მთავარი,სიახლეები

რუსეთის დელეგაციის პროვოკაცია ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადაზე – რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე 

04.10.2018 • 11171
რუსეთის დელეგაციის პროვოკაცია ბათუმში საჭადრაკო ოლიმპიადაზე – რუკა ოკუპირებული ტერიტორიების გარეშე 

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ბათუმში მიმდინარე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საქმე ისაა, რომ გუშინ, 3 ოქტომბერს, ბათუმში, მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართული ყრილობის მონაწილეებს  მსოფლიო რუკა დაურიგეს, რომელზეც საქართველო ოკუპირებული აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკების გარეშე იყო დატანილი. როგორც ცნობილი გახდა, გასაშლელი რუკა რუსეთის ქალაქ ხანტი-მანსიისკის [ხანტი-მანსის ავტონომიური ოკრუგისცენტრი]. დელეგაციის მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში აღმოჩნდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით მასპინძელმა – საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ განცხადება დღეს, 4 ოქტომბერს, ანუ მას შემდეგ გაავრცელა, რაც „ბათუმელებმა“ გააშუქა ეს საკითხი.

ჭადრაკის ფედერაციის განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:

„ბათუმის საჭადრაკო ოლიმპიადის ფარგლებში გამართულ ყრილობას, სადაც FIDE-ს პრეზიდენტი აირჩიეს, ხანტი-მანსიისკიდან დელეგაციაც ესწრებოდა. ოლიმპიადის მოხალისეებმა მათ მიერ დარიგებულ სასაჩუქრე ჩანთებში სუვენირებთან ერთად აღმოაჩინეს მინიატურული ზომის გასაშლელი რუკა, სადაც საქართველო აფხაზეთის და ცხივანლის რეგიონის გარეშეა. მოხალისეებმა ფაქტი საორგანიზაციო კომიტეტს აცნობეს. საორგანიზაციო კომიტეტმა მყისიერად მიიღო შესაბამისი ზომები სასაჩუქრე ნაკრებებიდან აღნიშნული რუკის ამოღების მიზნით.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაციას მიუღებლად მიაჩნია, სპორტულ ღონისძიებაზე პოლიტიკური ელემენტების შემოტანა, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის შელახვას”.

ბათუმის სპორტის სასახლეში 43-ე მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა 24 სექტემბერს დაიწყო. მასში 180 ქვეყნის 4000-მდე მოჭადრაკე მონაწილეობს.

მთავარი ფოტო: სეირან ბაროიანი/მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ოფიციალური ფეისბუქგვერდიდან

ამავე თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/161675/

გადაბეჭდვის წესი