მთავარი,სიახლეები

72 წლის მხედარი 18 ცხენს და 30 ბავშვს წვრთნის

08.10.2018 • 4489
72 წლის მხედარი 18 ცხენს და 30 ბავშვს წვრთნის

დილის ოთხ საათზე დგება, 5 ცხენს ავარჯიშებს, ამასობაში ბიჭებიც მოდიან და დანარჩენ ცხენებსაც ავარჯიშებენ. 72 წლის ცხენოსანი, პავლე კაპანაძე სამტრედიის საცხენოსნო კლუბის არაბული, ინგლისური და ამერიკული ჯიშის 18 ცხენს უვლის. მთელი დღე 8-დან 18 წლამდე ახალბედა ცხენოსნებს ავარჯიშებს. როგორც პავლე კაპანაძე გვეუბნება, თუ, მაგალითად, ინგლისურ ცხენს სამი დღე არ ავარჯიშებ, მთელი წლის შრომა წყალში იყრება, მის სასურველ ფორმაში ჩადგომას  კი შემდეგ სამთვიანი ძალისხმევა სჭირდება.

72 წლის მხედარი უკვე 55 წელია დოღში მონაწილეობს და ჯირითობს, 38 წელია სამტრედიის საცხენოსნო კლუბის დირექტორად მუშაობს. ეს კლუბი 1968 წელს მამამისმა დააარსა. ცხენოსანია პავლე კაპანაძის შვილიც – გივი კაპანაძე. ჯირითი მათთვის საოჯახო, ტრადიციული სპორტის სახეობაა.

სამტრედიის გარდა საცხენოსნო კლუბები არის ფოთში, ბათუმში, ზუგდიდში, სამტრედიაში, აბაშაში, ხონში, ქუთაისსა და თბილისში.

ჯირითი და ცხენოსნობის შესწავლა იაფფასიანი სიამოვნება არ არის. სხვადასხვა საცხენოსნო კლუბში ცხენით ერთსაათიანი გასეირნების ფასი 20 ლარიდან იწყება. 12 გაკვეთილის ფასი კი ერთი თვის განმავლობაში 180-დან 300-მდე ლარია. ფასები ბავშვებისა და უფროსებისთვის განსხვავებულია.

პავლე კაპანაძე სამტრედიის საცხენოსნო კლუბში ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ასწავლის ცხენოსნობას. ამბობს, რომ ასე ამ სპორტის ტრადიციულ სახეობას თაობიდან თაობას გადასცემს.

„სქოლიოზით დაავადებული ბევრი ბავშვი მოჰყავთ ჩვენთან, ფული ბავშვებს როგორ უნდა გამოვართვა? ვისაც უნდა და როცა უნდა შეუძლია მოვიდეს ჩვენთან და ცხენით გაისეირნოს. ერთი ეს არის, რომ დამოკიდებულება შეიცვალა: ადრე ახალგაზრდები რომ მოდიოდნენ კლუბში, ცხენის თოკით გასეირნების ნებართვა რომ აეღოთ ერთი საათით, ამისთვის 6 თავლას დაასუფთავებდნენ, დააკრიალებდნენ, ახლა ზოგიერთი შემოდის და მედიდურად მეუბნება „გამიწყე უნაგირი, დამიდგი ცხენზე“, საწყენია,“ – ამბობს პავლე კაპანაძე.

გამოცდილი ცხენოსნის თქმით, თავლაში დაბმულ ცხენს თუკი არ ავარჯიშებ, დღეში 6 კგ. საკვები სჭირდება. რეკომენდებულია ბეწვის ხშირად გაწმენდა, შხაპის მიღება. პავლე კაპანაძე ამბობს, რომ ცხენი პატრონს მოვლის პროცესში ეჩვევა.

„ადამიანივით ესმის ცხენს ყველაფერი, აბა, რა არის? ვკითხავ ჩემს ცხენს: ფაცურა, შაქარი გინდა? – და დამიქნევს თავს, მინდაო.

მერე ვკითხავ: როზგი თუ გინდა-მეთქი და გააქნევს უარის ნიშნად – არაო.

სამტრედიის საცხენოსნო კლუბში ფაცურას გარდა სხვა ცხენებიც ჰყავთ სახელად: ასპარეზი, ქუჭია, ბროლიანი, ლურჯა, ბავარია, ხორუმი, ციყვი, პუმა და სხვები.

სამტრედიის საცხენოსნო კლუბი არასამეწარმეო, არაკომერციული იურიდიული პირია. როგორც კლუბის დირექტორი ამბობს, 18 ცხენის სრულფასოვან მოვლა-შენახვას წელიწადში დაახლოებით 32 ათასი ლარი სჭირდება, სახელმწიფო კი მათ 24 ათასზე მეტს  ვერ ურიცხავს.

პავლე კაპანაძე: „ტენდერს როცა გამოაცხადებენ, აღმოსავლეთ საქართველოში მოსავლიანობისას ვყიდულობ თივას და მარცვლეულს – მხოლოდ ამას ჰყოფნის წლიდან წლამდე 24 ათასი ლარი. თივისა და მარცვლეულის გარდა ცხენს სტაფილო, ხილი, წამლები, მოვლის საშუალებები სჭირდება. ჩემი ხელფასი თვეში 320 ლარია. 200 ლარი ოჯახში მეხარჯება, 120 ლარს ცხენების წამლებს ვახმარ: კრემები კიდურების დაზიანების დროს, ნემსები, ჭიის წამლები… ათასი რამეა საჭირო.

ერთხელ კვიცს დედა მოუკვდა და რძის გარეშე დამრჩა. სახლში ძროხა გვყავს, მოვწველიდით და კვიცს ვასმევდით რძეს, ასე გადავარჩინეთ და გავზარდეთ“.

ცხენების სიცოცხლის ხანგრძლივობა გარდა მოვლა-პატრონობისა, შეფერილობაზეცაა დამოკიდებული. შავი ცხენი ყველაზე ცოტა ხანს – 20 წელიწადს ცოცხლობს. შავი ფერი მზის სხივებს შთანთქავს და ყველაფერი ორმაგად მოქმედებს ცხენზე. წაბლისფერი და ოქროსფერი ცხენები 25 წელს ცოცხლობენ. ყველაზე დიდხანს კი – 35 წელიწადს თეთრი ცხენი ცოცხლობს. როგორც პავლე კაპანაძე გვეუბნება, ცხენის 1 წლის სიცოცხლე ადამიანის 5 წლის სიცოცხლეს უდრის.

ბავშვებს 8-9 წლიდან თავისუფლად შეუძლიათ ისწავლონ ცხენოსნობა. ცხენი კი 2 წლის როგორც გახდება, 1200-მეტრიან დისტანციაზე ჯირითისთვის ამზადებენ. 3 წლის ცხენები უკვე დიდ დოღებშიც იღებენ მონაწილეობას.

პავლე კაპანაძე იხსენებს დროს, როცა აფხაზეთის საცხენოსნო კლუბებთან ერთად ხშირად იმართებოდა დოღი და ისინდი. კლუბები იყო გაგრაში, სოხუმში, გუდაუთაში, ოჩამჩირეში, ტყვარჩელში, გულრიფშსა და გალში.

„ხშირად ტარდებოდა დოღი ქართველებისა და აფხაზების მონაწილეობით, ძმებივით ვიყავით. არეულობის პერიოდშიც კი ორჯერ ჩამოვიდა სოხუმის ცხენოსანთა გუნდი, ორჯერ ჩამოვიდა ოჩამჩირის გუნდი, გუდაუთის, გალის გუნდები ჩამოვიდნენ 92-93 წლებში.

მე ისინი ტყვიას არასდროს მესვრიან და არც მე ვესვრი. ალბათ ყველამ რაღაც დავაშავეთ, არ ვიცი რა მოხდა, რამ დაგვაშორა. ნეტა, ის დრო დადგებოდეს, ცხენოსნობა გახდეს ჩვენი დამაკავშირებელი სპორტი“, – ამბობს 72 წლის ცხენოსანი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: