აჭარის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კერძო კომპანიაში დასაქმდა

აჭარის ყოფილი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი, რამაზ ბოლქვაძე თანამდებობიდან მას შემდეგ გადააყენეს, რაც რეგიონის მთავრობის თავმჯდომარედ თორნიკე რიჟვაძე დაინიშნა. ყოფილი მინისტრი ახლა უკვე მართვის კომპანია GGM-ში პროექტების მენეჯერის პოზიციაზე გააგრძელებს მუშაობას.

GGM-ის მმართველს, გენო გელაძეს ვკითხეთ, რამ განაპირობა ყოფილი მინისტრის თავის გუნდში მიწვევა, რაზედაც კომპანიის დამფუძნებელმა ასე გვიპასუხა: „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული თანამშრომლის საზოგადოებრივი იმიჯი და რეპუტაცია. საჯარო სექტორში 20-წლიანი წარმატებული სამუშაო გამოცდილება გახდა ჩვენს გუნდში რამაზ ბოლქვაძის შემოსვლის მთავარი ფაქტორი. რამაზ ბოლქვაძის სახით გვყავს პროფესიონალი ფინანსისტი და ეკონომისტი, რომლის სახელსაც უკავშირდება საბიუჯეტო დაწესებულებებში ახალი მიდგომების დანერგვა, მათ შორის პროგრამული ბიუჯეტის შედგენა, ბიუჯეტის დაგეგმვის ახალი მეთოდოლოგია და ა.შ.“

„ბათუმელებმა“ თავად რამაზ ბოლქვაძესაც ჰკითხა, მინისტრობის პერიოდში რა სახის ურთიერთობა ჰქონდა იმ კომპანიასთან, რომელშიც ახლახანს დასაქმდა. მისგან ასეთი განმარტება მივიღეთ:

„GGM-ის დამფუძნებელ გენო გელაძესთან წლების განმავლობაში მქონდა საქმიანი ურთიერთობა, რადგანაც ის მართავდა ძლიერ არასამთავრობო ორგანიზაციას და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებულ პროექტებს. ბოლო პერიოდში, როდესაც გენომ მართვის კომპანია დააფუძნა, მას შემდეგ უკვე მქონდა საქმიანი ურთიერთობა, როგორც მენეჯმენტ კომპანიის წარმომადგენელთან. GGM-ს  აქვს განსხვავებული და არასტანდარტული მიდგომები პროექტების მართვის, კრიზისების დაძლევის, ინვესტიციების მოძიების მიმართულებით, ანუ ეს საქმე საკუთარი თავის რეალიზების ბევრ შესაძლებლობას იძლევა“.

რამაზ ბოლქვაძე აცხადებს, რომ ახლა კერძო სექტორიდან ეცდება განახორციელოს ისეთი პროექტები, რომელიც, როგორც თავად ამბობს, „სასარგებლო იქნება სახელმწიფოსთვის, ბიზნესისთვის, საზოგადოებისთვის“.

 

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com