მთავარი,სიახლეები

ხომ არ არის წინასწარ გარკვეული, ვინ შევა „აჭარა TV“-ის ბორდში – კომისიის საეჭვო გადაწყვეტილება

10.10.2018 • 4169
ხომ არ არის წინასწარ გარკვეული, ვინ შევა „აჭარა TV“-ის ბორდში – კომისიის საეჭვო გადაწყვეტილება

იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილმა, რომელიც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭოს წევრობისთვის გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობს, კომისიას ვერ წარუდგინა დიპლომის ასლი, რომელიც დაადასტურებდა, რომ მას მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული განათლება აქვს მიღებული. კანონით, ამ პოზიციაზე მუშაობა სწორედ ამ სახის დიპლომით არის დასაშვები. ამის მიუხედავად, კომისიამ კონკურსანტი მეორე ეტაპზე მაინც გადაიყვანა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, ხუთწევრიან კომისიაში მხოლოდ ერთი წევრი – „დემოკრატიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ალექსანდრე ლორთქიფანიძე არ დაეთანხმა იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილის მეორე ეტაპზე გადასვლას.

თავდაპირველად კომისიამ ხარვეზი აღმოაჩინა როგორც იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილის, ისე კიდევ სამი კონკურსანტის დოკუმენტებში და ამის შესახებ სხდომის ოქმში ჩაწერა: „წარმოდგენილი დოკუმენტაციით ვერ დგინდება უმაღლესი განათლების შესაბამისი აკადემიური ხარისხი.“

კომისიამ კონკურსანტებს ხარვეზის შესავსებად ვადა მისცა.

მიცემულ ვადაში ხარვეზის აღმოფხვრა შეძლო ორმა კონკურსანტმა, ორმა კი ხარვეზის გამოსწორება და მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა ვერ შეძლო. კომისიამ კი მიიჩნია, რომ ამ ორიდან ხარვეზი ვერ აღმოფხვრა მხოლოდ ერთმა კონკურსანტმა – ირაკლი ანთიძემ და ის მეორე ეტაპზე არ გადაიყვანა. დიპლომის ნაწილში ხარვეზი ვერც იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილმა აღმოფხვრა, მაგრამ მას სიტყვაზე ენდნენ და მეორე ეტაპზე გადაიყვანეს.

„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე განმარტება სთხოვა კომისიის თავმჯდომარეს, ერმილე მესხიას, რომელმაც გვითხრა, რომ იაკინთე [ნიკა] ჩხარტიშვილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება კომისიის სხდომაზე უმრავლესობამ მიიღო:

„იაკინთე ჩხარტიშვილმა წარმოადგინა საბუთები აჭარის სახელმწიფო და განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს არქივებიდან. ამ საბუთებიდან ირკვევა, რომ ინსტიტუტზე, რომელიც მან დაამთავრა ოთხმოცდაათიან წლებში, არც ერთ არქივში ცნობა არ იძებნება. მან წარმოადგინა განმარტება და სთხოვა კომისიას, ვინაიდან ეს ინსტიტუტი დღეს არ ფუნქციონირებს, ხოლო არქივებში დოკუმენტები არ იძებნება და მას არ აქვს შესაძლებლობა გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია, თუ შეიძლება ეს ჩაუთვალონ და მისი განცხადება მიღებული იქნას ცნობად“.

ერმილე მესხიას თქმით, კომისიამ მსჯელობის შემდეგ მიიღო ამ კონკურსანტისთვის სასარგებლო გადაწყვეტილება.

ჰქონდა თუ არა კომისიას უფლება კანონის მოთხოვნების გვერდის ავლით მიეღო გადაწყვეტილება ერთ-ერთი კონკურსანტის სასარგებლოდ და ხომ არ ნიშნავს ეს იმას, რომ ბორდის მომავალი წევრის ვინაობა უკვე გარკვეულია, ანუ კონკურსი არის ფიქტიური? – კომისიის თავმჯდომარე პასუხობს:

„…თვითონ ზეპირად აცხადებს, რომ პროგრამა იყო ხუთწლიანი, მაგრამ ეს დიპლომით არ ჩანს, მან ვერ გამოძებნა შესაძლებლობა სახელმწიფო ორგანოებიდან მიეღო ეს ინფორმაცია, ერთსაათიანი სჯა-ბაასი გვქონდა ამ საკითხზე, მაგრამ საბოლოოდ მაინც კომისიამ იფიქრა, რომ რადგან კონკურსანტი შეზღუდულია იმით, რომ არქივში მასალები არ იძებნება, საბოლოოდ ამ აზრამდე მივედით, რომ კონკურსანტის სასარგებლოდ მიგვეღო გადაწყვეტილება. კომისიამ ჩათვალა, რომ კონკურსანტი არ იყო არაფერ შუაში“, – განმარტა ერმილე მესხიამ.

ის მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი კომისიის მიმართ ეჭვს ვერ გააჩენს, რადგან საბოლოო გადაწყვეტილებას ეს კომისია არ იღებს.

„ბათუმელებმა“ სცადა გაერკვია, რატომ არ დაუჭირა კონკურსანტ იაკინთე ჩხარტიშვილს მხარი იურისტმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ, მაგრამ მან გვითხრა, რომ ვიდრე თავად უმაღლესი საბჭო არ გამოაქვეყნებს გუშინ, 9 ოქტომბერს ჩატარებული სხდომის ოქმს, განმარტებას ვერ გააკეთებს. 

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობა 11 პირს სურდა. მეორე ეტაპზე გადასულები საკონკურსო კომისიამ გასაუბრებაზე 13 ოქტომბერს დაიბარა. გასაუბრების შედეგად კომისია არანაკლებ სამ წევრს შეარჩევს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს. მათგან ერთ პირს უმაღლესი საბჭო შეარჩევს.

კონკურსის პირობების მიხედვით, კანდიდატი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, „საზოგადოებრივი აღიარებისა და ნდობის მქონე პირი“. მას აუცილებლად უნდა ჰქონდეს მაგისტრის ხარისხი და ათწლიანი მუშაობის გამოცდილება, მათ შორის, 5 წელი ჟურნალისტიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, საფინანსო, ელექტრონული კომუნიკაციების, სახელოვნებო, სამწერლო ან/და სამეცნიერო-პედაგოგიურ სფეროში.

„აჭარის ტელევიზიის“ სამეურვეო საბჭოს წევრის ანაზღაურება 2625 ლარია. სამეურვეო საბჭოს წევრს 6 წლის ვადით ირჩევს უმაღლესი საბჭო.

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის დანარჩენ 4 წევრს უფლებამოსილების ვადა მომავალი წლის ნოემბერში ეწურება. 2019 წლის ოქტომბერში კი, ბორდმა „აჭარის ტელევიზიის“ ახალი დირექტორი უნდა აირჩიოს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: