მთავარი,სიახლეები

„დავმეგობრდეთ, ხო?“- რა სურთ დღის ცენტრის ბავშვებს

04.10.2018 • 3935
„დავმეგობრდეთ, ხო?“- რა სურთ დღის ცენტრის ბავშვებს

ყველას უყვარს ეთო. ეთოსაც ყველა უყვარს: დედა, მამა, საბა, ბიძინა, გიგა, ნუკრი, ზურიკო, ორი გელა: დიდი და პატარა, ნუკრი, ქეთი, დათა, გოგიტა, ლელი, ნიკა, მარიამი, ლაშა, ვახო, ქეთი, მარიამი, ანზორი, მზარეულები და მასწავლებლები, აღმზრდელები და დარაჯები – კითხვაზე, თუ ვინ არიან მისი მეგობრები ასე ვრცლად გვპასუხობს და ჩამონათვალი არ წყდება, უსასრულოა…

ეთო კალანდაძე 18 წლისაა და მას შემდეგ, რაც კოლეჯში გაკვეთილები უმთავრდება, ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, მახინჯაურის დღის ცენტრში მოდის. ზემოთ ჩამოთვლილი მეგობრებიც აქ გაიცნო, საუბრისას სულ გიღიმის და დამშვიდობებისას აუცილებლად გეტყვის: „დავმეგობრდეთ, ხო?“.

ამ ნახატზე საკუთარი თავი დახატა: „ეთო კალანდაძეა ეს, კიდე 5 ყვავილი და ერთი მზე“ – გვეუბნება და ბევრ სხვა რამესაც გვიჩვენებს, გამოძერწილ ფიგურებს, დიდი, გაშლილი კაბების ნახატებს, მღერის, ცეკვავს და სეირნობისას ყველას ეკითხება ვინ როგორ გრძნობს თავს, ხომ ყველაფერი კარგად აქვს ცხოვრებაში. ასეთია ეთო. ყველა უყვარს და ყველას უყვარს.

ეთოს გარდა დღის ცენტრში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 ბავშვი და 25 ზრდასრული ატარებს დღის გარკვეულ მონაკვეთს.

ყველაზე მცირეწლოვანი ბენეფიციარი დღის ცენტრში 6 წლისაა, ყველაზე უფროსი კი – 38-ის.

დღის ცენტრის მიზანი შშმ ბავშვების საზოგადოებაში ინტეგრაცია, მათთვის ყოველდღიური, ყოფა-ცხოვრებაში გამოსადეგი უნარების განვითარება და იმ დაფარული უნარების აღმოჩენაა, რაც ყველა მათგანს აქვს.

„გირშელი, მაგალითად, მეტყველებით კომუნიკაციაში არ შემოდის, მაგრამ სხვა უნარები აქვს განვითარებული. ჩვენი მიზანი ამ უნარების აღმოჩენაა და სააზროვნო მექანიზმების იმ საქმით განვითარება, რაც გამოსდის. კარგად თამაშობს თამაშებს, სადაც იმის მსგავსი ნახატები, ფიგურები უნდა იპოვოს, რასაც ვაჩვენებთ, ფერების ამოცნობაც ძალიან უყვარს: ლურჯ ფიგურებს ერთად ალაგებს, წითლებს ცალ-ცალკე“, – გვეუბნება დღის ცენტრის ფსიქოლოგი მარინე მასხულია.

მიზანი არ არის ვინმემ ბევრი ისწავლოს ან ცოტა, მიზანია ახარებდეთ ის, რაც გამოსდით – გირშელი ფიგურებს რომ ამოიცნობს და სპილოს ნახატს მეორე სპილოს ნახატზე თავისით დაადებს – ტაშს უკრავს და თვალები ენთება.

ზრდასრულ შშმ პირებთან დღის ცენტრში სხვა მიზნებიც აქვთ, აქ შრომა-თერაპიისთვის ცალკე დროა გამოყოფილი – ბიჭები ხისგან ჩარჩოებს ამზადებენ, გოგონები – კერძებს, რამდენიმემ კულინარიის კურსებიც გაიარა და დასაქმდა.

ბიძინა ბერიძე 33 წლისაა, თავადაც დღის ცენტრის ბენეფიციარია და ეტლიან ბავშვებს გადაადგილებაში ეხმარება, თითქმის ყოველდღე აქ არის, ცოტა ხნის წინ ცენტრის ეზოში ბალახი მოცელა, სადილის შემდეგ კი ეტლიანი მეგობრები გაასეირნა.

როგორც დღის ცენტრის დირექტორი, ნანა საყვარელიძე გვეუბნება, ცენტრზე დიდი მოთხოვნაა, რიგი დიდია და მომსახურების სააგენტო ეტაპობრივად გასცემს ვაუჩერს.

ბავშვები დღის ცენტრში უზრუნველყოფილები არიან ტრანსპორტირებით, ორჯერადი კვებით თვრამეტ წლამდე და ერთჯერადით – 18 წლის ზემოთ. წელიწადში რამდენჯერმე აქვთ კონცერტი, ერთი ან ორი კონცერტი მაინც მუსიკალურ ცენტრში ან საზაფხულო თეატრში.

ცენტრში ცალ-ცალკეა ჰუმანიტარული საგნებისა და მათემატიკის, გასართობი, ფილმებისა და მუსიკის, ცეკვის ოთახები.

„ბავშვები განსაკუთრებით ბედნიერები არიან, როცა საკუთარი ხელებით ქმნიან რაიმეს, ერგოთერაპია ეწოდება ყველაფერს, რისი შექმნაც ხელით შეიძლება. სულ ცდილობენ ბავშვები არ დაზიანდეს ნახატები, ნაკეთობები და საგულდაგულოდ ინახავენ. ჩვენი ყოველი დღე ახალი აღმოჩენების დღეა“, – ამბობს ერგოთერაპევტი, გუგული ღოღობერიძე.

34 წლის მარიამ ქელეხსაევა ზღვას ხატავს. ამბობს, რომ აქ ბევრი მეგობარი ჰყავს, მოსწონს, რომ ცენტრში სიმშვიდეა და მასწავლებლებსაც ემეგობრება.

თერაპიის ოთახში ბავშვები ხატავენ, ძერწავენ. სენსორულ ოთახში სპეცპედაგოგი და ფსიქოლოგი რამდენიმე ბავშვთან სპეციალურ თერაპიას გადის. ცალკეა ფსიქოლოგის, ლოგოპედისა და ნევროპათოლოგის კაბინეტები.

მასაჟისა და ვარჯიშის სივრცეში ბავშვებს ინდივიდუალური, მათ საჭიროებებზე მორგებული პროცედურები უტარდებათ.

„მოლაპარაკება გვაქვს აჭარის მთავრობასთან, რომ შეიქმნას ღრმა და მძიმე ჩამორჩენილობის მქონე ბავშვთა ცენტრი, რადგან მსგავსი ცენტრი ბათუმში არ არის. არიან ჩვენთან ასეთი ბავშვები, მაგრამ, ვფიქრობ, მათი უფლებები ნაწილობრივ ირღვევა, რადგან მათ სჭირდებათ მეტი მომსახურება, სხვაგვარი მომვლელი, ოკუპაციური თერაპია და ა.შ. იმედი გვაქვს, ერთი ასეთი ცენტრი მაინც გაიხსნება“, – ამბობს ცენტრის დირექტორი, ნანა საყვარელიძე.

ნატალია ხელაძე დღის ცენტრის სპეცმასწავლებელია, აქ 10 წელია მუშაობს და ამბობს, რომ ყველა ტიპის შეზღუდული უნარის მქონე ბავშვთან უმუშავია. მისი თქმით, შედეგი ყველა მათგანთან შესაძლებელია დადგეს.

„ბავშვი, რომელიც დღის ცენტრში მოყვანისას თვალებზე ხელებს იფარებდა და იმალებოდა, მალე ღიმილით და ხელის ქნევით გვესალმება. დასაწყისისთვის ეს ყოველთვის სასურველი შედეგია, კომუნიკაცია შედგა, ურთიერთობების სურვილი გაჩნდა, ყველაფერი ამით იწყება. ყველა დედას, ვისაც შშმ ბავშვი ჰყავს, ვურჩევ აუცილებლად მიიყვანონ შვილები ბაღშიც, სკოლაშიც და დღის ცენტრშიც, ყველგან, სადაც ისინი სხვებთან ურთიერთობებს შეძლებენ“, – ამბობს სპეცმასწავლებელი.

მისივე თქმით, ხშირად მშობლებს მცდარი და არარეალური დამოკიდებულებები აქვთ თავიდან და ფიქრობენ, რომ ასო-ბგერების სწავლა უფრო მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, ვიდრე ხელების დაბანა და ჰიგიენის წესების ცოდნა, თუმცა საუბრებისა და ურთიერთობების შემდეგ მშობლები ბავშვებს განამტკიცებინებენ შინ იმ უნარებს, რაც დღის ცენტრში უვითარდებათ.

დღის ცენტრში   შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ნებისმიერ ბავშვს იღებენ.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: