უნდა მივიდეს თუ არა პროკურორი ადვოკატთან – მოსამართლის განმარტება

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღეს, 3 ოქტომბერს, არ დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა, რომლითაც იგი სასამართლოში პროკურატურის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობას მოითხოვდა „ქურდული სამყაროს წევრობის საქმეზე.“

ადვოკატი ზაზა პაპიძე პროკურატურაში არ მივიდა ამ საქმეზე არსებული მტკიცებულებების ჩასაბარებლად. ზაზა პაპიძემ პროკურორს ბათუმში, საადვოკატო ბიუროში შესთავაზა მტკიცებულებების ჩაბარება. პროკურორმა ბათუმში მყოფ ადვოკატთან მისვლის ნაცვლად, ქუთაისში, ციხეში, პატიმართან არჩია ჩასვლა.

ადვოკატი ზაზა პაპიძე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლზე საუბრობდა, რომლის მიხედვითაც ბრალდების მხარე ვალდებულია, გადასცეს მტკიცებულებები დაცვის მხარეს.

საია-ს იურისტის, პაატა დიასამიძის შეფასებით, კანონი უნდა განიმარტოს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით და მტკიცებულებათა გაცვლის, როგორც საპროცესო მოქმედების ჩატარების ადგილი უნდა გადაწყდეს მხარეთა შეთანხმების შესაბამისად. „ამდენად, სრულიად შესაძლებელია, რომ მტკიცებულებები გაიცვალოს არა პროკურატურაში, არამედ საადვოკატო ბიუროში,“ – ამბობს საია-ს იურისტი.

„მოსამართლემ დღევანდელ პროცესზე განმარტა, რომ, მართალია, საპროცესო კოდექსი არ აკონკრეტებს მტკიცებულებების გადაცემის ადგილს და ჩემი მოთხოვნა საფუძვლიანიც იყო, თუმცა ადვოკატები შექმნილი პრაქტიკის მიხედვით მიდიხართ საგამოძიებო ორგანოში და იბარებთ მტკიცებულებებსო. ამ პრაქტიკის საფუძველზე არ დაკმაყოფილდა ჩემი შუამდგომლობა, რადგან სხვა საქმეებშიც ძირითადად ეს პრაქტიკა არისო… გასაგებია, რომ ადვოკატების უმრავლესობა თავად მიდის პროკურატურაში და იბარებს მტკიცებულებებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ადვოკატს ამის ვალდებულება აქვს,“ – გვითხრა ზაზა პაპიძემ. 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი