მთავარი,სიახლეები

„ვირუსმა ზნე შეიცვალა და მუტაცია განიცადა?“ – მოსამართლე გეი კაცების დონორობის შეზღუდვაზე

16.10.2018 • 2356
„ვირუსმა ზნე შეიცვალა და მუტაცია განიცადა?“ – მოსამართლე გეი კაცების დონორობის შეზღუდვაზე

„თუ ესაა თქვენი პასუხი, სასამართლო ჩათვლის, რომ არგუმენტაცია არ გაქვთ,“ – ეს მოსამართლე თემურ ტუღუშმა დღევანდელ პროცესზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს, ბექა პატარაიას უთხრა. მოსამართლის გაღიზიანებამდე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა თქვა: „10 წელი როგორი დიდიც არ უნდა იყოს, ეს მაინც არაა სამუდამო აკრძალვა“.

10 წელი ის ვადაა, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ადგენს შეზღუდვის სახით. მინისტრის ბრძანების მიხედვით, სექსუალური კონტაქტიდან 10 წლის განმავლობაში გეი მამაკაცებს სხვებისთვის სისხლის გადასხმას ეკრძალებათ. მოტივი შემდეგია: მამაკაცები, რომლებსაც ერთმანეთთან სექსი აქვთ, ვირუსული დაავადების რისკის მაღალ ჯგუფს მიეკუთვნებიან.

საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დღეს, 16 ოქტომბერს, ლევან ბერიანიძის და გოჩა გაბოიძის სარჩელი განმწესრიგებელ სხდომაზე განიხილა. მოსამართლეებმა მხარეებს უკვე მოუსმინეს. ჯერ გადაწყვეტილი არაა, განიხილება თუ არა სარჩელი არსებითად.

„შეზღუდვის ხანგრძლივობა არის არაგონივრული. ის არღვევს თანასწორობის პრინციპს, ასევე პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას,“ – მიიჩნევს გიორგი გოცირიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტი. იგი საკონსტიტუციო სასამართლოში მოსარჩელეების ინტერესებს იცავს.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება, რომლის არაკონსტიტუციურად ცნობას მოსარჩელეები ითხოვენ, 2000 წელს არის მიღებული. მას შემდეგ ბრძანება არაერთხელ გასაჩივრდა საკონსტიტუციო სასამართლოში. 2004 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ტერმინი „ჰომოსექსუალი“ ბრძანებაში არ უნდა ეწეროს. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ უვადო შეზღუდვა, რასაც ბრძანების თავდაპირველი ვარიანტი ითვალისწინებდა, გონივრული არ იყო, რადგან თუკი მამაკაცი მამაკაცთან სქესობრივი კონტაქტის შედეგად დაავადდა, ვირუსი ერთი წლის განმავლობაში გამოვლინდებოდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, მინისტრის ბრძანებაში „ჰომოსექსუალი“ გაქრა და მის ნაცვლად „მამაკაცებს შორის სქესობრივი კავშირი – მსმ“ გაჩნდა. ჯანდაცვის სამინისტრომ ბრძანებიდან ასევე ამოიღო სიტყვა „უვადოდ“ და მის ნაცვლად „10 წელი“ ჩაწერეს. მოსარჩელეების აზრით, ეს დისკრიმინაციული მიდგომაა, რადგან, მაგალითად, ჰეტეროსექსუალი ადამიანისთვის მსგავსი შეზღუდვა მხოლოდ ერთ წელს გრძელდება.

„მაშინ საკონსტიტუციო სასამართლო დაეყრდნო ექსპერტების პოზიციებს. მათ თქვეს, რომ 12 თვე არის მაქსიმალური დრო… ახლა რა შეიცვალა? რას დაეყრდნო ჯანდაცვის სამინისტრო, როცა 10 წელი ჩაიწერა? ვირუსმა ზნე შეიცვალა და მუტაცია განიცადა, თუ რა ხდება?“ – იკითხა მეორე კოლეგიის თავმჯდომარე თემურ ტუღუშმა.

„ვიცოდი, რომ ეს იქნებოდა მთავარი შეკითხვა… ჩვენი არგუმენტაცია მიემართება ადამიანების ჯანმრთელობისკენ. ჩემი კოლეგა გიპასუხებთ,“ – მოკლედ თქვა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, ბექა პატარაიამ და ტრიბუნა ბაბილინა თურქიას დაუთმო.

„არათუ 10 წლით, უვადოდ აკრძალვას მოვითხოვთ,“ – მიმართა მოსამართლეებს ბაბილინა თურქიამ. მისი თქმით, თავის დროზე ექსპერტებმა ზოგადი ინფორმაცია მიაწოდეს სასამართლოს იმის შესახებ, რომ ერთ წელიწადში შესაძლებელია სექსუალური კონტაქტის შედეგად შეძენილი დაავადების გამოვლენა.

„არ არსებობს ზუსტი მტკიცებულება, ან სამეცნიერო კვლევა იმის შესახებ, რომ ერთ წელში მთავრდება საშიშროება…“ – თქვა ბაბილინა თურქიამ.

„გამოდის, ზეწოლა იყო ექსპერტებზე?“ – იკითხა მოსამართლე მანანა კობახიძემ.

„არა, უმრავლეს შემთხვევაში გამოვლენის ვადა არის ერთი წელი, მაგრამ ეს რისკს არ გამორიცხავს… ეს კონკრეტული სექსუალური ქცევა გამოირჩევა მაღალი რისკით, 44-ჯერ მაღალია,“ – უპასუხა მოსამართლეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა.

„სპეციალისტებმა თქვეს, რომ გამოვლენის მაქსიმალური ვადა არის 12 თვე. ათჯერ უფრო ხანგრძლივი ვადა როცა წესდება, ცოტა მეტი დასაბუთება სჭირდება ამას,“ – დასძინა მოსამართლე ირინე იმერლიშვილმა.

ბაბილინა თურქიას პოზიციები სასამართლო პროცესზე ურთიერთგამომრიცხავი აღმოჩნდა. ერთ შემთხვევაში მან თქვა, რომ სექსუალური კავშირიდან 30 წლის შემდეგაც არსებობს დაავადების გამოვლენის რისკი. დისკუსიის ბოლოს კი, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა მოსამართლე თემურ ტუღუშთან საუბრის დროს რისკები 8 წლამდე შეამცირა.

„სექსუალური კავშირიდან 8 წლის შემდეგაც შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ადამიანი დაავადებულია?“ – იკითხა თემურ ტუღუშმა

„არა, 8 წლის შემდეგ აღარ…“ – თქვა ბაბილინა თურქიამ.

„ამას გეკითხებოდათ სასამართლო… თქვენი თქმით ახლა გამოდის, რომ რვა წლის შემდეგ დაავადება ვეღარ გამოვლინდება. მაშინ რის გამო უნდა იყოს 10 წელი?“ – ისევ სცადა სიტუაციაში გარკვევა მოსამართლე თემურ ტუღუშმა. ბაბილინა თურქიამ აქ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ერთმანეთთან სექსუალური კავშირის მქონე მამაკაცების რისკის ჯგუფი მაღალია და ის უვადო შეზღუდვის დატოვების მომხრეა.

ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უხერხულობა საია-ს იურისტმა, გიორგი გოცირიძემაც შეუქმნა. ბაბილინა თურქიას თქმით, აშშ-სა და გერმანიაში უვადო შეზღუდვა არსებობს სისხლის დონაციის დროს.

„შეზღუდვა სხვადასხვა ვადით აქვთ ევროკავშირის სხვა ქვეყნებსაც… ჩვენ ახალს არაფერს ვამბობთ,“ – აღნიშნა ბაბილინა თურქიამ. მას მოსამართლე თემურ ტუღუშმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა წარმოდგენილი შესაბამისი მტკიცებულებები. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა უარის ნიშნად თქვა: „არა“.

„ამერიკის შეერთებულ შტატებში, ასევე გერმანიაში მხოლოდ ერთწლიანი შეზღუდვა არსებობს,“ – ამბობს გიორგი გოცირიძე, მოსარჩელეების ინტერესების დამცველი. მისი ინფორმაციით, ევროკავშირის ზოგიერთ ქვეყანაში უფრო ხანგრძლივი ვადებიც არსებობს დონაციის შეზღუდვებზე, თუმცა ტენდენცია ამ ვადების შემცირებისკენაა მიმართული.

„უვადო შეზღუდვა არსებობდა ლუქსემბურგშიც, თუმცა იგი ლუქსემბურგის სასამართლომ გაუმართლებლად მიიჩნია,“ – დასძინა გიორგი გოცირიძემ.

საია-ს იურისტის მონაცემებით მსგავსი შეზღუდვა ყველაზე მცირე დროით – 6 თვით დიდ ბრიტანეთს აქვს. „იქ არსებული სკრინინგის პროგრამა იძლევა დაავადების დროულად გამოვლენის შესაძლებლობას,“ – თქვა მან.

როგორ ხდება პრაქტიკაში სისხლის გადასხმის დროს იმის გარკვევა, რა სექსუალური ორიენტაციის მქონეა ადამიანი, ან როდის ჰქონდა მას უკანასკნელად სექსი? – ორივე მხარეს ამ კითხვაზე ერთი პასუხი აქვს: „ეს ადამიანის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული“.

გადაბეჭდვის წესი