ქობულეთის მერია რელიგიურ დაპირისპირებას ვერ ხედავს – პანსიონის საქმე

„ცოტა ღრმა ანალიზი სჭირდება ამას მუნიციპალიტეტისგან. თუ მუნიციპალიტეტი იტყვის, რომ ხალხი უარს ამბობს, ერთიც ხალხია და მეორეც…“ – უთხრა მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ქობულეთის მერიის წარმომადგენელს “ქობულეთის პანსიონის საქმის” განხილვის დროს.

ქობულეთის მერია პირველი საჯარო უწყებაა, რომელსაც სახალხო დამცველმა სასამართლოში უჩივლა რეკომენდაციის შეუსრულებლობის გამო.

სახალხო დამცველმა რეკომენდაციით ქობულეთის მუნიციპალიტეტს 2016 წელს მიმართა და ქობულეთის პანსიონის წყლისა და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა მოითხოვა.

საუბარია პანსიონზე, რომლის გახსნის საშუალება ადგილობრივმა მოსახლეობამ მუსლიმ თემს 2014 წელს არ მისცა. მაშინ პანსიონს პროტესტის ნიშნად ღორის თავი მიაჭედეს.

2016 წლის 19 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ „ქობულეთის პანსიონის საქმეზე” დისკრიმინაციის ფაქტი დაადგინა. დისკრიმინაციის ფაქტის დადგენის მიუხედავად, ქობულეთის მერია უკვე ორ წელზე მეტია დისკრიმინაციის აღმოფხვრას არ ცდილობს.

“არ შეიძლება ასე ცალსახად იმის თქმა, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტი არღვევს მუსლიმთა უფლებებს. პირიქით, ჩვენ დაინტერესებული ვართ პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარების, ჩვენ ვცდილობთ პრობლემის დეესკალაციას, რომ ისევ არ მოხდეს დაპირისპირება,”- მიმართა ქობულეთის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თეონა გეგიძემ სახალხო დამცველის წარმომადგენელს.

“ადგილი აქვს პროცესის გაჭიანურებას…” – აღნიშნა თავის გამოსვლაში ქეთი შუბაშვილმა, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა.

საქმეში მესამე პირად ორგანიზაცია “ქართველ მუსლიმთა ურთიერთობაა” ჩართული. ეს ორგანიზაცია ხსნიდა პანსიონს ქობულეთში, ლერმონტოვის 13 ნომერში.

მოსამართლე დაინტერესდა, რა გააკეთა ქობულეთის მერიამ პრობლემის მოსაგვარებლად.

“ეს შენობა მჭიდროდ დასახლებულ ზონაში მდებარეობს. მოსახლეობა გამოხატავს პროტესტს, რადგან არ სურთ ტურისტულ ზონაში საგანმანათლებლო დაწესებულება,”- აღნიშნა თეონა გეგიძემ.

“მართლმადიდებლური პანსიონი თუ გაიხსნებოდა, იქნებოდა წინააღმდეგობა?” – დაინტერესდა მოსამართლე.

“არ ვიცი”- მოკლედ უპასუხა შეკითხვას ქობულეთის მერიის წარმომადგენელმა.

მოსამართლემ გაოცება გამოხატა, როცა ქობულეთის მერიის იურისტმა თქვა, რომ დაპირისპირება “რელიგიური ხასიათის” არ არის.

მოსამართლე: “აბა, რა ხასიათის დაპირისპირებაა… მუნიციპალიტეტი ვერ ხედავს, თუ რა არის, ვერ გავიგეთ. რომ ამბობთ ვმუშაობთო, რაზე მუშაობთ მაშინ? თუ ვერ მივაგენით პრობლემის არსს, როგორ მოგვარდება იგი?”

მოსამართლე ჯუმბერ ბეჟანიძემ ქობულეთის მერიას სხდომის დასაწყისშიც უსაყვედურა. პროცესზე მუნიციპალური შპს “ქობულეთის წყალი” საერთოდ არ გამოცხადდა. ოფიციალურად ამ ორგანიზაციას გამგეობისგან დავალებული აქვს პანსიონის წყლის და კანალიზაციის სისტემაში ჩართვა.

“წარმომადგენელი ფეხმძიმედაა და შეუძლოდ გახდა,”- თქვა ქობულეთის მერიის იურისტმა, როცა მას”ქობულეთის წყლის” წარმომადგენლის გამოუცხადებლობის შესახებ ჰკითხეს.

“დღეს ხომ არ გაუგია, რომ ფეხმძიმედ იყო?… პატივისცემა მაინც უნდა გამოიჩინოს მხარემ, შუამდგომლობა მაინც წარმოედგინა,” – აღნიშნა მოსამართლემ და ქობულეთის მერიის იურისტს უთხრა, რომ მერიას საკმარისი დრო ჰქონდა სარჩელის შეტანიდან არსებითი განხილვის დაწყებამდე პრობლემის მოსაგვარებლად.

“სასამართლო ვერ ხედავს შედეგს… რა გახდა ეს მიერთება ასეთი. სასამართლოს არ მიუღია ინფორმაცია, თუ რამ შეუშალა ხელი ქობულეთის მუნიციპალიტეტს სახალხო დამცველის რეკომენდაცია შეესრულებინა…”- თქვა მოსამართლემ.

სარჩელი სასამართლოში ჯერ კიდევ მაშინ შევიდა, როცა ქობულეთის გამგებელი სულხან ევგენიძე იყო. სარჩელში მოპასუხედ სულხან ევგენიძეა მითითებული, რომელიც ახლა ბათუმის მერიაში მუშაობს.

ქობულეთის მერიის იურისტმა დღეს არსებული დაპირისპირების საილუსტრაციოდ თქვა, რომ ერთ-ერთ სატელევიზიო სიუჟეტში ჩანს ეს.

“ჩვენ ცნობიერების ამაღლების კუთხით ვმართავთ შეხვედრებს, მაგრამ სამწუხაროდ შედეგიანად ვერ დავასრულეთ ეს მოლაპარაკება,”- დასძინა თეონა გეგიძემ.

“ორგანიზაციას გადახდილი აქვს წყალარინების საფასური… წყალი და კანალიზაციის სისტემა მჭიდროდ დასახლებულ ზონაშია საჭირო. ტყეში შეიძლება არ იყოს საჭირო,”- მოუჭრა მოსამართლემ მერიის წარმომადგენელს.

საქმის არსებითი განხილვა დასრულდა. გადაწყვეტილებას მოსამართლე რამდენიმე დღეში გამოაცხადებს. თუ სარჩელი დაკმაყოფილდება და მას ისევ არ შეასრულებს ქობულეთის მერია, მერიის პასუხისმგებელ პირებს უკვე სისხლისსამართლებრივი წესით მიედავებიან სასამართლოს გადაწყვეტილების შეუსრულებლობის გამო.

 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი