მთავარი,სიახლეები

საკრებულოს წევრები „ბათომის“ პროტესტზე: პროტესტს გააჩნია, პიროვნებას და რაოდენობას

06.10.2018 • 4667
საკრებულოს წევრები „ბათომის“ პროტესტზე: პროტესტს გააჩნია, პიროვნებას და რაოდენობას

„…მაგალითად, ჩემთან ხუთსულიან ოჯახში, ერთ-ერთს მაინც აქვს მომზადებულ კერძზე პროტესტი, ოთხი ვნაყრდებით და ერთიც შესაბამისობაშია. გამიგებთ ალბათ იუმორს. პროტესტის ფორმას გააჩნია, პიროვნებას და რაოდენობას,“ – ასეთ შედარებას იყენებს ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, თამაზ სალუქვაძე საკრებულოს ბოლო სხდომაზე საზოგადოება „ბათომის“ წევრების პროტესტს. ამ ორგანიზაციის წევრებმა მწვანე კონცხზე ხეების მოსალოდნელი გაჩეხვა გააპროტესტეს.

საკრებულოს წევრი ფიქრობს, რომ ბათუმში მიმდინარე მშენებლობების, მათ შორის ქალაქის ჩაბეტონების შესახებ საკუთარ ამომრჩეველს სხვა დამოკიდებულება აქვს. „სხდომათა დარბაზში საზოგადოების სახელით ორად-ორი ადამიანი ლაპარაკობდა“, – ამბობს ის და გულისხმობს „ბათომის“ წევრებს – შოთა გუჯაბიძესა და ირმა ზოიძეს, რომლებმაც მწვანე კონცხზე 27-სართულიანი კორპუსის მშენებლობაზე საკრებულოს თანხმობა ხმამაღლა გააპროტესტეს.

„ბათომში“ მიიჩნევენ, რომ ამ  გადაწყვეტილებით მწვანე კონცხის, რომელიც „უნიკალური მწვანე სივრცე და ბათუმის ფილტვებია,“ ჩაბეტონების შეუქცევადი პროცესი იწყება.

უმრავლესობის წევრმა თემის აჟიტირება საკრებულოს ოპოზიციასაც დააბრალა: „ჟურნალისტების თანდასწრებით ჩვენი ოპონენტები იტყვიან იცით რას? – დღეს რაკეტა ჩამოვარდა ბათუმში იუნკერთა საფლავების მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს ხელისუფლების ბრალია, მან ვერ გაუშვა სწორადო. იტყვიან ამ აბსოლუტურ სისულელეს და ტოვებენ სხდომათა დარბაზს.“

თამაზ სალუქვაძე სწორედ იმ უბნის [მწვანე კონცხი] მაჟორიტარია, სადაც საკრებულომ სარეკრეაციო ზონის ნაწილს სტატუსი შეუცვალა. მიზანი – ხეების ადგილას კორპუსის მშენებლობა.

კანონმდებლობის მიხედვით, ტერიტორიაზე ზონის შესაცვლელად მერიას და საკრებულოს ადგილობრივ მოსახლეობასთან საჯარო განხილვა უნდა მოეწყო. მწვანე კონცხზე კი ისე შეიცვალა ზონის სტატუსი, რომ მერიას პროექტის საჯარო განხილვა არ ჩაუტარებია. ამ მოსაზრებას არ ეთანხმებიან საკრებულოსა და მერიაში და განმარტავენ, რომ შესაბამისი დოკუმენტები საკრებულოს ვებგვერდზე იყო ატვირთული და  ინფორმაცია  გაზეთ „აჭარაშიც“ გამოქვეყნდა.

ინფორმაციის ვებდვერდზე ატვირთვის გარდა საკრებულო მერიას პროექტების საჯარო გაცნობის მოწყობასაც ავალებს. ამის შესახებ „ბათუმელებს“ საკრებულოს თავმჯდომარემ სულიკო თებიძემ განუმარტა:

„ჩვენ დადგენილებით ვავალებთ მერიას, რომ მოაწყოს სამშენებლო პროექტის საჯარო განხილვა წინასწარ“, – ამბობს სულიკო თებიძე. მაგრამ საკრებულოს თავმჯდომარეს არ აქვს ინფორმაცია, ასრულებს თუ არა მერია ამ დავალებას. მან საკრებულოს ბოლო სხდომაზე აღმოაჩინა, რომ საზოგადოებას ამ თემაზეც დიდი მოთხოვნა ჰქონია, ამიტომაც აპირებს გაიაროს კონსულტაცია იურისტებთან, რომ გაარკვიოს შეუძლია თუ არა ასეთივე საჯარო განხილვების მოწყობა საკრებულოს: „თუ კანონმდებლობა არ გვზღუდავს, აუცილებლად გავაკეთებთ ამას“.

იზიარებს თუ არა ქალაქში მიმდინარე პროცესზე პასუხიმგებლობას საკრებულო? – ამ მოწვევის საკრებულოში არ დაფიქსირებულა ერთი ფაქტიც კი, როდესაც უმრავლესობის რომელიმე წევრს არ მოეწონა რომელიმე სამშენებლო პროექტი და ხელი საკითხის დამტკიცების წინააღმდეგ აწია:

„ჩვენ ვესწრებით განხილვებს, როდესაც გვცალია, მერიას აქვს შენიშვნები და როდესაც ეს შენიშვნები ამოიწურება, შემდეგ შემოდის საკითხი საკრებულოში. ამის შემდეგ რატომ უნდა უთხრას საკრებულომ უარი, მე ხომ არქიტექტორი არა ვარ, რომ ჩემი შეფასებები გავაკეთო, მე ვუსმენ სპეციალისტებს“, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე.

გოჩა მგელაძე საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარეა. შესაბამისად, ბათუმში მიმდინარე სამშენებლო პროექტები მისი კომპეტენციის სფეროა. კითხვები საზოგადოების პროტესტზე ბათუმში მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით მას აკვირვებს: „…ვერ მივხვდი, რა მოსახლეობა იძახის არ აშენდესო?“ ის ერთადერთია კოლეგებს შორის, ვინც მიიჩნევს, რომ მწვანე კონცხთან დაკავშირებით მოსახლეობას არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს და „გადარიეს“.

„…ეს არის ერთი კონკრეტული საკუთრება, სადაც ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო ექვსი თვის უკან. ვითომ ბოლოს გაიგო ყველამ, არაფერი არ შემოსულა  წარმოების პროცესში და როდესაც ამბობენ, არ ვიცოდითო, რა თქმა უნდა, იტყუებიან. თუ არ იცოდნენ, რა ჩვენი ბრალი იყო? – წარმოება მიმდინარეობდა ექვსი-შვიდი თვის განმავლობაში, “ – ამბობს გოჩა მგელაძე.

კითხვებს კითხვებითვე უპასუხა საკრებულოს წევრმა „ოცნებიდან“ ზურაბ ნაკაიძემაც, რომელიც განმარტებას „ორ კაცზე“ საუბრით იწყებს:

„ხომ გააკეთა მერიამ კომენტარი, ჩემგან რაღა გინდათ? – საზოგადოებას ვის გულისხმობთ, გუჯაბიძეს და ორ კაცს? – არაა ჩემი თემა და მაგ თემაზე მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. როგორც საკრებულოს წევრი მხარს ვუჭერ ამ საკითხს, მაგას არც კომენტარი უნდა, არც არაფერი, ჩანს ყველაფერი პირდაპირ ეთერში. რა არგუმენტი მაქვს? – განმარტებით ბარათში წერია ყველაფერი. ესე იგი დავეთანხმე იმ მოტივს, რომ ხმა მივეცი, ხომ? “.

კომენტარისგან თავი შეიკავა საკრებულოს წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა. მან გვითხრა, რომ თემაზე „ბათომის“ აქციის შემდეგ ისაუბრებს: „რეაქცია რომ ვიხილოთ მეც და თქვენც, საინტერესოა ჩემთვის. ვნახოთ რამდენი ამომრჩეველია წინააღმდეგი“.

ნერიმან ცინცაძე „ოცნების“ უმრავლესობის წევრებს შორის ბათუმის საკრებულოში გამონაკლისია. ის მიიჩნევს, რომ მასშტაბური მშენებლობები  ბათუმში მართლაც პრობლემაა და ბათუმმა თავისი იერ-სახე უნდა შეინარჩუნოს:

„აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ჩვენი ქალაქის ინტერესები. არ მინდა მოხდეს რაღაცა ისეთი, რაშიც მე, პირადად, ვიქნები დამნაშავე. ძალიან სერიოზულად ვფიქრობ ამაზე, ამით არ გავაკეთებთ რაიმე ისეთს, რომლისაც ჩვენ შეგვრცხვება. საზოგადოების ინტერესს დიდ ყურადღებას ვაქცევ და არასამთავრობო ორგანიზაციების აზრსაც ვითვალისწინებ.“

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ლაშა სირაბიძემ „ბათუმელებთან“ ინვესტიციის  განხორციელებაზე ისაუბრა და ამით ახსნა თუ რატომ დაეთანხმა მშენებლის მოთხოვნას.

 

 

 

 

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: