მთავარი,სიახლეები

„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

11.10.2018 • 6698
„ტრამპ თაუერი“ 44 სართული, „სილქ თაუერი“ – 42? -„რივიერას“ ტერიტორიაზე გეოლოგიური კვლევა დაიწყო

ბათუმის იახტკლუბისა და ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნიადაგის გეოლოგიური კვლევა დაწყებულია. ეს ტერიტორია, სადაც 6 შენობის აშენებაა დაგეგმილი, „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიის – „ბათუმი რივიერას“ საკუთრებაშია. ექვსი შენობიდან ყველაზე მაღალი – „სილქ თაუერი“, სავარაუდოდ, 42-სართულიანი იქნება. პროექტის განხორციელება ბიძინა ივანიშვილის მიერ დაფუძნებული თანაინვესტირების ფონდის ფინანსური თანამონაწილეობით იგეგმება.

„ბათუმის იახტკლუბის განვითარება და „სილქ თაუერის“ მშენებლობა არის კონცეფციის პირველი ეტაპი, რაშიც „თანაინვესტირების ფონდი“ მონაწილეობს. თუ პროექტის მომზადება, ქალაქის მერიასთან შეთანხმება და მშენებლობა წინასწარ გათვლილზე მეტ დროს არ წაიღებს, პირველი ეტაპი 2021 წელში უნდა დასრულდეს. რაც შეეხება მთლიანი ტერიტორიის განვითარებას, ის, კონცეფციის მიხედვით, კიდევ სამ ეტაპს ითვალისწინებს. იქნება თუ არა თანაინვესტირების ფონდი ამ ეტაპების განხორციელებაში პარტნიორი, ჯერ ვერ გეტყვით“, – გვითხრეს კომპანია „ბათუმი რივიერაში“.

დოკუმენტების მიხედვით, მთელი ეს ტერიტორია, სადაც მშენებლობა უნდა განხორციელდეს, იპოთეკით არის დატვირთული. იპოთეკარი კი ლუქსემბურგში რეგისტრირებული კომპანია „ჯი სი ეფ ლუქსემბურგია“. ამ კომპანიის დამფუძნებლების ვინაობა უცნობია, მაგრამ „ბათუმელებმა“ გაარკვია, რომ გიორგი ბაჩიაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი], ლევან ვასაძემ [ბიზნესმენი] და უჩა მამაცაშვილმა [ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი] ერთად დააფუძნეს კომპანია – „ჯი სი ეფ პარტნიორები“, რომელმაც, თავის მხრივ, კიდევ ერთი კომპანია – „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტი“ დააფუძნა. ეს კომპანია კი, 2014 წელს, 500 დოლარად მიჰყიდეს „ჯი სი ეფ ლუქსემბურგს“.

„ბათუმი რივიერას“ წილის 1%-ს კი დღეს სწორედ „ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტი“, ანუ ფაქტობრივად „ჯი სი ეფ ლუქსემბურგი“ ფლობს, რომელსაც „რივიერას“ ნაკვეთები იპოთეკით აქვს დატვირთული [„ჯი სი ეფ ჰიდრო დეველოპმენტმა“ სახელწოდება 2018 წლის ივნისში შეიცვალა და დღეს „ბათუმი თაუერ ჰოლდინგი“ ჰქვია.]

„ბათუმი რივიერას“ კუთვნილი ტერიტორია ბათუმში, სადაც კომპანიის გენგეგმით მოეწყობა ხელოვნური ყურე, რომლის ირგვლივ 6 შენობა აშენდება, მათ შორის „სილქ თაუერი“. ტერიტორია „სილქ როუდის“ შვილობილი კომპანიების საკუთრებაშია 2012 წლიდან. /ფოტო: თედო ჯორბენაძე, „ბათუმელები“, 11.10.2018

ტერიტორიის განვითარების კონცეფცია „სილქ როუდის“ დაკვეთით „ჩეპმენ ტეილორმა“ მოამზადა. განაშენიანების რეგულირების გეგმისთვის [გრგ] დავალების მისაღებად კი ბათუმის მერიას კომპანია „მულტივერს არქიტექტურამ“ მიმართა.

„პროექტის ავტორი გლობალური კომპანიაა. ჩვენ ვართ ლოკალური კონსულტანტები, კოორდინაციას ვუწევთ ლოკალურ სტანდარტებთან მორგებაში. „ჰილტონს“ რაც შეეხება, ჩვენი კომპანიის დაპროექტებულია. კონცეპტუალური დიზაინი [საწყისი ვიზუალური მხარე] იყო ბრიტანული კომპანიის, ხოლო მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, საავტორო ზედამხედველობის ჩათვლით, გავაკეთეთ ჩვენ. კონცეფცია იმათ დაიწყეს, მაგრამ პროექტი ითვლება ჩვენად. მსგავსი რაღაც იქნება აქ „რივიერას“ შემთხვევაშიც“, – გვითხრეს კომპანია „მულტივერს არქიტექტურაში“.

„ჩვენ დავიქირავეთ „მულტივერს არქიტექტურა“ და მივმართეთ მუნიციპალიტეტს, მოგვცენ გეგმარებითი დავალება, მაგრამ  საკრებულოში ვერაფერი გავიგე, როდის მოგვცემენ ამ დავალებას“, – გვითხრა „ბათუმი რივიერას“ დირექტორმა გიორგი კაპანაძემ.

„ახლა დაწყებულია ადმინისტრაციული წარმოება იმაზე, მიეცეს თუ არა დავალება კომპანიას, რომ წარმოადგინოს კვლევები. 20-დღიანი მინიმალური ვადაა, რათა მოიტანონ შენიშვნები მოქალაქეებმა თუ დაინტერესებულმა მხარეებმა იმასთან დაკავშირებით, რომ მიეცეს თუ არა გეგმარებითი დავალება, ანუ მოვთხოვოთ თუ არა კომპანიას, წარმოადგინოს აღნიშნული ტერიტორიის განვითარების კონცეფცია ჩვენი  დავალებით. თუ მივცემთ დავალებას, შემდეგ, როცა წარმოადგენს ამ კონცეფციას და კვლევებს, თუ რისი გაკეთება უნდათ კონკრეტულად, ამის შემდეგ კვლავ დაიწყება ადმინისტრაციული წარმოება და იქნება მინიმუმ 30 დღემდე ვადა განხილვის – დავამტკიცოთ თუ არა წარმოდგენილი კონცეფცია“, – განაცხადა „ბათუმელებთან“ მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსმა მირიან მეტრეველმა.

მიეცეს თუ არა კომპანიას გეგმარებითი დავალება, ამის შესახებ ადმინისტრაციული წარმოება 28 სექტემბერს, ბათუმის საკრებულოს გადაწყვეტილებით დაიწყო. მერიამ თავისი პასუხი საკრებულოში 19 ოქტომბრამდე უნდა გადააგზავნოს, აქედან ხუთ დღეში კი, საკრებულოში ამ საკითხზე ზეპირი სხდომა უნდა გაიმართოს.

ბათუმის მერიაში აცხადებენ, რომ გრგ-ს დავალებაზე კომპანიამ იმიტომ მიმართა, რომ ის აპირებს მთლიანობაში, როგორც თავის საკუთრებაში არსებული, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ნაკვეთების განაშენიანების გეგმის მომზადებას.

„მათ უნდათ სხვადასხვა ზონაში არსებული სხვადასხვა ფუნქციის ნაკვეთების განვითარება და სწორიცაა, დავალება რომ მოითხოვეს, რადგან იმ ტერიტორიაზე რაღაც რეჟიმები უნდა დადგინდეს, სპეციალისტების ჩართულობით და კვლევების საფუძველზე –  კულტურული მემკვიდრეობის, საინჟინრო ინფრასტრუქტურის, ქალაქმშენებლობის კუთხით, მაქ არის ნაპირდაცვის საკითხიც და ა.შ. თუ დავალებას მივცემთ, შემდეგ გააჩნია რას მოიტანენ. იქ უკვე კონკრეტულად უნდა იყოს გაწერილი რის გაკეთებას აპირებს – სართულიანობაც, კოეფიციენტებიც და სხვა.  ჩვენც და საზოგადოებასაც ექნება საშუალება უკვე კონკრეტულ შენიშვნებზე ვისაუბროთ და განვიხილოთ, როცა უკვე ამ გრგ-ს დამტკიცებაზე დაიწყება საქმის წარმოება. საბოლოო გადაწყვეტილებას აქაც საკრებულო მიიღებს“, – ამბობს მირიან მეტრეველი.

კითხვაზე, თუ ასეთ დავალებას კომპანია მერიისგან ვერ მიიღებს, მას აქვს თუ არა უფლება მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე წარმოადგინოს უშუალოდ პროექტი მერიაში შესათანხმებლად და მშენებლობის ნებართვის მისაღებად? – მირიან მეტრეველი ამბობს, რომ კომპანიას ამის უფლება აქვს: „ერთის, თუნდაც ორი ან სამი შენობის პროექტი რომ წარმოადგინოს შეუძლია. კანონი არ ამბობს, რომ აუცილებლად მოვთხოვოთ გრგ“.

გეგმარებითი დავალების არარსებობის მიუხედავად, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანიამ გეოლოგიური კვლევა დაიწყო. „ბათუმი რივიერაში“ აცხადებენ, რომ გეოლოგიური კვლევა ჰქონდათ, თუმცა ხელახლა ატარებენ: „კვლევა ჩატარებული იყო ტრამპ თაუერისთვის, შეგვეძლო იგივე კვლევა გამოგვეყენებინა, თუმცა ახალი გენგეგმით სილქ თაუერი ცოტა დაშორებული იქნება იმ ადგილიდან, სადაც ტრამპ თაუერის მშენებლობა იგეგმებოდა. ახალი კვლევა თავის დაზღვევის მიზნით კეთდება.“

ახალი კონცეფცია, რომელშიც გარკვეული ცვლილებებიც შევა. ამ კონცეფციის მიხედვით „ბათუმი რივიერას“ კუთვნილ ტერიტორიაზე ბათუმში, ხელოვნური ყურე მოეწყობა პატარა იახტებისთვის. „ეს ხელოვნური ყურე მოგვეწონა, უპირატესობას აძლევს ჩვენს პროექტსაც და ქალაქსაც“ – აცხადებენ კომპანიაში. რაც შეეხება კვლევას – შესაძლებელია თუ არა გაკეთდეს ეს ყურე, ჯერ არ ჩატარებულა. აქვე, 6 შენობა აშენდება, სავარაუდოდ 25-დან 42 სართულამდე. ყველაზე მაღალი იქნება საცხოვრებელი კოშკი – „სილქ თაუერი“. პროექტის სავარაუდო ღირებულება 350 აშშ დოლარია.

ამ კონცეფციით, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, „სილქ როუდი“ ბათუმის იახტკლუბთან „ტრამპ თაუერის“ აშენებას გეგმავდა, თუმცა პროექტი შეჩერდა. კონცეფციით „ტრამპ თაუერი“ 44-სართულიანი უნდა ყოფილიყო, თუმცა თავიდან 47-სართულიანი შენობის აგება დააანონსეს. ასევე იგეგმებოდა რამდენიმე 2-3-10-11-14 და 16-სართულიანი შენობების აშენებაც. პროექტის ღირებულება 250 მილიონი აშშ დოლარი იყო.

რამდენ სართულიანი იქნება ის 6 შენობა, რომელიც გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარედ ანბანის კოშკს, იახტკლუბსა და ჭაჭის კოშკს შორის უნდა აშენდეს? – კომპანიაში გვითხრეს, რომ ზუსტი პასუხი უფრო ამ თვის ბოლოს ექნებათ, როცა არქიტექტორები თავიანთ ვერსიებს წარმოადგენენ.

„მაქსიმუმი 42 სართული იქნება. დანარჩენი შენობები კი 25-28 სართული. მაგრამ მაქ მნიშვნელობა სართულიანობას არ აქვს… ბათუმზე დღეს ხალხი რასაც წუხს, ეს სართულიანობამ კი არ გამოიწვია, ანუ შენობების სიმაღლეებმა, არამედ ეს გამოიწვია სიმჭიდროვის კოეფიციენტმა, რომელიც არის ყველაზე მთავარი. კონკრეტულ კომპანიას ვერა, მაგრამ ვიტყვი, რომ მაქ რომ მშენებლობები ტარდება კ2 კოეფიციენტი 50 და კიდევ მეტია, ჩვენს შემთხვევაში ამ კოეფიციენტს ვითხოვთ 5-ს. ამასაც იმიტომ, რომ აჭარაში ამ კოეფიციენტში შედის ისეთი ფართობები, რომლებიც თბილისში არ შედის. შესაბამისად, მე რომ ვაშენებ სიტყვაზე 100 კვადრატულ შენობას, იქედან სასარგებლო გამომდის 60 კვ.  როცა თბილისში გამომდის 75-მდე. აჭარაში 1,5-ზე განიერი თუ არის აივანი ერთი ერთში ითვლება. სამხრეთული ქვეყანა ვართ და წესიერი აივნები უნდა გვქონდეს. ვიღაცეები ამის გამო, თუ დააკვირდებით არქიტექტურას, აივნებს აკეთებენ ვიწროს და არის მოუხერხებელი და უაზრო. კანონის ჩანაწერიც  არის უაზრო… დაბალი შენობა ყოველთვის კარგი არ არის. დაბალი შენობა ნიშნავს მოშენების მეტ ფართობს, რის გამოც რეკრიაციისთვის და ყველაფრისთვის ნაკლები ფართობი რჩება“, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

„რივიერას“ ტერიტორიაზე ოთხი საცხოვრებელი შენობა და ორი სასტუმრო აშენდება. „ბინების რაოდენობა დამოკიდებული იქნება იმაზე, იქნება თუ არა დიდ ბინებზე მოთხოვნა, ბინების რაოდენობა ნაკლებია, თუ იქნება პატარა ბინებზე მოთხოვნა, ბინების რაოდენობა დაახლოებით რამდენი იქნებ ჯერ ვერ გეტყვით. იგივე ეხება სასტუმროს ნომრებსაც – როცა საბოლოო პროექტი გვექნება, მაშინ დაზუსტდება“, – აცხადებენ კომპანიაში.

„შენობის დიზაინი, არქიტექტურა შედგება რამდენიმე ეტაპისგან: პირველი არის კონცეფცია, მეორე ეს არის სქემატური დიზაინი, სადაც უკვე დეტალებში მიდის მუშაობა და მესამე არის მუშა ნახაზები. უცხოელები კონცეფციას და სქემატურს აკეთებენ, მუშა ნახაზებს კი ქართველები გააკეთებენ. ბათუმის მერიასთან უცხოელი არქიტექტორები ვერ იმუშავებენ, ამიტომ დეტალურ ნახაზებზე და პროექტის შეთანხმებაზე ქართველი არქიტექტორები იზრუნებენ“, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

მისივე თქმით, თუ მერია დავალებას მისცემს, ერთ თვეში გრგ-ს გააკეთებენ.

—————

ბათუმში მიმდინარე და დაგეგმილი მრავალსართულიანი სახლების მშენებლობის გამო ბათუმში საპროტესტო აქცია „არა ჩაბეტონებას“ გაიმართა. აქციის მონაწილეთა ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა დადგინდეს „ძველი ბათუმის“ ისტორიული საზღვრები, კვლევის შედეგად არსებულ საზღვრებში. იგულისხმება კომპანია „გეოგრაფიკის“ მიერ ჩატარებული კვლევა, რომლის მიხედვითაც მერიამ ისტორიული ბათუმის დაცვის ზონის საზღვრები დაადგინა. აქციის ორგანიზატორი საზოგადოება „ბათომი“ იყო.

ბათუმი, ხედი „ეშმაკის ბორბლიდან“ / მწვანე მინდორი ის ადგილია სადაც პროექტის – „ბათუმი რივიერას“ განხორციელება იგეგმება / 10.10.2018, ფოტო: „ბათუმელები“

„ტრამპ თაუერი“ [რენდერი] , რომლის ნაცვლად „სილქ თაუერი“ უნდა აშენდეს. „სილქ როუდში“ აცხადებენ, რომ ახალი პროექტი ჯერ მზად არ აქვთ.

„სილქ როუდში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპისთვის მხოლოდ ტერიტორიის განვითარების კონცეფცია აქვთ, რომელიც აჭარის მთავრობასთან შეთანხმებულია. ბათუმის მუნიციპალიტეტისგან გრგ-ს დავალების მიღებისა და შემდეგ მისი დამტკიცების შემთხვევაში კი მიმართავენ მერიას კონკრეტული პროექტით, შესათანხმებლად.

ხედი „ბათუმი რივიერას“ კუთვნილი ტერიტორიიდან / 10.10.2018 / ფოტო: „ბათუმელები“

„სილქ როუდის“ კუთვნილი ტერიტორია ბათუმში, სადაც კომპანია პროექტის – „ბათუმი რივიერას“ განხორციელებას გეგმავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: