განათლება,მთავარი,სიახლეები

მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული გოგო ბათუმიდან

28.09.2018 • 8513
მათემატიკის ოლიმპიადის გამარჯვებული გოგო ბათუმიდან

ანა ცხოიძე მათემატიკის საგნობრივი ოლიმპიადის გამარჯვებულია. მან აჭარის მასშტაბით პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა და ლეპტოპით დასაჩუქრდა. ანა ბათუმის მე-18 საჯარო სკოლის მერვე კლასში სწავლობს. ათოსანია, თუმცა მათემატიკას უპირატესობას ანიჭებს.

ანა ამბობს, რომ მათემატიკით პირველივე კლასში დაინტერესდა. თუმცა დასძენს, რომ ამ საგნის მიმართ სიყვარული გაუჩინა პედაგოგმა, რომელთანაც მეექვსე კლასში მათემატიკაში ემზადებოდა.

„მათემატიკას საკლასო ოთახში ალბათ ვერ შეიყვარებ. თუ შეიყვარებ, შეიძლება დროთა განმავლობაში გაგიქრეს კიდეც ინტერესი, რადგან როცა რაიმეს ვერ იგებ და კითხვებს სვამ, გაკვეთილზე ამაზე პასუხს ხშირად ვერ იღებ, რადგან კლასში სხვა გარემოა, ბევრი მოსწავლეა, ხან შენი ხმა არ აღწევს მასწავლებლამდე, ზოგჯერ კი – მისი. ეს გაუგებრობები ჯერ გაღიზიანებას იწვევს, შემდეგ კი მოტიცავიას გისუსტებს.

ამიტომ ვამბობ, რომ ნინო პაიჭაძემ შემაყვარა მათემატიკა. მოწოდების ხერხიც ისეთი აქვს, რომ ადვილად ითვისებ“ – გვეუბნება ანა.

ანას თქმით, რაც უფრო რთულია ამოცანა, მით უფრო აინტერესებს, რადგან ეს  ერთგვარი გამოწვევაა მისთვის. „მათემატიკის სიყვარულს ნიჭიც სჭირდება და გარემოც. თუმცა შორს ვარ იმ სტერეოტიპისგან რომ „მათემატიკა ბიჭების საქმეა“. ეს რომ ასე არ არის, ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი გოგოა ამ სფეროში წარმატებული.

პროპორცია, ცვლადები, შემოკლებული გამრავლების ფორმულები… ეს არის ჩემთვის ცხოვრება. ვფიქრობ, რომ აბსოლუტურად ყველაფერი არის ასპროცენტიანი. თუნდაც ადამიანი ავიღოთ, ადამიანიც ასპროცენტიანია, მის დადებით ან უარყოფით მხარეებს კი ის განსაზღვრავს, რა უფრო მეტია მასში“.

ანას თქმით, ზოგჯერ მოსწავლეებზე ნიშნებიც და მასწავლებლის განწყობებიც დამთრგუნველად მოქმედებს. „არის შემთხვევები, როცა, ვთქვათ, მოსწავლე რაღაცას ვერ იგებს და კითხვებს სვამს. მასწავლებელი კი ფიქრობს, რომ მოსწავლეს არ აქვს უნარი გაგების, გააზრების და ეს დამოკიდებულება იწვევს სტრესს“.

ანა ცხოიძე

ანასთვის ეს გამარჯვება იყო პირველი და ფიქრობს, რომ დიდი სტიმული, იბრძოლოს სხვა გამარჯვებისთვისაც.  „არ იყო მარტივი დავალებები, ექვსი ამოცანა უნდა ამომეხსნა. ამ ტიპის ამოცანებს ამოხსნის სტანდარტული მეთოდი არ აქვს და შენ თვითონ უნდა შეარჩიო ხერხები. მიხარია, რომ თავი გავართვი,“- გვეუბნება ანა.

ანას მათემატიკის გარდა უყვარს ლიტერატურა და წერა. „როცა ნაწარმოებს ვკითხულობ, მერე სურვილი მიჩნდება მეც დავწერო რაღაც. მიყვარს ჟანრები, რომლებიც ცხოვრებაზე გაფიქრებს, მსჯელობისა და გააზრების საშუალებას გაძლევს“.

ანა ამბობს, რომ ჯერ არსად უმოგზაურია და სურვილი აქვს, სადმე წავიდეს. „ორი უკიდურესობა მჭირს, მინდა ან ძალიან დინამიურ ადგილზე წავიდე, ან პირიქით, სადაც ნაკლებად იქნებიან ადამიანები“.

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: