მთავარი,სიახლეები

რას ყვებიან ახალსოფელში გარდაცვლილი მოქალაქის პოლიციელთან დაპირისპირებაზე

08.10.2018 • 3879
რას ყვებიან ახალსოფელში გარდაცვლილი მოქალაქის პოლიციელთან დაპირისპირებაზე

პოლიციისა და მოქალაქეების ვერსია ახალსოფლის ინციდენტზე განსხვავებულია. გუშინ, 7 ოქტომბერს, ახალსოფლის მოსახლეობამ მაგისტრალი მას შემდეგ გადაკეტა, როცა დასახლების ცენტრში 60 წლის ალექსი ლეონიძე გარდაიცვალა.

„ის განერვიულებული იყო იმის გამო, რომ პოლიციელი ხელით შეეხო, მომქაჩაო, ასე თქვა,“ – გვიყვება რამაზ სურმანიძე. ის ახალსოფლის დასახლების ცენტრში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში მუშაობს და ალექსი ლეონიძეს გარდაცვალებამდე რამდენიმე წუთით ადრე ესაუბრა.

„ყველა როლანდს ვეძახდით… მასწავლებელი კაცი იყო და პატივს ვცემდით. ამ ბოლო წლებში სკოლა მიატოვა და პროდუქტების მაღაზია გახსნა აქვე… გუშინ ღამით ყვირილის ხმა მომესმა და გამოვიხედე. როლანდის სახლი აქვეა, სუპერმარკეტების უკან. გამოვედი და როლანდი მოდიოდა აქეთკენ გაბრაზებული… მითხრა, რომ ბავშვები დატოვა ბებიასთან და იქედან ბრუნდებოდა მანქანით. ჭიშკართან მისულს გზა ჩაუკეტა თურმე პატრულმა. პოლიციელმა ალკოტესტის ჩატარება მოსთხოვა. ამას უთქვამს, ავად ვარ, გული მაწუხებს, სახლში შევალ უცებ, წამალს დავლევ და გამოვალო. პოლიციელებს ხელი მოუკიდიათ და ამაზე იყო გაბრაზებული, ეს როგორ მაკადრესო.

როლანდი სახლში აღარ შესულა, მე ასე მითხრა, არც წამლები დაულევია. პატრულს როცა უსაყვედურა, იქვე მეზობლის რამდენიმე ბიჭს გამოუვლია და პატრულს დაუწყეს ლაპარაკი, ასე რატომ იქცევითო. როლანდი ალკოტესტზეც გაატარეს და აღმოჩნდა, რომ ნასვამი არ იყო. პოლიციელები ჭიშკართან დატოვა და წამოვიდა აქეთ, რადგან მისი ცოლი სუპერმარკეტში იყო. ეს ამბავი მითხრა, ასე-ასე იყოო და წავიდა ცოლის მარკეტისკენ. იქ შესვლა ვეღარ მოასწრო, ტროტუარზე წაიქცა და მაშინ გამოვიძახეთ სასწრაფო, ნახევარი საათი დააგვიანდა, ექიმები რომ მოვიდნენ, როლანდი უკვე აღარ იყო,“ – ამბობს ახალსოფლის მკვიდრი, რამაზ სურმანიძე.

შემთხვევის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გუშინვე გაავრცელა ინფორმაცია. უწყების ცნობით, პატრულის თანამშრომლებმა რამდენჯერმე მოსთხოვეს ალექსი ლეონიძეს ავტომანქანის გაჩერება გადამოწმების მიზნით, რაზეც მოქალაქემ უარი თქვა. მოქალაქის სახლთან ალკოტესტის შემოწმებით დადგინდა, რომ ალექსი ნასვამი არ იყო. პოლიციის ცნობით, მოქალაქეებმა სამართალდამცველებს დახმარებისთვის ამ შემთხვევიდან დაახლოებით 15-20 წუთის შემდეგ მიმართეს.

გუშინვე შსს-ს გენერალურმა ინსპექციამ ფაქტის მოკვლევა დაიწყო და პატრულ-ინსპექტორებს სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდათ.

„ჩვენ რატომ დავურეკვადით პატრულს, აქ იყვნენ და ბიჭები რომ დაელაპარკნენ, წავიდნენ… მოქალაქეებმა სასწრაფო გამოვიძახეთ მხოლოდ,“ – ამბობს შოთა პატარაძე.

მოქალაქეების თქმით, პოლიციელი ა. ლ. ფიზიკურად შეეხო გარდაცვლილს და ამის თვითმხილველიც არსებობს, თუმცა ადგილზე ვერ გვითხრეს, უშუალოდ ვინ დაინახა პოლიციელისგან მოქალაქეზე შეხების ფაქტი.

„სიტყვიერი შეურაცხყოფა არ ყოფილა, წაბიძგა და რა უფლებით მომექცა ასეო, ამას ამბობდა თურმე… თუ წინააღმდეგობა გაუწია ადამიანმა პოლიციელს და სახლში მისი შეშვება არ უნდოდა, ჩაეწერათ მანქანის ნომერი და მოეთხოვათ მერე პასუხი,“ – გვითხრა რეზო ფუტკარაძემ.

მოქალაქეები ასევე გააღიზიანა შსს-ს მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ იმის შესახებ, რომ მოქალაქე საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. გუშინ, 7 ოქტომბერს, „ბათუმელებს“ სასწრაფო-სამედიცინო სამსახურში უთხრეს, რომ ადგილზე მისულ სამედიცინო ბრიგადას მოქალაქე გარდაცვლილი დახვდა.

ახალსოფელში მცხოვრებლები გასაუბრების დროს არ მალავენ იმას, რომ მათ მოქალაქის ნათქვამის უფრო სჯერათ, ვიდრე პოლიციელის, თუმცა ვერ ხსნიან კონკრეტულად რა ფაქტები განაპირობებს უნდობლობის სამართალდამცველების მიმართ.

გადაამეტეს თუ არა უფლებამოსილებას კონკრეტულმა პოლიციელებმა – დღეს უკვე ამის გარკვევა პროკურატურამ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა, სადაც აღნიშნულია:

„საქმე შემდგომი გამოძიებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში. გამოძიების დასრულებამდე პატრულ-ინსპექტორებს შეუჩერდათ სამსახურებრივი უფლებამოსილება.“

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში უწყებამ ასევე დაადასტურა, რომ მოქალაქემ ავტომანქანა საცხოვრებელი სახლის ეზოში შეიყვანა და შემდეგ გაიარა ალკოტესტირება. მოქალაქესთან დაპირისპირების შესახებ შსს არ საუბრობს.

„მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, რომ შემოწმებაზე უარის შემთხვევაში ავტომანქანა გადაყვანილი იქნებოდა საჯარიმო ავტოსადგომზე, მოქალაქემ უარი განაცხადა შემოწმებაზე, ავტომანქანა შეიყვანა საკუთარი საცხოვრებელი სახლის ეზოში, თვითონ კი დაბრუნდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟთან და მხოლოდ ამის შემდეგ, თანხმობა განაცხადა შემოწმებაზე,“ – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მთავარი ფოტო: ბათუმი, ახალსოფლის ცენტრი, სადაც 7 ოქტომბერს მოსახლეობა შეიკრიბა და მაგისტრალი გადაკეტა.

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: