მთავარი,სიახლეები

14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

04.10.2018 • 4633
14 წელი და მეხუთე მერი – ბათუმი გენერალური განვითარების გეგმის გარეშე

ბათუმი – ქალაქი, რომელიც გენგეგმის გარეშე შენდება“, – ამ სათაურით „ბათუმელებმა“ სტატია 4 წლის წინ, 2014 წელს გამოაქვეყნა. იგივე სათაური შეიძლებოდა დაგვერქვა სტატიისთვის ახლაც – ბათუმს გენგეგმა დღესაც არ აქვს.

3 ოქტომბერს საზოგადოებმა „ბათომმა“ საპროტესტო აქცია დააანონსა ქალაქის ჩაბეტონების წინააღმდეგ. ორგანიზაცია სასამართლო დავასაც აპირებს მერიის წინააღმდეგ. ლაშა კომახიძის მერობის პირობებშიც გაურკვეველია, როდის ექნება ქალაქს განაშენიანების გენერალური გეგმა. საუბარია სამართლებრივ დოკუმენტზე, რომელსაც ქალაქის მთავრობა დაეყრდნობა ქალაქის ამა თუ იმ ადგილას ახალი მშენებლობის დროს. სპეციალისტების განმარტებით, მშენებლობის პროცესი არ უნდა იყოს დამოკიდებული მხოლოდ კონკრეტული პირების გადაწყვეტილებაზე.

ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმა რამდენიმე დოკუმენტს აერთიანებს: მიწათსარგებლობის გეგმას, ისტორიულ განაშენიანებას, სივრცით მოწყობას და ა.შ.

გენგეგმაზე საუბარი ბათუმში 2004 წლიდან დაიწყო. „ბათუმელებმა“ სცადა გაეგო, რამ შეუშალა ხელი იმას, რომ ბათუმს ამ დრომდე ეს დოკუმენტი არ აქვს – კვალიფიკაციის ნაკლებობამ, ფინანსურმა პრობლემებმა, თუ, უბრალოდ, მერებს დაპირების შესრულება არ სურდათ?

„ნების პრობლემაა ცალსახად, ამ დოკუმენტის მიღება არ აწყობთ. თუკი არ იქნება კანონი და სამართლებრივი საფუძველი არ იარსებებს, ამღვრეულ წყალში თევზის დაჭერა გაცილებით იოლია. ეს ძალიან კარგად იცის ხელისუფლებამ, რომელიც გარიგებულია მენაშენეებთან. ფულს აკეთებენ, სხვა არაფერია,“ – მიიჩნევს შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი.

„ისტორია უახლოეს წარსულში ბევრჯერ განმეორდა – დოკუმენტის შექმნის პირობას ყველა ხელმძღვანელი პირი გვპირდებოდა, შემდეგ პროცესი ჭიანურდებოდა. დოკუმენტის ნაწილი ზოგჯერ მზადდებოდა კიდეც, მაგრამ მერები მას გვერდით დებდნენ ან ამბობდნენ, რომ ეს სისულელე იყო… ხელს უშლიდათ, ცხადია,“ – გვიყვება არქიტექტორი გია რამიშვილი. იგი მუდმივად თვალს ადევნებდა ან უშუალოდ  იყო ჩართული ქალაქის განაშენიანების პროცესში. 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, გია რამიშვილი ცოტა ხნით ბათუმის მთავარი არქიტექტორიც გახდა. ბათუმის გენგეგმის ისტორიაზე თხრობა მან 2004 წლიდან დაიწყო, თუმცა იქვე გვითხრა, რომ საბჭოთა წარსულში ამ მხრივ ბევრად უკეთესად ჰქონდათ საქმე.

„თქვენ წარმოიდგინეთ, საბჭოთა კავშირის დროს საკმაოდ მაღალი დონის დოკუმენტი მუშავდებოდა. ეს იყო, რა თქმა უნდა, იმ პოლიტიკურ ფორმაციას მორგებული და მაშინ კერძო საკუთრება არ არსებობდა, მაგრამ სპეციალისტები მუშაობდნენ ამაზე და იქმნებოდა გენგეგმა, რომელიც ყოველ ათ წელიწადში ახლდებოდა…“ – იხსენებს ის.

გენგეგმები საქართველოში პირველად შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს დაივიწყეს. გია რამიშვილის თქმით, გენგეგმები შემდეგ პირველად კახა ბენდუქიძის მრჩევლებმა ახსენეს და რადენიმე ქალაქისთვის, მათ შორის, ბათუმისთვის გეგმის მომზადება დაიწყეს, თუმცა თავად მიხეილ სააკაშვილს ეს იდეა არ მოსწონდა.

„უთქვამს კიდეც სააკაშვილს, რომ გენგეგმებმა დაღუპეს ქვეყანაო… პირველად, როცა ეს დოკუმენტები დამუშავდა, 2005 წელი იქნებოდა, სერიოზულად არავის აღუქვამს. მაშინ ბათუმის საკრებულოს დოკუმენტი არც კი განუხილავს,“ – გვიყვება გია რამიშვილი. – „შემდეგ, როცა ქალაქში აქტიური მშენებლობები წავიდა, თავად აქ, მერიის თანამშრომლებმა გადაწყვიტეს, რომ ჰქონოდათ მიწათსარგებლობის გეგმა, ანუ ყოფილიყო რაღაც დოკუმენტი, რითაც სამართლებრივად გაფორმდებოდა სააკაშვილის კანონსაწინააღმდეგო სურვილები ბათუმში. 2009 წელს ქალაქის მერია „გეოგრაფიკს“ დაუკავშირდა და მიწათსარგებლობის გეგმა შეიმუშავეს, თუმცა საკრებულომ იგი განსხვავებული სახით მიიღო. ისეთი აბსურდული ციფრები ჩაწერეს, რომ მემედ აბაშიძის გამზირზე, მაგალითად, 110 მეტრი სიმაღლის შენობის აგებას არავითარი ნებართვა არ დასჭირდებოდა. მაშინ ტექსტობრივი ნაწილი უცვლელი დატოვეს, სადაც ზოგადი პრინციპები იყო მოცემული, მაგრამ გრაფიკული ნაწილი გამოცვალეს, ანუ იმ დროისთვის არსებულ სამშენებლო ტენდენციას მოარგეს.“

2012 წელს ბათუმი გაფართოვდა. გია რამიშვილი ყვება, რომ ამ დროს ყველაზე მკაფიოდ ამოვარდა ბათუმი მშენებლობის კუთხით არსებული ეროვნული საკანონმდებლო სივრციდან. არქიტექტორი განმარტავს, რომ თითოეულ ქალაქს შესაძლოა ჰქონდეს გამორჩეული მიდგომები, მაგრამ იგი არ უნდა იყოს „ამოვარდნილი“. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ბათუმის მთავარ არქიტექტორად დანიშნული გია რამიშვილი იმ დღესაც იხსენებს, როცა USAID-ის [აშშ-ს დემოკრატიული განვითარების სააგენტო] წარმომადგენლებს შეხვდა და ერთი საინტერესო ამბავიც გაიგო.

„ბათუმის საზღვრები ისე შეიცვალა, რომ USAID-მა ამის შესახებ არაფერი იცოდა… იმ წლებში ეს ორგანიზაცია ქალაქებს ფინანსურად ეხმარებოდა გენერალური გეგმის შემუშავებაში, მათ შორის, ბათუმსაც. USAID-თვის მთავარია, რომ ფორმალურად მაინც გააზრებული ჰქონდეს ადგილობრივ მთავრობას ამ დოკუმენტის მიღების მნიშვნელობა, შემუშავებული დოკუმენტი ჩაიბაროს და შემდეგ ნაბიჯ-ნაბიჯ იზრუნოს მისი რეალიზებისთვის. აქ საუბარია დაახლოებით 400-500 ათასზე, რაც გენგეგმის შემუშავებას სჭირდება. ის, რომ ბათუმის საზღვრები გაფართოვდა, USAID-ის წარმომადგენლებმა მედიიდან გაიგეს. მანამდე ისინი შეხვედრებს მართავდნენ ბათუმის მერიის და საკრებულოს წევრებთან და ამის შესახებ არაფერი უთქვამთ. ამის შედეგი იყო ის, რომ მათ მხარდაჭერა გადაიფიქრეს და წავიდნენ…

ჩვენთან შეხვედრის შემდეგ USAID-ის წარმომადგენლები დავარწმუნეთ, რომ მართლა გვჭირდებოდა ეს დოკუმენტი და ხელახლა დაიწყო პროცესი, დაფინანსდა კონკრეტული კვლევები. მაშინ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა მოამზადა ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმა, რასაც შემდეგი ნაბიჯები უნდა მოჰყოლოდა. განხილვებს მერიის წარმომადგენლები და საკრებულოს წევრები თითქმის არ ესწრებოდნენ. ჩანდა, რომ ქალაქს ეს არ აინტერესებდა.

2014 წელს, ქალაქის ახლად არჩეულმა მერმა – გია ერმაკოვმა პირველივე შეხვედრაზე მკითხა, ეს იდიოტური დოკუმენტი ვინ გააკეთაო, სტრატეგიული განვითარების გეგმაზე მკითხა. ავუხსენი მნიშვნელობა, მაგრამ… ამბობდა, რომ ეს სისულელე იყო,“ – გვითხრა გია რამიშვილმა.

პროცესი ასე შეჩერდა, გია რამიშვილმა მთავარი არქიტექტორის პოსტი დატოვა და დროებით გია ერმაკოვის მრჩეველი გახდა. ქალაქის გაცემენტების პროცესი გაგრძელდა. საზოგადოებრივი ზეწოლის შედეგად გია ერმაკოვმა ისევ კვლევების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო, კვლევები დაიწყო, თუმცა გია ერმაკოვმა თავისი მერობის უფლებამოსილების ვადა ისე დაასრულა, რომ წინასაარჩევნო დაპირება გენგეგმის შექმნის შესახებ, შეუსრულებელი დარჩა.

„ლაშა კომახიძემ ხელახლა დაიწყო ეს პროცესი,“ – განაგრძობს გია რამიშვილი. გვიყვება, რომ მიწათსარგებლობის გენერალური გეგმისთვის ტექნიკური დავალება ლაშა კომახიძის მერობის პირობებში უკვე შემუშავდა, მაგრამ იგი პროცესს კიდევ უფრო გააჭიანურებს და ამავდროულად – ბუნდოვანია. დასკვნა დაახლოებით ამ შინაარსით ბათუმის მერს „ბათომმა“ და „არქიტექტორთა კავშირმა“ გაუგზავნა.

მიწათსარგებლობის გეგმა განაშენიანების გენერალური გეგმის ერთ-ერთი ნაწილია.

„ერთ თვეში მიწათსარგებლობის გეგმის მომზადებაზე კონკურსს გამოვაცხადებთ,“ – უთხრა „ბათუმელებს“ მირიან მეტრეველმა, მერიის არქიტექტურის და ურბანული დაგეგმვის სამსახურის უფროსმა. სტატია 2018 წლის 14 მარტსაა გამოქვეყნებული. კონკურსი მერიას ამ დრომდე არ გამოუცხადებია.

„დოკუმენტის ტექნიკური დავალების საჯარო განხილვის შემდეგ პროექტში შევიდა ცვლილებები. მიმდინარე კვირის ბოლოს, პარასკევს, გაიმართება პროექტის საბოლოო ვარიანტის საჯარო განხილვა, რის შემდეგაც გამოცხადდება კონკურსი,“ – ეს პასუხი მივიღეთ ამჯერად ბათუმის მერიის პრესსამსახურისგან კითხვაზე: რატომ არ გამოცხადდა ამ დრომდე კონკურსი მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავებაზე.

ე.წ. ტექნიკური დავალების შესრულებაში ბათუმს ისევ USAID დაეხმარა პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივის“ ფარგლებში.

რატომ დაიწუნეს სპეციალისტებმა USAID-ის მიერ ფინანსურად მხარდაჭერილი „ტექნიკური დავალება“? – „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივაში“ კომენტარზე უარი გვითხრეს, თუმცა განმარტეს, რომ ისინი ქალაქს ფინანსურად დაეხმარნენ, ხოლო გეგმარებითი დავალება თავად მერიის მიერ დაქირავებულმა სპეციალისტებმა შეიმუშავეს.

ჩვენ შევპირდით და გავაკეთებინეთ გეგმარებითი დავალება, რაც საკრებულოს სხდომაზე დამტკიცდა. ჩვენი ნაწილი ამით დასრულდა. მიწათსარგებლობის გეგმა ძვირადღირებული დოკუმენტია და ჩვენი პროექტი ამას ვერ გაწვდება. თუ განაცხადების შეფასებაში გვთხოვენ დახმარებას, მზად ვართ ამისთვის, თუმცა, ჯერჯერობით, ბათუმის მერიიდან არ მოუმართავთ,“ – მოგვწერეს „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივიდან“.

ბათუმის მერი, ლაშა კომახიძე „ბათუმელებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში 2018 წლის 19 ივნისს ამბობს:

„მოგეხსენებათ, ქალაქს არა აქვს მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა, განაშენიანების გეგმა და ასე შემდეგ. ეს არის ის, რაც ზემოქმედებას ახდენს ჩვენს ქალაქში განაშენიანებაზე. ჩვენ, ფაქტობრივად, უკვე გვაქვს სივრცითი მოწყობის გეგმარებითი ტექნიკური დავალება, ეს დოკუმენტი დასრულებულია. მომზადდა ჩვენი სამსახურის და კონტრაქტით აყვანილი შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მიერ. ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომელიც საბოლოოდ იქნება განმაპირობებელი იმ გეგმარებითი დავალების, რაც ჩამოაყალიბებს, თუ რა ტერიტორიული და სივრცითი მოწყობა უნდა ჰქონდეს ქალაქს. ვვარაუდობთ, რომ მის მომზადებას ექვსი ან შვიდი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც დაიწყება მეორე ეტაპი – უშუალოდ ტერიტორიულ სივრცითი მოწყობის გეგმის შემუშავება ამ დოკუმენტზე დაყრდნობით…“

„ეს პროცესი ისევ ხელოვნურად ჭიანურდება… ჩვენი მოთხოვნაა შეჩერდეს ქალაქში მშენებლობის პროცესი და გამოცხადდეს მორატორიუმი, მაგრამ მორატორიუმს თანამდებობის პირებთან შეხვედრის დროს აღარც ვახსენებთ, პირდაპირ კანკალი ეწყებათ,“ – ამბობს შოთა გუჯაბიძე, საზოგადოება „ბათომის“ დამფუძნებელი. „ბათომი“ მორატორიუმს 2017 წლის თებერვლიდან ითხოვს.

ამასობაში ლაშა კომახიძემ საზოგადოებას ურჩია, რომ ცათამბჯენებმა არ დააკომპლექსოს. „ცათამბჯენში არაფერია ცუდი, ჩვენ არ უნდა დავკომპლექსდეთ,“ – თქვა მან.

„მე ეჭვი მეპარება, რომ მერსაც მოსწონდეს ეს“, – ამბობს შოთა გუჯაბიძე. ის ყურადღებას ამახვილებს მერსა და მაღალჩინოსნებთან შეხვედრებზე, სადაც თითქმის ყველა თანხმდება, რომ მშენებლობების არსებული პროცესი პრობლემაა.

შოთა გუჯაბიძე: „ყველა თანხმდება ამაზე და როგორ შეიძლება დიაგნოზის გარეშე უმკურნალო ადამიანს? თუ არ იცის ექიმმა, რა სჭირს კონკრეტულად ადამიანს, ხომ არ იმარჩიელებს, ადამიანს ფეხი მოაჭრას, თუ თირკმელი ამოაცალოს? უნდა გავჩერდეთ, ვიდრე დიაგნოზი დაისმება, ანუ დასკვნა დაიდება… ვინც არ მეთანხმება, შეუძლია ქალაქის ნებისმიერ კუთხეში გამოაღოს სახლის ფანჯარა და გახედოს ქალაქს…“

3 ოქტომბერს „აჭარის ტელევიზიის“ გადაცემა „მთავარში“ ამ თემაზე საუბრის დროს ლაშა კომახიძემ სტუდიაში გამოკრულ ქალაქის ბანერს გახედა – „რედისონს“, ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს, „პორტა თაუეერს“ და იკითხა: „რა კავშირშია ეს შენობები ქალაქის ისტორიულ ნაწილთან?“

ქალაქის მერმა კიდევ ერთხელ ღიად დააფიქსირა, რომ ახალი ცათამბჯენები მოსწონს და იკითხა: რატომ არ შეიძლება აშენდეს ახალი ცათამბჯენები, როცა ამის მაგალითები დღემდე მრავლად მისმა წინამორბედებმა უკვე შექმნეს.

ლაშა კომახიძე ბათუმის მეორე არჩეული მერია პირდაპირი გზით, თუმცა 2004 წლიდან დღემდე მას ოთხი წინამორბედი ჰყავდა, ზოგი მცირე ხნით, ზოგიც რამდენიმე წლით. 14 წლის მანძილზე როგორი გახდა ბათუმის არქიტექტურა ქალაქის განაშენიანების მთავარი დოკუმენტის გარეშე, ამის შემოწმება ქალაქში გასეირნებით ან, უბრალოდ, ფანჯრის გამოღებით შეგიძლიათ.

ბათუმი, თანამედროვე არქიტექტურა. ფოტო: „ბათუმელები“

___________________________________

მთავარი ფოტო: ბათუმი, 2018 წელი. მანანა ქველიაშვილის ფოტო

გადაბეჭდვის წესი


ასევე: