მთავარი,სიახლეები

„ეხსენებიათ ტოლერანტობა მაინც“ – რელიგიის სააგენტოს ლექცია დისკუსიის ნაცვლად უნივერსიტეტში

11.10.2018 • 3122
„ეხსენებიათ ტოლერანტობა მაინც“ – რელიგიის სააგენტოს ლექცია დისკუსიის ნაცვლად უნივერსიტეტში

„აქ იმართება დისკუსია ტოლერანტობაზე?“ – იკითხა ერთ-ერთმა სტუდენტმა, ვიდრე შეხვედრა დაიწყებოდა და როცა დარბაზიდან თანხმობის ნიშნად თავი დაუქნიეს, ისიც აუდიტორიას შეუერთდა.

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიდ აუდიტორიაში სტუდენტებს გამოწვევებზე სასაუბროდ დღეს, 11 ოქტომბერს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრამ დისკუსიის გარეშე ჩაიარა. არც ტოლერანტობა უხსენებია ვინმეს.

„არ არის ეს ქვეყანა ისე წაქცეული, როგორც ამის წარმოჩენა სურს ზოგიერთ არასამთავრობო ორგანიზაციას. ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანასაც კი ვჯობივართ,“ – მიმართა სტუდენტებს შეხვედრის დასაწყისში ზაზა ვაშაყმაძემ, რელიგიის სააგენტოს უფროსმა. მან მიღწევებზე მოკლედ და ზოგადად ისაუბრა. თქვა ისიც, რომ UNESCO სავარაუდოდ იუდაიზმის და ქრისტიანობის საუკუნოვან თანაცხოვრებას საქართველოში არამატერიალური კულტურის ძეგლად შეაფასებს.

„ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა, გაწეწილი ვართ…“ – უთხრა სტუდენტებს ზაზა ვაშაყმაძემ და ტრიბუნა სააგენტოს თანამშრომელს – სერგო ფარულავას დაუთმო. ზაზა ვაშაყმაძე აუდიტორიიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა. სერგო ფარულავა კი დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში სტუდენტებს აქტუალური და სადისკუსიო საკითხების ნაცვლად, რელიგიური მიმდინარეობების ისტორიაზე ესაუბრა: ისლამზე, ქრისტიანობაზე, პროტესტანტიზმზე, ბუდიზმზე…

15-20 წუთის გასვლის შემდეგ სტუდენტებმა ჩურჩული და შიდა საუბრები წამოიწყეს. „ამას Google-შიც ვნახავთ, წავედით“, „დისკუსია იქნებაო და ესაა?“ – იკითხეს სტუდენტებმა ჩუმად უკანა რიგებიდან.

რა ინფორმაცია ჰქონდათ სტუდენტებს შეხვედრის შესახებ? – „ბათუმელების“ შეკითხვას ერთმა სტუდენტმა გოგომ უპასუხა, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

„ვიცოდით, რომ იქნებოდა დისკუსია ტოლერანტობაზე, პრობლემებზე, რაც დღეს რელიგიურ ორგანიზაციებს აქვთ,“ – თქვა მან.

სტუდენტებმა პროტესტის გამოხატვას აუდიტორიის მშვიდად დატოვება ამჯობინეს. „ეხსენებიათ ტოლერანტობა მაინც“, – თქვა ერთ-ერთმა, ვიდრე რიგს ჩაივლიდა.

ისტორიის მიმოხილვის დასრულების შემდეგ სააგენტოს იურისტებმა კანონებზეც მოასწრეს საუბარი, მაგალითად, კონსტიტუციის იმ მუხლებზე, რომლებიც რელიგიის თავისუფლებას უზრუნველყოფს.

„რატომ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს ევროპის სასამართლოში წასვლა, ვისაც რელიგიის თავისუფლების კუთხით პრობლემა ექმნება?“  – იკითხა სტუდენტმა გიორგი ფარტენაძემ. მას იურისტებმა უთხრეს, რომ ვიდრე საქართველოში ყველა სასამართლო ინსტანციაში დავა არ დასრულდება, ადამიანი ევროსასამართლოს ვერ მიმართავს.

რელიგიური ორგანიზაციების დღევანდელი გამოწვევების შესახებ რელიგიის სააგენტოს არ უსაუბრია. შესაბამისად, არც კითხვა დასმულა ამ კუთხით.

„ვიცოდით, რომ ტოლერანტობაზე უნდა ყოფილიყო საუბარი… მთლიანობაში საინტერესო იყო მაინც, მაგრამ ძალიან სიღრმისეულად იყო და ასე არ მაინტერესებს,“ – გვითხრა სტუდენტმა გიორგი ფარტენაძემ, რომელიც შეხვედრას ბოლომდე დაესწრო.

რატომ გადაწყვიტა რელიგიის სახელმწიფო სააგენტომ სტუდენტებისთვის ლექციის წაკითხვა დისკუსიის ნაცვლად? – ეს შეკითხვა „ბათუმელებმა“ რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლებს დაუსვა.

„ეგ იურისტების თემაა. აი, ახლა რაც ისაუბრეს, ეგ იყო საუბრის ძირითადი თემა. ისტორიაზე იყო მხოლოდ ერთი მოხსნება,“ – გვიპასუხა სერგო ფარულავამ და ჩვენთვის პასუხის გაცემა იურისტებს სთხოვა.

„რეალურად, მთავარი მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება, რის ვალდებულებაც ჩვენ გვაქვს სამოქმედო გეგმის ფარგლებში. თქვენ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი სემინარი რაიმე ახალ აღმოჩენას უნდა ეფუძნებოდეს? ისტორიის გარდა, აუდიტორიამ მოისმინა ინფორმაცია რელიგიის პოლიტიკის შესახებ,“ – გვითხრა დავით დავითაშვილმა, რელიგიის საკითხთა სააგენტოს იურისტმა.

„ვერ მოვასწარით გამოწვევებზე საუბარი… ხვალ შევცვლით ფორმატს, ეს ხომ დოგმა არ არის,“ – დაამატა სააგენტოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, ვალერიან ლილუაშვილმა.

ხვალ რელიგიის საკითხთა სააგენტო ჟურნალისტებთან აპირებს შეხვედრას.

პროტესტის გამოხატვას სტუდენტებმა აუდიტორიის დატოვება ამჯობინეს

სერგო ფარულავა, რელიგიის სააგენტოს წარმომადგენელი

რელიგიის სააგენტოს წარმომადგენლები სტუდენტებთან შეხვედრაზე

გიორგი ფარტენაძე, სტუდენტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: