მთავარი,სიახლეები

ევროპის დღეზე 13 ოქტომბერს ბათუმის ყველა მცხოვრებსა და სტუმარს ელიან

11.10.2018 • 2602
ევროპის დღეზე 13 ოქტომბერს ბათუმის ყველა მცხოვრებსა და სტუმარს ელიან

13 ოქტომბერს, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ბათუმის ყველა მცხოვრებსა და სტუმარს „ევროპის დღე 2018-ის აღსანიშნად იწვევს. ანბანის კოშკთან ახლოს დროებით მოწყობილ ევროსოფელში კარვები გაიშლება, სხვადასხვა ღონისძიებითა და თამაშებით დღესასწაულზე მოსული სტუმრები ევროკავშირში იმოგზაურებენ.

სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ევროკავშირის ისტორიას. გაიგონ, რა შესაძლებლობებს ქმნის ევროკავშირი საქართველოს მოქალაქეებისთვის. ბავშვები სხვადასხვა თამაშში ჩაერთვებიან, მოეწყობა შეჯიბრი ქუჩის კალათბურთში, გაიმართება წარმოდგენები. თამაშების მონაწილეებს კი გადაეცემათ პრიზები. საღამოს ღია ცის ქვეშ დღე ნათია თოდუას და „ვაკის პარკის“ კონცერტით დასრულდება.

ეს ყოველწლიური დღესასწაული დასამახსოვრებელი და საინტერესოა როგორც დიდების, ისე პატარებისთვის. „ევროპის დღე 2018“-ის ორგანიზატორებმა წელს განსაკუთრებით ბავშვებზე იზრუნეს და ყველაფერი ისე დაგეგმეს, რომ პატარებს ყველაფერი საუკეთესოდ დაამახსოვრდეთ.

მხიარული ანიმატორები, ბატიბუტი, ფერადი და ბამბის ნაყინი უფასოდ, კონცერტი და სახალისო თამაშები – ეს ის საინტერესო ამბებია, რაც ბავშვებს 13 ოქტომბერს, „ევროპის დღე 2018“-ზე ელით. პატარები ამ დღეს ქოთნებში თავად ჩარგავენ დეკორატიულ ყვავილებს და შინ წაიღებენ სახსოვრად.

ევროპის დღე ყოველ წელს აღინიშნება „შუმანის დეკლარაციის“ 9 მაისის იუბილესთან დაკავშირებით. ამ დღეს, 1950 წელს, რობერტ შუმანმა (იმ დროისთვის საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა) გააჟღერა იდეა, რაც ევროპაში პოლიტიკური თანამშრომლობის ახალი ფორმის შექმნას გულისხმობდა. ქვანახშირისა და ფოლადის მარაგების გაერთიანების შედეგად გამოირიცხებოდა ევროპის ხალხთა შორის ომის და დაპირისპირების ალბათობა.

დღეს ევროკავშირი 28 სახელმწიფოს და 508 მილიონ მოქალაქეს აერთიანებს. უკვე 60 წელია, რაც ევროპაში „ევროკავშირი“ მშვიდობისა და კეთილდღეობის გარანტია.

ევროპის დღეების წლევანდელი ღონისძიების თემაა „ჩვენი მრავალფეროვანი ევროპა“. თემა იმ განსხვავებული კულტურების ერთობას გამოხატავს, რომელსაც ევროკავშირი და, ზოგადად, ევროპა აერთიანებს.

ევროპის დღეები წელს თბილისში, ზუგდიდში, ქუთაისში, ლაგოდეხსა და ახალციხეში ჩატარდა, შაბათს, 13 ოქტომბერს კი ეს დღე ბათუმშიც აღინიშნება.

ევროპის დღეები ყოველ წელს გაიმართება და მოეწყობა საქართველოს შეძლებისდაგვარად ყველა რეგიონში, რათა ყველამ შეძლოს გაიგოს, რას აკეთებს ევროკავშირი საქართველოში.

ევროსოფელში მოწყობილ კარვებში ყველას ექნება შესაძლებლობა ეკონომიკის, კულტურის, ადამიანის უფლებების და ბევრ სხვა სფეროში მიმდინარე იმ პროექტებს გაეცნოს რეალურად, რასაც ევროკავშირი სოლიდური გრანტებით აფინანსებს საქართველოში.

„ევროპის დღე 2018“ და ევროსოფელი ბათუმში შაბათს, 13 ოქტომბერს, 15:00 საათზე ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყობა. ღონისძიებას ამ დღისთვის სპეციალურად ბათუმში ჩამოსული, ევროკავშირის ახალდანიშნული ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცერი გახსნის.

ევროპის დღე საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინიციატივაა და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით ტარდება.

 

გადაბეჭდვის წესი