საქართველოს ოთხ ქვეყანაში ახალი ელჩები ჰყავს

საქართველოს პრეზიდენტმა თურქეთში, იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში, ლატვიისა და ავსტრიის რესპუბლიკებში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩები დანიშნა.

საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი ჯანჯღავა იქნება. იგი 2014 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) კი, საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა.

იორდანიის ჰაშიმიტურ სამეფოში საქართველოს ელჩი ზაზა კანდელაკი იქნება. კანდელაკი 2013 წლის მარტიდან 2018 წლის  ოქტომბრამდე უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო.

ლატვიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი თეა მაისურაძე იქნება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტის დირექტორი იყო.

ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თანამდებობებზე, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დავით დონდუა დაინიშნა, რომელიც აქამდე საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილედ მუშაობდა.

საქართველოს პრეზიდენტი ახალ ელჩებს დღეს, 5 ოქტომბერს, პრეზიდენტის სასახლეში შეხვდა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი