მთავარი,სიახლეები

ვინ არიან კომისიაში, რომელიც აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის მსურველებს შეარჩევს

05.10.2018 • 2546
ვინ არიან კომისიაში, რომელიც აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრობის მსურველებს შეარჩევს

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობის კანდიდატს კომისია შეარჩევს, სადაც ხუთი კაცი წევრიდან მხოლოდ ერთს აქვს მედიაში მუშაობის გამოცდილება. საკონკურსო კომისიის უმაღლესმა საბჭომ შეარჩია. ამ კომისიამ საბჭოს შესარჩევად ბორდის წევრობის მინიმუმ სამი კანდიდატი უნდა შესთავაზოს.

საკონკურსო კომისიაში მედიაგამოცდილების მქონე მხოლოდ სოსო სტურუაა. ის „აჭარის ტელევიზიის“ დირექტორად მუშაობდა. ამჟამად სოსო სტურუა აჭარის მუზეუმის დირექტორის მოადგილე.

კომისიის წევრები ასევე არიან: ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, იურისტი ადამ მახარაძე; სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარის მოადგილე და დამოუკიდებელ ექსპერტთა კავშირის თავმჯდომარე ასლან ლორთქიფანიძე; „დემოკრატიის ინსტიტუტის“ აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ალექსანდრე ლორთქიფანიძე და ერმილე მესხია – ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი.

ნინო ჩხეტია, უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ დეპუტატებს მედიის მიმართულებით სხვა კანდიდატი არ მოუძებნიათ და არჩევანი სოსო სტურუაზე გააკეთეს, როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ყოფილ დირექტორზე. ნინო ჩხეტია განმარტავს, რომ საკონკურსო კომისიის წევრები სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების მიხედვით შეარჩიეს, რადგან „ტელევიზია არ არის მხოლოდ საინფორმაციო სამსახური, როგორც ეს ხშირად ჰგონიათ.“

საკონკურსო კომისიის შექმნის შესახებ განკარგულებას დავით გაბაიძე აწერს ხელს, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე. გადაწყვეტილების მიღებამდე დავით გაბაიძეს კონსულტაციები ფრაქციებთან გაუვლია, მათ შორის, ოპოზიციასთან.

„ოპოზიციასთანაც ჰქონდა საუბარი დავით გაბაიძეს, მათ არც მოსწონებიათ ვინმე და არც დაუწუნიათ – თავისი კანდიდატი არ წარმოუდგენიათ. მედიის მიმართულების გარდა, ჩავთვალეთ, რომ კომისიაში უნდა ყოფილიყო იურისტი, რადგან კანდიდატის შერჩევის პროცესში ხშირად კამათის საგანია შრომის და სტაჟის შეფასება. ტელევიზიას აქვს ასევე შემოქმედებითი ნაწილი და ამ მიმართულებით ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორზე შევთანხმდით. საზოგადოების ჩართულობის კუთხით იყო ასლან ლორთქიფანიძე დასახელებული და ამ მიმართულებითაც იყო თანხმობა, მას საკმაოდ პრინციპული პოზიციები ჰქონდა წლების განმავლობაში. ხოლო „დემოკრატიის ინსტიტუტს“ ყოველთვის ჰქონდა თავისი პოზიცია საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით,“ – გვითხრა ნინო ჩხეტიამ.

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობა 11 პირს სურს. ისინი გასაუბრებაზე საკონკურსო კომისიამ 13 ოქტომბრისთვის დაიბარა. გასაუბრების შედეგად შეარჩევს კომისია ბორდის წევრობის კანდიდატებს და უმაღლეს საბჭოს წარუდგენს, რომელიც მათგან ერთ პირს შეარჩევს.

ბორდში ვაკანსია მას შემდეგ გაჩნდა, როცა ზაზა ხალვაშმა თანამდებობა დატოვა – 2016 წლის მაისში. ორი წლის განმავლობაში უმაღლეს საბჭოს კონკურსი ბორდის წევრის შესარჩევად არ გამოუცხადებია.

„აჭარის ტელევიზიის“ ბორდის წევრობის კანდიდატები არიან:

1. გიგა ჩხარტიშვილი
2. ირაკლი ანთიძე
3. იაკინთე (ნიკა) ჩხარტიშვილი
4. ოლღა ჟღენტი
5. ნუგზარ (ბაჩუკი) ჩხეიძე
6. რაულ ბერიძე
7. ნათია სირაბიძე
8. ირაკლი კიკვაძე
9. ემზარ დიასამიძე
10. ნერონ აბულაძე
11. დიანა ვაშაყმაძე

ამ თემაზე:

უმაღლესი საბჭო აჭარის ტელევიზიის ბორდის წევრს ეძებს – ხელფასი 2625 ლარი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: