სიახლეები

ბათუმში „ყინულის შადრევანი“ იშლება – რას გეგმავს მერია

05.10.2018 • 4057
ბათუმში „ყინულის შადრევანი“ იშლება – რას გეგმავს მერია

ბათუმში „ყინულის შადრევანი“, რომელიც გმირთა ხეივნის წინ, იუსტიციის სახლთან მდებარეობს, ფაქტობრივად იშლება – მონუმენტის მინის კონსტრუქციები ჩამოშლილია, კარგა ხანია არ მუშაობს განათება და აუზი.

„ყინულის შადრევნის“ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოა. სამმართველოში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ მხოლოდ მასალისთვის, რითაც მონუმენტია აშენებული, 300 000 ლარია საჭირო.

„ვმუშაობთ ხარჯთაღრიცხვაზე, თუ რა თანხა დასჭირდება მონუმენტის აღდგენას. ამ დროისთვის მხოლოდ შესაბამისი მასალის ფასი გვაქვს დაახლოებით დადგენილი. არსებული კონსტრუქცია გვინდა უფრო მყარი და ხარისხიანი მასალით ჩავანაცვლოთ. საჭირო იქნება ლაზერული განათების მოწყობა, აუზის ამუშავება, თუმცა, ქვემოთ მოწყობილ მარმარილოს ალბათ არ შევეხებით… დეტალებზე ვმუშაობთ,“ – გვითხრა სამმართველოს ხელმძღვანელმა სულხან ევგენიძემ.

შეიცვლება თუ არა მონუმენტის ვიზუალი და ვრცელდება თუ არა მასზე საავტორო უფლება? – როგორც სულხან ევგენიძე ამბობს, ამ კუთხით სპეციალისტებს ჩართავენ: „რაც შეეხება საავტორო უფლებას, ეს მონუმენტი თავის დროზე ესპანელების მიერ დაპროექტდა,  ამოვიღებთ ხელშეკრულებას, ვნახავთ პირობებს და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ“.

„ყინულის შადრევანი“ ბათუმში / 5.10.2018 / გურამ მურვანიძის ფოტოები

„ყინულის შადრევანი“ ბათუმში – მინის დეტალები ჩამოშლილია

დაზიანებულ მონუმენტთან სასრიალო მოედანიცაა დაზიანებული ღობით. სულხან ევგენიძის ინფორმაციით იგეგმება ამ მოედნის გაუქმება.

სასრიალო მოედანი გმირთა ხეივანში, რომელსაც მერია აუქმებს

გმირთა ხეივანში ნაგვის ურნები დღემდე არ არის განთავსებული.

„გვაქვს ახალი სკამების, ასევე ნაგვის ურნების ესკიზები, გვინდა მეტი გამწვანების შეტანაც… ვფიქრობთ, ეს ყველაფერი, მონუმენტის რეაბილიტაცია და სასრიალო მოედნის დემონტაჟიც, გავაერთიანოთ და ისე გამოვაცხადოთ ტენდერი“ – აცხადებს სულხან ევგენიძე. მისივე თქმით, მოხერხდება თუ არა ეს 2019 წლისთვის არ იცის: „ბევრი თანხა გვაქვს მოთხოვნილი მომავალი წლისთვის და რამდენით დაგვაფინანსებენ, ვერ გეტყვით“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: