მთავარი,სიახლეები

„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდ დაკავებულ ტერიტორიას სამინისტრო 2 წლით ასხვისებს

05.10.2018 • 3884
„ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდ დაკავებულ ტერიტორიას სამინისტრო 2 წლით ასხვისებს

ბათუმის სასპორტო სკოლის მიმდებარედ 3022 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკუთრებაა და „ორბი ჯგუფი ბათუმის“ მიერ უნებართვოდაა დაკავებული, ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო პირობებიან აუქციონზე ორი წლით ასხვისებს. საწყისი წლიური სარგებლობის საფასური 157 ათასი ლარია, ბიჯი – 4 ათასი ლარი.

სარგებლობის მოქმედების ვადაა 2020 წლის 17 ოქტომბრის ჩათვლით. მოიჯარეს წარმოეშვება ვალდებულება ხელშეკრულების შეწყვეტის თაობაზე სამინისტროს შეტყობინების მიღების დღიდან ერთ თვეში გამოათავისუფლოს საიჯარო ქონება. ქონებაზე გაწეული ხარჯები არ ანაზღაურდება. 

აუქციონის განაცხადში აღნიშნულია, რომ „აღნიშნული ტერიტორია დაკავებულია მესამე პირის მიერ, სადაც განთავსებულია სამეურნეო ეზო“. 

აღნიშნული მიწის ნაკვეთი, რომელსაც „მესამე პირი“, ამ შემთხვევაში „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სამეურნეო ეზოდ უნებართვოდ იყენებს,  აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 2017 წლის აგვისტოში 5 მილიონ 745 ათას ლარად გაყიდა. ნაკვეთი შპს „მწვანე ხეივანმა“ იყიდა, რომელიც ქონების შეძენამდე 10 თვით ადრე იყო დარეგისტრირებული. ამ კომპანიას აქ არანაკლებ 40 მილიონი ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა, თუმცა სამინისტრომ მასთან ხელშეკრულება შეწყვიტა.

სამი თვის წინ კი ეს ტერიტორია „ორბი ჯგუფი ბათუმმა“ თვითნებურად შემოღობა.

მიუხედავად იმისა, რომ ნებართვა არ ჰქონდა, „ორბმა“ სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.

რატომ ვერ იცავს აჭარის მთავრობა სახელმწიფო ქონებას და რას უპირებს სამინისტრო ამ მიწის ნაკვეთს? – დაახლოებით ორი თვის წინ ამ კითხვაზე „ბათუმელებმა“ სამინისტროსგან ასეთი პასუხი მიიღო: „ორგანო, რომელიც რეაგირებას ახდენს ასეთ შემთხვევაში, არის მერია და ახლა უნდა დაველოდოთ შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს. რაც შეეხება ქონებას, თუ ვინმე დაინტერესდება ამ მიწის ნაკვეთით, სამინისტრო მზად არის იმსჯელოს და მიიღოს კანონის შესაბამისი გადაწყვეტილება ქონების განკარგვაზე“.

როგორც ჩანს, სამინისტრომ „იმსჯელა“ და გადაწყვიტა, რომ ტერიტორია, სადაც ადრე 40 მილიონი ლარის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავდა, ამჯერად ორწლიანი იჯარით გასცეს. მოიჯარე დიდი ალბათობით „ორბი ჯგუფი ბათუმი“ იქნება.


სასპორტო სკოლის შენობის უკან „ორბი ჯგუფი ბათუმი“ სასტუმრო კომპლექსს აშენებს, მიმდებარე რამდენიმე ნაკვეთი კი იჯარით აქვს აღებული. ერთ-ერთ ნაკვეთთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მიმდინარე წლის მაისში გვითხრეს, რომ იჯარით იყო გაცემული, თუმცა, საჯარო რეესტრის მიხედვით, საიჯარო ხელშეკრულება „ორბი ჯგუფი ბათუმთან“ ერთი თვის შემდეგ, 27 ივნისსაა გაფორმებული.

რა ბედი ელის ბათუმის სასპორტო სკოლის შენობას, როცა ლეონიძის ქუჩაზე ახალი სპორტკომპლექსი აშენდება? –

„ბათუმის სასპორტო სკოლის“ დირექტორის, ირმა ნიჟარაძის თქმით, „იმ ორ ფლიგელში [რომლებიც დაიშალა] რა სახეობებიც იყო, გადადის ლეონიძის ქუჩაზე. რაც შეეხება ადმინისტრაციას, ან გადავალთ, ან აქ ვიქნებით, მაგრამ ის სამი სახეობა, რაც ამჟამად არის ფიროსმანის ქუჩაზე მდებარე შენობაში, დარჩება აქვე. ეს სახეობებია კალათბურთი, ფრენბურთი და ფარიკაობა. ამ სახეობების ალტერნატიული ფართობები სხვაგან არ გვაქვს და არც ლეონიძის ქუჩაზე მშენებარე კომპლექსშია გათვალისწინებული“.

ფიროსმანის ქუჩაზე მიმდინარე წლის დასაწყისში „ორბს“ ავტოფარეხიც ააშენებინეს, სადაც საკუთარ ავტომობილს პარლამენტარი მუხრან ვახტანგაძე აჩერებს.

„ეს ავტოფარეხი კომპანია „ორბს“ ვთხოვეთ და გაგვიკეთა. ერთი მანქანა ჩვენია და ერთიც, როცა აქ არის მუხრანი [ვახტანგაძე], ადგილი არის და აჩერებს, კი,“ – გვითხრა მაშინ სატელეფონო საუბარში „ბათუმის სასპორტო სკოლის“ დირექტორმა, ირმა ნიჟარაძემ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: