მთავარი,სიახლეები

იხეირა თუ არა სუს-მა და აჭარის მთავრობამ მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შეძენით 

08.10.2018 • 4029
იხეირა თუ არა სუს-მა და აჭარის მთავრობამ მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შეძენით 

დღეს, 8 ოქტომბერს, გაერთიანებული ოპოზიციის სახელით განცხადება გააკეთა უმაღლესი საბჭოს ყოფილმა წევრმა, მედეა ვასაძემ. მისი განცხადებით, კითხვის ნიშნებს აჩენს 2015 წელს სახელმწიფოს მიერ დახარჯული თანხa, რითაც შეიძინეს ქონება, რომელიც შემდეგში მუსლიმთა სამმართველოს გადასცეს სარგებლობის უფლებით. მედეა ვასაძის ინფორმაციით, შეძენილი ქონების ღირებულება არ შეუფასებია აუდიტის სამსახურს.

„აჭარის მუსლიმთა სამმართველოს ჰქონდა მოთხოვნა, რომ მათთვის შეძენილიყო შენობა-ნაგებობა სამმართველოს გამართული ფუნქციონირებისთვის.

საქართველოს პრემიერ-მინისტრის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 4 მილიონი ლარი. ამ თანხამ გაიარა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო. ხელშემკვრელ მხარედ გამოვიდა რეგიონის სამინისტრო და თითქოსდა 4 მილიონად შეიძინა ანგისის დასახლებაში ორი მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობა.

აღნიშნულ გარიგებას თან არ ახლავს აუდიტის შეფასება ქონების რეალურ მდგომარეობაზე. გადახდილ თანხასა და ამ ქონების რეალურ ფასს შორის ისეთი შეუსაბამობაა, გვაქვს ვარაუდი, რომ ორი მილიონი ლარი დაილექა მაღალჩინოსანთა ჯიბეებში,“ – აცხადებს მედეა ვასაძე.

„ბათუმელებმა“ ამ საკითხზე განმარტების მისაღებად მიმართა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს. გვაინტერესებდა, არის თუ არა ამ ქონების შესყიდვებში სახელმწიფო აუდიტის დასკვნა და ასევე ის, თუ ზუსტად რა თანხა დაიხარჯა ბიუჯეტიდან იმ ქონების შესყიდვაში, რომელიც შემდეგ მუსლიმთა სამმართველოს გადაეცა სარგებლობის უფლებით.

აჭარის ფინანსთა ეკონომიკის სამინისტროსგან ამ დრომდე ვერ მივიღეთ კითხვებზე პასუხი.

თუმცა, „ბათუმელების“ არქივში ინახება განკარგულება, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ მუსლიმთა სამმართველოსთვის ერთ-ერთი შენობა და მიწის ნაკვეთი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2 263 500 ლარად მოქალაქე გულნარა მიქელაძისგან შეიძინა. მთავრობამ გულნარა მიქელაძის ქონება იყიდა 2015 წელს.

ამავე განკარგულების მიხედვით, კიდევ ერთ შენობაში მთავრობას 1 000 000 აშშ დოლარი აქვს გადახდილი.

მედეა ვასაძე

მედეა ვასაძემ დღეს, 8 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე კიდევ ერთ საკითხზე გაამახვილა ყურადღება. მისი ინფორმაციით, სამუფთო სამმართველოსთვის ქონების შეძენის გარიგებაში უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ.

„ამ გარიგებაში აქტიურად იყო ჩაბმული აჭარის უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსანი ვასილ (უჩა) შანიძე,  რომელიც შემდეგ ამ თანამდებობიდან გადაიყვანეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მრჩევლად. ვფიქრობ, რომ ის დღესაც აგრძელებს მუშაობას.

მისი უშუალო მფარველია საქართველოს უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე გრიგოლ ლილუაშვილი, რომელიც ამ ბოლო დროს სერიოზულ სკანდალებშია გახვეული.

მუსლიმთა სამმართველოსთვის შესყიდული ერთ-ერთი შენობის მესაკუთრე კავშირშია ვასილ შანიძესთან, რადგან ჭავჭავაძის ქუჩაზე როცა დაიწყო მაღალსართულიანი სახლების მშენებლობა, ამ სახლებში იმ სახლის ყოფილ მფლობელს შესყიდული ჰქონდა რამდენიმე ბინა, რომელიც შემდეგ საკუთრებაში გადაეცა ვასილ შანიძეს. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ სახელმწიფოს მიერ შეძენილ ქონებაში გადახდილი თანხები არის შეუსაბამო“.

რამდენად რეალურია მედეა ვასაძის განცხადების მეორე ნაწილი? როგორც „ბათუმელებმა“ შესაბამისი დოკუმენტების საფუძველზე გაარკვია, გულნარა მიქელაძის მეუღლე და უჩა შანიძის ოჯახი მართლაც გადაიკვეთა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, გულნარა მიქელაძის მეუღლე ჰარუნ მიქელაძე ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ფლობდა მიწის ნაკვეთს, რომელიც 2012 წელს შპს „ბათმშენს“ მიჰყიდა პირობით. რეესტრის დოკუმენტებით ჩანს, რომ შემსყიდველს – შპს „ბათმშენს“ ჭავჭავაძის 34 ნომერში, ახალაშენებულ მრავალფუნქციურ სახლში ორი ბინა უნდა გადაეცა ჰარუნ მიქელაძისთვის. იმავე მისამართზე  ორი – 119.70 კვადრატული მეტრი და 68.30 კვადრატული მეტრი ბინა ჰარუნ მიქელაძეს მართლაც გადასცა „ბათმშენმა“. ჰარუნ მიქელაძემ ეს ქონება დაირეგისტრირა 2013 წელს. ეს ორივე ბინა კი უჩა შანიძის ოჯახის წევრმა – ანანო შანიძემ ჰარუნ მიქელაძისგან შეიძინა 2014 წელს.

„ბათუმელები“ დაუკავშირდა ვასილ (უჩა) შანიძესაც, რომელიც აცხადებს, რომ მუსლიმთა სამმართველოსთვის ქონების შესყიდვის საკითხში „იმ დოზით იყო ჩართული, რა დოზითაც სამსახურებრივად ევალებოდა. დანარჩენი გადაწყდა ხელისუფლების დონეზე“.

უჩა შანიძისთვის გვინდოდა გვეკითხა, არის თუ არა შემთხვევითობა ჰარუნ მიქელაძის ოჯახთან მისი ურთიერთობა [ერთი მხრივ, როცა მუსლიმთა სამმართველოსთვის შენობა იყიდეს ბათუმში, ანგისის დასახლებაში და მეორე მხრივ, როცა მისმა ოჯახის წევრმა იმავე პირისგან ორი ბინა შეიძინა ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე]. მაგრამ უჩა შანიძისთვის ამ კითხვის დასმა ვერ მოვახერხეთ. მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ „(მედეა ვასაძე) სისულელეს ამბობს. ეს თემა გავლილია პროკურატურაშიც, ანტიკორუფციულ სამსახურშიც, ასე რომ ქალბატონი მედეა რეალობას მოწყვეტილია“.

მთავარი ფოტო: შენობა, რომელიც აჭარის მთავრობამ 2 263 500 ლარად გულნარა მიქელაძისგან შეიძინა და სარგებლობაში მუსლიმთა სამმართველოს გადასცა / ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: