სასამართლომ ქობულეთის მერიას მუსლიმური პანსიონისთვის წყლის ჩართვა დაავალდებულა

დღეს, 12 ოქტომბერს, მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ სახალხო დამცველის სარჩელი დააკმაყოფილა ქობულეთის მერიის წინააღმდეგ. სარჩელი ქობულეთის მუსლიმთა პანსიონის წყლის და კანალიზაციის სისტემაზე მიერთებას ეხებოდა.

ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა საქართველოში, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო. ქობულეთის მოსახლეობამ მუსლიმ თემს პანსიონის გახსნის საშუალება 2014 წელს არ მისცა, მაშინ ადგილობრივებმა პანსიონის კარს ღორის თავიც მიაჭედეს.

2016 წელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქობულეთის პანსიონის საქმეზე“ დისკრიმინაცია დაადგინა. ამავე წელს სახალხო დამცველმა ქობულეთის გამგეობას რეკომენდაციით მიმართა, რადგან პანსიონს თანხის გადახდის მიუხედავად, უარი უთხრეს წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვაზე.

რეკომენდაცია ქობულეთის მერიამ არ შეასრულა. სასამართლო პროცესებზე ქობულეთის მერია აცხადებდა, რომ დაპირისპირება ისევ არსებობს და მათ სიტუაციის დაძაბვა არ სურთ.

ამჯერად ქობულეთის მერიას სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულება მოუწევს, თუმცა ჯერ უცნობია, გაასაჩივრებს თუ არა ქობულეთის მერი მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძის გადაწყვეტილებას. თუკი სასამართლოს პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დარჩება და ქობულეთის მერია სასამართლოს გადაწყვეტილებას არ შეასრულებს, უწყებას სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობისთვის მიედავებიან.

ქობულეთის მერია რელიგიურ დაპირისპირებას ვერ ხედავს – პანსიონის საქმე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი