მთავარი,სიახლეები

სიგარეტის მოვაჭრეები: სიგარეტი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება

12.10.2018 • 4390
სიგარეტის მოვაჭრეები: სიგარეტი გაძვირდა და კიდევ გაძვირდება

მიმდინარე კვირას საქართველოში თითქმის ყველა სახის ფილტრიანი სიგარეტი გაძვირდა. ერთი კოლოფი სიგარეტის ფასი როგორც მარკეტებში, ასევე საბითუმო რეალიზატორებთან 10 თეთრით, ზოგი სიგარეტი კი – 20 თეთრითაა გაძვირებული. ბათუმში სიგარეტის ბითუმად მოვაჭრეები ამბობენ, რომ იანვრიდან სიგარეტები კიდევ გაძვირდება.

„როგორც დისტრიბუტორები ამბობენ, აქციზის გადასახადი იზრდება და ამიტომ გაძვირდა სიგარეტი,“ – გვითხრა ერთ-ერთმა ბითუმად მოვაჭრემ. მეორე მოვაჭრის თქმით კი, „ამჯერად გაძვირება არა აქციზს, არამედ, ალბათ ლარის კურსს უფრო უკავშირდება“.

„ბათუმელები“ თამბაქოს რამდენიმე მწარმოებელ-იმპორტიორ კომპანიასაც დაუკავშირდა, თუმცა კონკრეტული პასუხი, თუ რას უკავშირდება სიგარეტის გაძვირება, მათგან ვერ მივიღეთ.

აქციზის შესაძლო გაძვირებასთან დაკავშირებით ინფორმაციის გარკვევა საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ვცადეთ, თუმცა იქ ჩვენს ზარებს არ უპასუხეს.

„ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩვენთან გადასახადი არ გაზრდილა, სიგარეტის ფასი კი გაიზარდა სამჯერ მაინც. ეს ზედმეტი თანხა მიდის თამბაქოს ინდუსტრიის ჯიბეებში და გაედინება ქვეყნის გარეთ, რადგან ჩვენს ბაზარზე 70% წილი იმპორტირებულ სიგარეტს უკავია. ფასებიც, ძირითადად, ამ იმპორტირებულ სიგარეტზე იზრდება. ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაზარდოს გადასახადი და იზრუნოს ამ თანხის მობილიზება ბიუჯეტში მოხდეს და არა ინდუსტრიის ჯიბეებში,“ – ამბობს გიორგი ბახტურიძე, თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი.

მისივე თქმით, სიგარეტზე ძირითადი გადასახადი არის აქციზის გადასახადი, რომელიც 1 ლარი და 70 თეთრამდეა ფილტრიან სიგარეტზე, ხოლო უფილტროზე – 60 თეთრი: „ესეც არის სერიოზული პრობლემა. 1,1 ლარია დაბეგვრაში სხვაობა და ეს ძალიან დიდია. მანიპულაცია მოხდა – ადგილობრივმა მწარმოებლებმა ფილტრიანი სიგარეტები გაასაღეს უფილტრო სიგარეტებად – უშვებენ თითქოს უფილტრო სიგარეტს და ცალკე მოყვება ფილტრი. გადასახადს კი იხდიან 60 თეთრს  1,7 ლარის ნაცვლად. ეს არის გადასახადების თავიდან აცილება და სახელმწიფომ ამას უნდა მიხედოს“.

საქართველოში სიგარეტზე იხდიან ადვალურ გადასახადსაც, რომელიც ფასიდან გამომდინარეობს. ეს გადასახადი ფილტრიან სიგარეტზე ღირებულების 10%-ია. მაგრამ, გიორგი ბახტურიძის თქმით, ეს ფასებიც არის ფიქსირებული: „მთავრობა აფიქსირებს, რომ რაღაც ბრენდის ფასი არის, ვთქვათ, 4 ლარი მთელი წლის განმავლობაში. ანუ, თუ წელს რომელიღაც ბრენდის ფიქსირებული ღირებულება, ვთქვათ, 4 ლარია ამ საბაზისო ღირებულებიდან იღებს გადასახადს სახელმწიფო და არა 4,10 თუ 4,20 ლარიდან. ფაქტობრივად, ამ ეტაპზე სიგარეტის გაძვირებით 1 თეთრიც კი არ შედის ბიუჯეტში ზედმეტად.“

გიორგი ბახტურიძის თქმით, როცა გადასახადი იზრდება 20 თეთრით, ბიზნესი სიგარეტს დაახლოებით 30 თეთრით აძვირებს, თუმცა ამ 30 თეთრიდან 20 თეთრი ბიუჯეტში მიდის: „რომელი ჯობს – 2 თეთრი ბიუჯეტში თუ 20 თეთრი? საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე სასურველია გადასახადიც და ფასებიც გაიზარდოს. მაგრამ 2 წელია გადასახადი არ გაზრდილა, მაგრამ სიგარეტი ძვირდება. გარკვეული ინდუსტრიის ბიზნესინტერესებს მიყვება მთავრობა“.

სიგარეტის ბიზნესი ფასების ზრდას ყოველთვის ერთი მიზეზით აპროტესტებს ბიზნესი, რომ კონტრაბანდა გაიზრდება. „ახლა მოხდა ის, რომ გადასახადი არ გაიზარდა, მაგრამ თავად დაამატა ფასი. როგორ, ფასის მატება არ გაზრდის კონტრაბანდას? თამბაქოს ინდუსტრიის წარმომადგენელთა არგუმენტები არ ჯდება ლოგიკაში, მაგრამ უსმენენ მთავრობაში. „ომეგას თემაა“ წამოწეული და რაღაც ხდება ეტყობა ზურგს უკან… იყო დრო, პარტიული ინტერესებისთვის და კონკრეტული პირების ჯიბეში მიდიოდა თანხა. ამის ეჭვი რომ არ გაგვიჩნდეს, უნდა გაიზარდოს აქციზის გადასახადიც და ადვალურიც,“ – აცხადებს გიორგი ბახტურიძე.

„თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე, საქართველოს აქვს ვალდებულება, აქციზის გადასახადი მიუახლოვოს ევროპულს.

„ეს გეგმა ჯანდაცვისა და ფინანსთა სამინისტროში ერთობლივად შეიმუშავეს, მაგრამ არავის გაუთვალისწინებია, რადგან ეტყობა ბიზნესინტერესები იყო უფრო მნიშვნელოვანი. გაწერეს 8-10-წლიანი გეგმა. ყოველწლიურად 40-50 თეთრით უნდა გაზრდილიყო აქციზის განაკვეთი, რომ დავახლოვებოდით ევროკავშირში არსებულ მინიმალურ გადასახადს, სადაც ეს გადასახადი 1,8 ევროა ერთ კოლოფ ფილტრიან სიგარეტზე. ეს გეგმა დღემდე არ არის დამტკიცებული. ორი წელია ამბობენ, რომ მუშაობენ,“ – ამბობს გიორგი ბახტურიძე.

არსებობს „თამბაქოს უკანონო ვაჭრობის საწინააღმდეგო ოქმი“, რომელსაც უნდა მიუერთდეს ქვეყანა. „თამბაქოს კონტროლის ალიანსში“ აცხადებენ, რომ მთავრობა არც ამას აკეთებს: „თუ აცხადებენ, რომ კონტრაბანდის რისკები არის, რატომ არ უერთდება ამ ოქმს. ამის უკანაც თამბაქოს ინდუსტრიის ბიზნესინტერესები დგას“.

„ომეგას“ სიგარეტების საბითუმო სავაჭრო წერტი ბათუმში, თბილისის მოედანთან. ადგილზე მოვაჭრეების თქმით, დაახლოებით ერთი თვეა ობიექტი დაკეტილია. /12.10.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: