ვინ მიიღებს დაფინანსებას ევროკავშირიდან აჭარის მთაში – ელჩი მეწარმეებს შეხვდა

„ეს სუპერგემრიელი ღვინოა,“ – თქვა დღეს ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ქედაში დაწურული ღვინის დაგემოვნების დროს. ბათუმში, სასტუმრო „ჰილტონში“ ევროკავშირის ელჩი იმ ჯგუფების პრეზენტაციებს გაეცნო, რომლებსაც ევროკავშირისგან სამომავლოდ გრანტის მიღება სურთ და ადგილობრივი განვითარების სტრატეგია წარმოადგინეს. ამ სტრატეგიით განისაზღვრა, რა ძლიერი და სუსტი მხარეები აქვს მუნიციპალიტეტს, რომელი მიმართულება უნდა იყოს პრიორიტეტული.

ვინ მიიღებს გრანტს ევროკავშირისგან ჯერ უცნობია. პროექტი ამ ეტაპზე მხოლოდ აჭარის ორ მუნიციპალიტეტში – ქედასა და ხულოში ხორციელდება.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ და ვახორციელეთ სოფლის განვითარების პროექტებს, ასევე პროექტებს, რომლებიც ტურიზმის განვითარებას ისახავს მიზნად… როდესაც აქეთ მოვდიოდით, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე, ვნახე და მომწონს ყველაზე მეტად ის, რომ ადგილობრივ ხალხს აქვს განცდა, რომ ის მესაკუთრეა, რასაც აკეთებს, იმაზე თავად აქვს პასუხისმგებლობა. ამ პროექტშიც არანაირი იდეები არ მოდის ბრიუსელიდან და თბილისიდან. ყველაფერი მოდის ქვემოდან და ამაში ჩართულია ბევრი ახალგაზრდა,“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა შეხვედრის დაწყებამდე.

პრეზენტაციების მოსმენამდე ელჩს ადგილობრივმა მეწარმეებმა ადგილობრივი თაფლი, ტკბილეული და ღვინო აჩუქეს.

„მე ვარ ძალიან ბედნიერი ამ ვიზიტით. ეს არის ჩემი პირველი ვიზიტი თბილისის გარეთ. ერთი თვეა, რაც ჩამოვედი თბილისში და ეს ყველაფერი ძალიან საინტერესოა, შთაგონების მომცემი. საქართველოში ბევრი საინტერესო რაღაც ხდება,“ – აღნიშნა ელჩმა.

ევროკავშირის დაფინანსებით ადგილობრივ მეწარმეებს გრანტის მიღება თანამონაწილეობის პრინციპით შეეძლებათ. ამისთვის ევროკავშირი 900 ათასი ევროს დახარჯვას აპირებს. მეწარმეების მიერ დაწერილ პროექტებს ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მოწვეულ ექსპერტებთან ერთად განიხილავს, ის მიიღებს გადაწყვეტილებას ამა თუ იმ პროექტის დაფინანსებაზე.

საგრანტო კონკურსი უკვე გამოცხადებულია და განაცხადების მიღება 20 ოქტომბრამდე გრძელდება. ევროკავშირის დაფინანსებით სოფლის მხარდაჭერის პროგრამას ENPARD-ი ახორციელებს.

ნინო გაფრინდაშვილი, CENN-ის პროექტების მენეჯერი განმარტავს, რომ შესაძლებელია დამწყები ბიზნესიც დაფინანსდეს 10 ათასი ლარით. პროექტის მაქსიმალური ღირებულება კი 150 ათასი ლარი შეიძლება იყოს.

„საგრანტო კონკურსი მოიცავს სხვადასხვა პრიორიტეტულ მიმართულებას: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, განათლება, კულტურა, გარემოს დაცვის საკითხები. ეს პრიოტეტები ადგილობრივმა ჯგუფმა გამოკვეთა. პროექტების დაფინანსება 2021 წლამდე გაგრძელდება,“ – გვითხრა ნინო გაფრინდაშვილმა.

პროექტებს ქედაში CENN-ი ახორციელებს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან, ასევე „დემოკრატიის ინსტიტუტთან“ და ავსტრიის რეგიონული კვლევებისა და სივრცითი დაგეგმარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით. ხულოში კი პროექტი, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასის მიერ, PMC კვლევით ცენტრთან და ხორვატიის განვითარების ქსელთან თანამშრომლობით ხორციელდება.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი