მთავარი,სიახლეები

„ამერიკის ვიზისთვის $20 ათასი გადავიხადე, მომატყუეს“ – ერთკაციანი აქცია პოლიციასთან ბათუმში

05.10.2018 • 17233
„ამერიკის ვიზისთვის $20 ათასი გადავიხადე, მომატყუეს“ – ერთკაციანი აქცია პოლიციასთან ბათუმში

„ამერიკის ვიზის მისაღებად 2 წლის წინ 20 ათასი დოლარი გადავიხადე, მომატყუეს,“ – ამბობს მოქალაქე მირზა მანველიძე. მან დღეს საპროტესტო აქცია პოლიციის აჭარის სამმართველოს შენობასთან გამართა და დამნაშავის დაკავება მოითხოვა.

მოქალაქის თქმით, თაღლითობის მუხლით გამოძიება ორი წლის წინ დაიწყო, თუმცა ამ დრომდე მას არც თანხა დაუბრუნეს და არც ვინმე დაუკავებიათ.

„ის ადამიანი, ვისაც ფული მივეცი, ისევ ბათუმშია, გუშინ ვესაუბრე. მითხრა, არ გიბრუნებ ფულსო… უკვე ყველაფერი გამოძიებულია, მაგრამ არაფერს აკეთებენ. ამ კაცს ფული მივეცი, რადგან ისე ამერიკის ვიზის მიღება ძნელია, იქ უნდა მემუშავა,“ – ამბობს მირზა მანველიძე.

მოქალაქე ასევე ამბობს, რომ გამომძიებელს რამდენიმე თვის წინ ესაუბრა და უთხრეს, რომ ძიება ამ საქმეზე დასრულებულია.

მირზა მანველიძეს პოლიციის სამმართველოში ამ დრომდე არავინ შეხვედრია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსცენტრის ინფორმაციით, ამ საქმის გამოძიება მიმდინარეობს და იგი არ დასრულებულა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: