სამშენებლო მასალების ხარისხის კონტროლი 15 ნოემბრიდან მკაცრდება

საქრთველოს მთავრობამ სამშენებლო პროდუქტების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი დაამტკიცა, რომელიც 2018 წლის 15 ნოემბრიდან შედის ძალაში. რეგლამენტი ეხება ცემენტს, არმატურას, ელექტროკაბელებსა და პლასტმასის მილებს. აღნიშნული პროდუქტების ხარისხი 15 ნოემბრიდან უნდა აკმაყოფილებდეს მხოლოდ ევროსტანდარტების მოთხოვნებს. სტანდარტების დასახელებას საქართველოს სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო დაადგენს.

„სხვადასხვა სტანდარტები ძირითადად დადგენილია და დღეს არის არჩევანის საშუალება – შეგიძლია ამა თუ იმ სტანდარტის პროდუქცია შემოიტანო ან აწარმოო. რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ კი აღნიშნული სამშენებლო მასალები მხოლოდ იმ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომელიც უახლოეს დღეებში იქნება დადგენილი და დამტკიცებული. ეს იქნება, ძირითადად, ევროპული სტანდარტები“ – გვითხრეს სააგენტოში.

მწარმოებელი, იმპორტიორი თუ დისტრიბუტორი ვალდებულია, ბაზარზე განათავსოს მხოლოდ ის სამშენებლო პროდუქტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით დადგენილ მოთხოვნებს ან ამ პროდუქტისთვის დადგენილ ევროპული ტექნიკური შეფასების მოთხოვნებს.

პროდუქტს თან უნდა ახლდეს ინსტრუქციები და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ინფორმაცია. ასეთი პროდუქტის ბაზარზე განთავსებამდე კი მწარმოებელმა უნდა შეადგინოს სამშენებლო პროდუქტის თვისებების დეკლარაცია. მწარმოებელი ასევე ვალდებულია პროდუქტზე ნიშანდებაც დაიტანოს.

ტექნიკური რეგლამენტით, 2018 წლის 15 ნოემრიდან:

  • შემოსავლების სამსახური ვალდებულია, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ისეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება, რომელზეც არ იქნა წარმოდგენილი სტანდარტების მოთხოვნებთან შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი და აღნიშნულის შესახებ აცნობოს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს;
  • შემოსავლების სამსახური იმპორტიორს განუსაზღვრავს ნაკლოვანებათა აღმოფხვრის/უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების ექვსი სამუშაო დღის ვადას. განსაზღვრულ ვადაში ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, იმპორტიორის ხარჯით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული განკარგვის ღონისძიებები.
  • იმ შემთხვევაში, თუ შემოსავლების სამსახური ფლობს ინფორმაციას პროდუქტთან დაკავშირებული შესაძლო შეუსაბამობის ან/და დადასტურებული საფრთხის შესახებ, უფლებამოსილია, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს სააგენტოს და ასეთ შემთხვევაში გააჩეროს და არ დაუშვას იმპორტის გზით ასეთი სამშენებლო პროდუქტის საქართველოს ბაზარზე განთავსება.

ბაზარზე ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ პროდუქტებზე ზედამხედველობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს დაევალა. სააგენტო უფლებამოსილია ასევე საქართველოს საბაჟო კონტროლის ზონაში აიღოს პროდუქტის ნიმუში, მისი შესაბამის აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოცდის მიზნით. შესაბამისი ეკონომიკური ოპერატორი ვალდებულია, ითანა­მშრომლოს ბაზარზე ზედამხედველობის ორგანოსთან.

იმ შემთხვევაში, თუ ბაზარზე ზედამხედველობის ორგანო ზედამხედველობის განხორციელების პროცესში დაადგენს, რომ სამშენებლო პროდუქტი არ აკმაყოფილებს ამ რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს, იგი ვალდებულია, განახორციელოს პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული ღონისძიებები.

რეგლამენტის მიხედვით, სამშენებლო პროდუქტის თვისებების უცვლელობის შეფასებისა და ვერიფიკაციის უფლება აქვთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აკრედიტებულ და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში აკრედიტებულ შესაბამისობის შემფასებელ პირებს.

რეგლამენტში აღნიშნულია, რომ „სამშენებლო ობიექტების და მათი ცალკეული ნაწილების თვისებები უნდა შეესაბამებოდეს მათთვის განსაზღვრულ დანიშნულებას და გათვალისწინებული უნდა იქნეს მასთან დაკავშირებული პირების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვა. ნორმალური ექსპლუატაციის პირობებში, სამშენებლო ობიექტებმა უნდა დააკმაყოფილოს სამშენებლო ობიექტებისათვის გათვალისწინებული ძირითადი მოთხოვნები გონივრული ეკონომიკური სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში“.

რეგლამენტის მიხედვით, სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ:

  • მშენებლობისა და გამოყენების პროცესში, მათზე მოქმედმა საანგარიშო დატვირთვებმა არ გამოიწვიოს: ობიექტის მთლიანად ან ნაწილობრივ რღვევა; დაუშვებელი ხარისხის დეფორმაციები; მზიდი კონსტრუქციის მნიშვნელოვანი დეფორმაციის შემთხვევაში სამშენებლო ობიექტების სხვა ნაწილების, ან დამონტაჟებული მოწყობილობების დაზიანება; შენობა-ნაგებობის დაზიანება გამომწვევი მიზეზის არაპროპორციულად;
  • ხანძრის შემთხვევაში: განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში მზიდმა კონსტრუქციამ შეინარჩუნოს მდგრადობა; შეზღუდულ იქნეს სამშენებლო ობიექტებზე ხანძრისა და კვამლის გაჩენა და გავრცელება; შეზღუდულ იქნეს ხანძრის გავრცელება მიმდებარე სამშენებლო ობიექტებზე; სამშენებლო ობიექტზე მყოფ პირებს შესაძლებლობა ჰქონდეთ დატოვონ ობიექტი ან ევაკუირებულ იქნენ სხვა საშუალებებით; გათვალისწინებული უნდა იქნეს სამაშველო ჯგუფის უსაფრთხოება;
  • მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში საფრთხე არ შეექმნას ობიექტებზე მყოფი მუშების, მობინადრეებისა ან/და მეზობლების ჰიგიენას ან ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. ასევე, მშენებლობის, ექსპლუატაციისა და დემონტაჟის პერიოდში არ გამოიწვიოს ძლიერი ზემოქმედება გარემოს პირობებზე, ან კლიმატზე;
  • ექსპლუატაციის პერიოდში არ წარმოშობდეს ისეთ მიუღებელ რისკებსა და საფრთხეებს როგორებიცაა: დაცურება, დაცემა, შეჯახება, დამწვრობა, ელექტროობისგან მიღებული დაზიანება, ასევე აფეთქებისგან მიღებული დაზიანება და ასევე ძარცვასთან დაკავშირებული რისკები. ამასთან, სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს იმგვარად, რომ უზრუნველყოფდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სამშენებლო ობიექტებზე შეღწევადობასა და სარგებლობას;
  • სამშენებლო ობიექტები უნდა დაპროექტდეს და აშენდეს იმგვარად, რომ მობინადრეების ან მიმდებარედ მცხოვრები ადამიანების ჯანმრთელობას და ნორმალურ საცხოვრებელ პირობებს, მათ შორის, ძილის მოსვენების და მუშაობის პირობებს არ ექმნებოდეს საფრთხე ხმაურისგან და სხვ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com