მთავარი,სიახლეები

როგორი იქნება რომაული ბანაკი გონიოს ციხეში

03.10.2018 • 2682
როგორი იქნება რომაული ბანაკი გონიოს ციხეში

გონიოს ციხის ტერიტორიაზე რომაული ბანაკისთვის ანგარისა და ამფითეატრის მოწყობა იგეგმება, ასევე დაიდგმება კარვები და განთავსდება რომაული ბანაკისთვის დამახასიათებელი საბრძოლო და სხვა ინვენტარი. ბანაკის მოსაწყობად აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს 220 ათასზე მეტი ლარი აქვს გამოყოფილი.

„რომაული ბანაკი, ეს არის კონცეფცია. ისტორიულად ციხეში რომაული გარნიზონები იდგა და როგორი ტიპის კარვებშიც ცხოვრობდნენ, იმის ანალოგიური გაკეთდება. შევისყიდით შესაბამის ატრიბუტიკას და განვათავსებთ, რაც რომაული ჯარის ყოფა-ცხოვრებაზე წარმოდგენას შეგვიქმნის. ჩვენი მიზანია გავაცოცხლოთ რომაული ყოფა, რაც არსებობდა ამ ციხის ტერიტორიაზე“ – გვითხრეს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

რომაული ბანაკის მოსაწყობად გამოცხადებული ტენდერები არ შედგა და სააგენტომ ტენდერები ხელახლა გამოაცხადა.

კარვებისა და ინვენტარის დამზადებისთვის სატენდერო თანხა 114 ათასი ლარია. ამ ტენდერში წინადადებების მიღება 5 ოქტომბერს დასრულდება; ბანაკისათვის ანგარისა და არენის მოსაწყობად კი  107 500 ლარია გათვალისწინებული. ეს ტენდერი 19 ოქტომბერს დასრულდება.

ანგარისა და არენის მოსაწყობად ადრე გამოცხადებული ტენდერის მიხედვით, რომელიც არ შედგა, სავარაუდო თანხა 178 500 ლარი იყო, ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში კი თანხა 71 ათასი ლარითაა შემცირებული. სააგენტოში აცხადებენ, რომ „პროექტში დაჯამება იყო არასწორი.“

რაც შეეხება არშემდგარ ტენდერებს, სააგენტოში გვითხრეს, რომ მათი აზრით, მთავარი პრობლემა იყო პრეტენდენტის სამუშაო გამოცდილებაში მოთხოვნა, რომ მას უშუალოდ ძეგლზე უნდა ჰქონოდა ჩატარებული სამუშაოები. ხელახლა გამოცხადებულ ტენდერებში პრეტენდენტს ძეგლზე მუშაობის გამოცდილება აღარ მოეთხოვება.

„ვინაიდან უშუალოდ ძეგლზე არ არის სამუშაოების ჩატარება დაგეგმილი, ამიტომ შესაბამისი გამოცდილება მოთხოვნიდან ამოვიღეთ. გავაფართოვეთ მონაწილე პირების სპექტრი, პრეტენდენტისგან ვითხოვთ სამშენებლო და სხვა შესაბამის  გამოცდილებას, თუმცა თამასა თანხის [იმ სამუშაოების რაც ადრე აქვს შესრულებული] ავწიეთ. ბაზარზე ასეთი კომპანიები არის,“ – გვითხრეს სააგენტოში.

აჭარის მთავრობაში აცხადებენ რომ „რომაული ბანაკის მოწყობა დაეხმარება, ერთი მხრივ, გონიოს ციხის პოპულარიზაციას და ასევე, ამ კომპლექსის კომერციალიზაციას“.

ანგარი / ფოტოები და ამონარიდი სატენდერო დოკუმენტებიდან

რომაული სამხედრო ბანაკი /კარვების ანალოგიები / ფოტო სატენდერო დოკუმენტაციიდან

ამ თემაზე:

114 ათასი ლარი გონიო-აფსაროსში რომაული ბანაკის მოსაწყობად

გადაბეჭდვის წესი


ასევე: