მთავარი,სიახლეები

მოსამართლე პოლიციელის მკვლელობის საქმეზე: აქ შემოსვლამდე ფანჯარაში გავიხედე

10.10.2018 • 2337
მოსამართლე პოლიციელის მკვლელობის საქმეზე: აქ შემოსვლამდე ფანჯარაში გავიხედე

“გთხოვთ, უზრუნველყოთ პროცესზე ყველა მხარის დასწრება… მე, პირადად, მაყენებენ შეურაცხყოფას, ბრალდებულის ახლობლებს კი აქ შემოსვლის უფლება არ მისცეს. ისინი სასამართლოს მოპირდაპირედ, ერთ კუთხეში არიან შეყუჟული,” – მიმართა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილს ადვოკატმა დალი იმნაიშვილმა პროცესის დაწყებისთანავე.

პროცესზე შესვლის უფლება ბრალდებულ ბესიკ ტაკიძის ახლობლებს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა არ მისცეს.

საუბარია ქობულეთში, მუხაესტატეს პოლიციის უფროსის, მურად [ბუტა] ანთაძის მკვლელობაზე. იგი ქობულეთი-მუხაესტატეს საავტომობილო გზაზე 15 ივნისს მოკლეს. ამ დროს ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის მორიგი ხე გადაჰქონდათ.

გამოძიების ვერსიით, მკვლელობაში ბრალდებულმა სამზარეულოს დანა ზურგიდან ჩაარტყა პოლიციელს. ბუტა ანთაძე ქობულეთის საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

საბრალდებო დასკვნის მიხედვით, ბესო ტაკიძეს წლების განმავლობაში უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა პოლიციის უფროსის, ბუტა ანთაძის მიმართ. 2014 და 2015 წლებში ბესო ტაკიძე მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების თანამშრომლებს სამჯერ დაუკავებიათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო. სასამართლომ ბესო ტაკიძე ხულიგნობის ჩადენაში – ორჯერ, ხოლო პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში ერთხელ მიიჩნია სამართალდამრღვევად.

“თქვენ რა სინდისით მოდიხართ აქ, ვის იცავთ?” – მიმართეს მოკლული პოლიციელის ოჯახის წევრებმა ბრალდებულის ახლობლებს დღევანდელი პროცესის დაწყებამდე. მხარეებს შორის პოლიციელები ჩადგნენ, რომლებიც სიტუაციის განმუხტვას ცდილობდნენ. საბოლოოდ, ბრალდებულის ახლობლებს სასამართლოს შენობაში შესვლის საშუალება არ მიეცათ და პროცესი მათ გარეშე დაიწყო.

“გთხოვთ, არ დაძაბოთ სიტუაცია,” – რეპლიკით უპასუხა ადვოკატს პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ.

“ეს იწვევს უსამართლობის განცდას… ირღვევა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი”, – თქვა მოსამართლე გიორგი გრატიაშვილმა.

მოსამართლემ განმარტა, რომ სასამართლო შენობის შიგნით ორივე მხარის ინტერესებს დაიცავს.

მოსამართლემ ადვოკატს ასევე უთხრა, რომ პროცესზე შესვლამდე ფანჯარაში გაიხედა:

“ფანჯარაში გავიხედე და დავინახე, რომ ერთი ქალბატონი მოდიოდა ღიმილით… აქაც, წინა პროცესზე, კუთხეში მჯდომი ერთი მამაკაცი იღიმოდა. მინდოდა მისთვის მეთქვა, რომ აქ სასაცილო არაფერია-მეთქი, მაგრამ მოვერიდე სიტუაციის გამწვავებას,” – თქვა მოსამართლემ.

დღევანდელ პროცესზე ბრალდებულის გამოცხადება პენიტენციურმა დაწესებულებამ ვერ შეძლო. სასამართლოს ინფორმაციით, ბადრაგის სამსახურის ავტომანქანა, რომლითაც ბრალდებული ბათუმში მოჰყავდათ, სამტრედიასთან გაფუჭდა.

“5 საათამდე გადაიდება პროცესი… ხუთ საათზე კი სასამართლო კარს გაუღებს ორივე მხარეს. გული გაიმაგრეთ, ვისაც გასამაგრებელი გაქვთ გული და მოითმინეთ,” – მიმართა მოსამართლემ დარბაზში მყოფებს და სხდომათა დარბაზიდან გავიდა.

დღევანდელ პროცესზე სასამართლო იმ პოლიციელების ჩვენებებს მოისმენს, რომლებიც პოლიციელის მკვლელობას შეესწრნენ.

რა გააკეთეს სასამართლოს შენობასთან მყოფმა სამართალდამცველებმა იმისთვის, რომ მოქალაქეებს ღია სხდომაზე დასწრების საშუალება ჰქონოდათ? – შსს-ს ამ დრომდე განმარტება ამ საკითხზე არ გაუკეთებია.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: