განათლება,მთავარი,სიახლეები

მინისტრი: შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება

02.10.2018 • 3066
მინისტრი: შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება

სკოლა-პანსიონების დახურვასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრმა  მიხეილ ბატიაშვილმა განცხადება დღეს, 2 ოქტომბერს, გააკეთა.

მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, სოფლების: ბარისახოს, შატილისა და მაღაროსკარის პანსიონები სამინისტროს დაექვემდებარება და „ისინი მოექცევიან სამინისტროს სამართლებრივ და სამეთვალყურეო რეგულაციაში, რაც სკოლა-პანსიონის მოსწავლეებს განათლების დაუბრკოლებლად მიღების შესაძლებლობას მისცემს,“- ნათქვამია მინისტრის განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, მიხეილ ბატიაშვილმა აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული პანსიონები „სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს დაექვემდებარა და მათი მუშაობა დროებით შეჩერდა.

სექტემბრიდან ძალაში შევიდა საკანონმდებლო ცვლილება, სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზირების შესახებ, რომელიც იმ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შეეხო, სადაც ბავშვები და მოზარდები 24 საათის განმავლობაში რჩებიან.

კანონი ითვალისწინებს ბავშვზე ზრუნვის სტანდარტის დაკმაყოფილებას, რაც გულისხმობს იმას, რომ დაწესებულებაში, სადაც ბავშვი 24 საათს ატარებს, საძინებელ ოთახში მხოლოდ ორ ბავშვს უნდა ეძინოს და ერთ ბავშვზე მინიმუმ 6 კვ/მ ფართობი უნდა იყოს გათვალისწინებული.

სტანდარტი მოითხოვს საძინებელში, კვების ობიექტებსა და სველ წერტილებში ჰიგიენური ნორმების დაცვას და დაწესებულების შესაბამისი კვალიფიკაციის კადრებით დაკომპლექტებას.

კანონის ამოქმედების შედეგად დაიხურა შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონები, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა. „მთის ამბების“ ინფორმაციით, 27 ბავშვი განათლების გარეშე დარჩა, რადგან სკოლა-პანსიონებმა სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო ლიცენზია ვერ მოიპოვეს.

რეგულირების სააგენტოს, ლიცენზიებისა და აკრედიტაციის დეპარტამენტის უფროსი, ირმა ბურდულაძე „ბათუმელებთან“ აცხადებს, რომ შატილის, ბარისახოსა და მაღაროსკარის პანსიონებს ლიცენზიის მოპოვების თაობაზე სააგენტოსთვის არ მიუმართავთ.

„ლიცენზიების მოპოვების პროცესი 2009 წლიდან მიმდინარეობს, ამ პერიოდში სკოლა-პანსიონებს შეეძლოთ მიემართათ სააგენტოსთვის ლიცენზიის მოთხოვნით.

არიან დაწესებულებები, რომლებმაც ამ პერიოდიდან მოგვმართეს და ეს ლიცენზია მოპოვებული აქვთ. დღეის მდგომარეობით, შესაბამის სამსახურში სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის მოსაპოვებლად არც ერთი დაწესებულების განაცხადი არ არის შემოსული,“- ამბობს ის.

ბურდულაძის თქმით, განაცხადის გაკეთების შემდეგ პროცედურა ითვალისწინებს დოკუმენტაციის შესწავლას, შემდეგი პროცედურა  კი სალიცენზიო პირობების ადგილზე გადამოწმებაა, რაც მთლიანობაში 30 კალენდარულ დღეს მოიცავს.

2018 წლის 28 სექტემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ფშავ-ხევსურეთის სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად პასუხისმგებელ უწყებებს დროული რეაგირების განხორციელებისკენ მოუწოდა.

საქართველოს სახალხო დამცველის მოსაზრებით, ფშავ-ხევსურეთის სოფლებში პანსიონების ფუნქციონირების აუცილებლობას ის ფაქტი მიუთითებს, რომ სოფლების ნაწილში არ არის საჯარო სკოლები, ბავშვები კი, ათეულობით კილომეტრის გავლას ვერ ახერხებენ, განსაკუთრებით ზამთარში, დიდთოვლობისა და საგზაო პრობლემების მიზეზით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვების განათლების უფლებაზე მისაწვდომობა უზრუნველყოფილი იყოს გეოგრაფიული, ინფრასტრუქტურული თუ სხვა ტიპის ბარიერების დაძლევის გზით.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრისა და დუშეთის მუნიციპალიტეტის მერისადმი გაგზავნილ მიმართვაში სახალხო დამცველი დაინტერესდა, თუ რა ღონისძიებები გატარდა სასწავლოს წლის დაწყებამდე პანსიონებში არსებული პრობლემების გამოსასწორებლად და წინასწარ შეატყობინეს თუ არა ბავშვების ოჯახებს პანსიონების ფუნქციონირების შეწყვეტის შესახებ. ამასთან, მოუწოდა დროულად იქნას შესწავლილი საკითხი და გატარდეს ყველა შესაძლო ღონისძიება ბავშვების განათლების უფლების უზრუნველსაყოფად“.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო კი აცხადებს, რომ  ახლო მომავალში უნდა შემუშავდეს პოლიტიკა ზოგადი განათლების მიღებისთვის აუცილებელი სპეციალური სკოლა-პანსიონების მიმართულებით, „რათა უზრუნველყოფილი იყოს მაღალმთიან და შორეულ რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეების განათლების მიღების შესაძლებლობა შესაბამისი პირობების შექმნით.“

 

 

ამავე თემაზე:

 

ახალი კანონით მუსლიმური პანსიონები შესაძლოა დაიხუროს

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: