აღმზრდელები ყოველდღიურად ვწერთ და დირექციას ვაბარებთ. ეს ჩამითვალეს კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემად.

რეალურად კონფლიქტის მიზეზი დაუმორჩიელობა და პროტესტი იყო. ხათუნა ჯავახაძე მონურ მორჩილებას ითხოვს ყველა თანამშრომლისგან, მას ძირითადად ხვეწნა-მუდარით ესაუბრებიან, მე ეს არ შემეძლო… რადგან ეს ვერ დაინახა ჩემში, ამომიჩემა.

მასთან უშუალოდ სიტყვიერი კონფლიქტი არასდროს მქონია, უბრალოდ ვაპროტესტებდი იმას, რომ აღმზრდელების უფლებები ირღვეოდა. ბავშვთა სახლში სამუშაოდ აპრილში მივედი გამოსაცდელი ვადით, ივლისში კი ვადიანი ხელშეკრულება გამიფორმა,“ – ამბობს ჯილდა გოგმაჩაძე.

ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ კლიენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვა ადვოკატის ვალდებულებაა. „ჯერ ერთი მე მაქვს ოფიციალური მინდობილობა, რომ მისი ადვოკატი ვარ. ასე თუ ვერაფერი გაიგო ადვოკატმა, რა უნდა დაიცვას?“ – კითხულობს ის.

ადასტურებს თუ არა ბავშვთა სახლის დირექტორი თანამშრომელზე ზეწოლას, ან რატომ ჩათვალა მან ადვოკატისთვის ინფორმაციის გაზიარება კონფიდენციალური ინფორმაციის გაცემად? – ეს ხათუნა ჯავახაძისთვის გვინდოდა გვეკითხა, თუმცა მან მოკლედ გვითხრა, რომ კითხვებს არ უპასუხებს და სასამართლო პროცესს უნდა დაველოდოთ.

„ჩერნოვეცკის ფონდის ქობულეთის ბავშვთა სახლის“ ინტერესებს სასამართლოში ადვოკატი ვაჟა ხახუტაიშვილი იცავს. იურისტი ბავშვთა სახლის შინაგანაწესის დარღვევაზე საუბრობს და განმარტავს, რომ ადვოკატსაც კი არ აქვს უფლება გაიგოს ის ინფორმაცია, რის გაცემაც შინაგანაწესით მესამე პირისთვის შეზღუდულია.

„რეალურად უნდა მოეთხოვა ადვოკატს ინფორმაცია დირექტორისთვის და თუ იგი უარს ეტყოდა, მაშინ უკვე სასამართლოს თანხმობით იქნებოდა შესაძლებელი მისი მიღება…“ – გვითხრა ვაჟა ხახუტაიშვილმა.

ადვოკატის თქმით, იგი ფარული ჩანაწერის შესახებ ინფორმირებული არ არის და ამ ეტაპზე საქმის ყველა დეტალს არც იცნობს. ვაჟა ხახუტაიშვილის აზრით, აღმზრდელი ემოციურად მიუდგა გამოცხადებულ საყვედურს და პრობლემა მხოლოდ ამან შექმნა.

„რეალურად არავის უნდა მისი სამსახურიდან გაშვება… საყვედური და შენიშვნები აქვს გამოცხადებული სხვა თანამშრომლებსაც და ამ მტკიცებულებებს ჩვენ წარმოვადგენთ სასამართლოში. რეალურად თანაბარ პირობებშია ყველა და არ ჩანს დისკრიმინაციული მოპრობა. მე როგორც ვიცი, პირიქით, ეს თანამშრომელი ემუქრებოდა დირექტორს და სამი თვის ხელფასს ითხოვდა, მომეცით და წავალ, თორემ გიჩივლებთ და ჟურნალისტებსაც მოვიყვანო… სანამ ორივე მხარეს არ მოვუსმენ, მე დასკვნებს წინასწარ ვერ გავაკეთებ,“ – გვითხრა ვაჟა ხახუტაიშვილმა.

სასამართლოსთვის მიმართვის პარალელურად, ადვოკატ ნატო გოგმაჩაძეს სოციალური მომსახურების სააგენტოსთვისაც მიუმართავს.

„ბავშვთა სახლის ადმინისტრაციამ წარმოადგინა სასამართლოში შესაგებელი და მტკიცებულებები. აქ არის ოქმები, რომ, მაგალითად, კონკრეტული აღმზრდელი ფსიქოლოგიურად ძალადობდა ბავშვზე, ასევე სანიტარული ნორმების დარღვევებზე, რაზეც აღმზრდელებს შენიშვნები მისცეს… ამ მასალებში არ ჩანს ჯილდას კონკრეტული სამართალდარღვევა. როგორც ჩანს, ეს მასალები წარმოადგინეს იმის საჩვენებლად, რომ სხვებსაც ჰქონდათ შენიშვნა და საყვედური, მაგრამ მე მაინტერესებს, ვინ დაიცვა იმ ბავშვის ინტერესი, ვისზეც აღმზრდელი ძალადობდა? ამ მასალებიდან არ ჩანს, რა რეაგირება მოჰყვა ამას,“ – ამბობს ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე.

აღმზრდელი სასამართლოში მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ვადასაც გააპროტესტებს. გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, ბავშვთა სახლის დირექციამ ჯილდა გოგმაჩაძესთან ექვსთვიანი ხელშეკრულება გააფორმა. ადვოკატი ნატო გოგმაჩაძე კი ამბობს, რომ გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემთხვევაში გაფორმებული ვადიანი ხელშეკრულების ყველაზე მცირე დრო ერთი წელია.

„6 თვეს მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ითვალისწინებს კანონი, რა მოცემულობაც აქ არ იყო,“ – დასძენს ადვოკატი.

ფონდმა – „სოციალური პარტნიორობა“ ქობულეთში პირველი საბავშვო პანსიონი 2014 წელს გაიხსნა. მაშინ ეს ფაქტი 51-მა არასამთავრობომ გააპროტესტა, რადგან პანსიონს არ ჰქონდა შესაბამისი ლიცენზია. 2015 წელს ბავშვთა პანსიონი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ დააჯარიმა. დაჯარიმების მიზეზი იყო არალიცენზირებული საქმიანობა პანსიონის მხრიდან. ბოლო წლებში ეს პანსიონი საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლად გადაკეთდა.

ქობულეთის სოციალური მომსახურების სააგენტოში ამბობენ, რომ საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლს ეს უწყება უწევს ზედამხედველობას. სააგენტოს ხელმძღვანელს ვკითხეთ თუ არის ინფორმირებული, რომ რამდენიმე თვის წინ ამ საოჯახო ტიპის სახლში ბავშვზე იძალადეს [ეს ჩანაწერი გვხვდება სასამართლოში წარდგენილ მასალებში]. თემურ ჭანტურიშვილი ამბობს, რომ ბავშვზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია მათთვის არ მიუწოდებიათ.

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: