მთავარი,სიახლეები

მინისტრი სტადიონის ახალშერჩეულ ზედამხედველზე: “აიღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რაც აშენებულია”

28.09.2018 • 2189
მინისტრი სტადიონის ახალშერჩეულ ზედამხედველზე: “აიღებს პასუხისმგებლობას იმაზეც, რაც აშენებულია”

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე ირწმუნება, რომ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მიმდინარე მშენებლობის კონტროლის  მიზნით ახალშერჩეული ზედამხედველი კომპანია სტადიონის უკვე აშენებულ ნაწილზეც აიღებს პასუხისმგებლობას:

„ … რაც აშენებულია და რაც აშენდება, ყველა ტიპის პასუხიმგებლობას, რა თქმა უნდა, გაიზიარებს, მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე სახელმწიფოს არ ჰყავდა თავისი ზედამხედველი ჩვენი მხრიდან, უშუალოდ „ანაგს“ [მშენებელი კომპანია] ჰყავდა ორი ზედამხედველი, დამოუკიდებელი ექსპერტი და ვფიქრობ, აქ  არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ ჩვენ არ ვენდოთ დამოუკიდებელ ექსპერტებს,“ – ამბობს მინისტრი.

კითხვას – თუ ენდობით „ანაგის“ მიერ დაქირავებულ ექსპერტებს, მაშინ რატომ ხარჯავთ დამატებით რესურსს ბიუჯეტიდან? – ჯაბა ფუტკარაძემ ასე უპასუხა:

„მათი დაქირავება იყო კეთილი ნება კომპანიის მხრიდან, ჰყოლოდა ზედამხედველი და დაეცვა თავი რისკებისგან. თუმცა ჩვენც ვალდებული ვართ, სამომავლოდ ნებისმიერი რისკების თავიდან ასაცილებლად, გვყავდეს ჩვენ მიერ დანიშნული ზედამხედველი.“

განსხვავებული ინფორმაციაა შპს „სტადიონის“ სატენდერო კომისიის სხდომის ოქმში.

ერთ-ერთი ყველაზე მაღალბიუჯეტიანი პროექტის, ბათუმის საფეხბურთო სტადიონის მშენებლობა ამ დრომდე ზედამხედველი კომპანიის გარეშე მიმდინარეობდა. მშენებელმა კომპანია „ანაგმა“ უკვე დაასრულა საძირკვლის ჩაყრის სამუშაოები. გარდა ამისა, დასრულებულია ერთ მხარეს სამი და მეორე მხარეს ოთხი სართულის მშენებლობა. სამინისტროს განმარტებით, ამით პროექტის სიმაღლეებზე მუშაობა დამთავრებულია.

აჭარის მთავრობამ კი, ზედამხედველი კომპანიის შერჩევა და შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება მხოლოდ ახლა, მშენებლობის დაწყებიდან 9 თვის შემდეგ შეძლო.

„შეგიძლიათ მოგვილოცოთ, უკვე გაფორმებულია ხელშეკრულება,“ – ასე გამოეხმაურა დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ამ საკითხთან დაკავშირებულ კითხვას.

შპს „სიემესი“ ის კომპანიაა, რომელიც საფეხბურთო სტადიონის სამშენებლო სამუშაოებს გაუწევს ზედამხედველობას, რისთვისაც მას აჭარის ბიუჯეტიდან 2 388 580 ლარს გადაუხდიან. კომპანიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

ზედამხედველის შესარჩევად აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს შპს „სტადიონმა“ ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა. 2018 წლის ივნისში, ბოლო ტენდერის გამოცხადებამდე, უკვე შესრულებული იყო 15 789 511 ლარის სამუშაო.

ტექნიკური ზედამხედველი კომპანიის გარეშე, სატენდერო კომისიის შესაბამისი ოქმის მიხედვით, სამშენებლო ობიექტზე დასრულებული იყო ისეთი მნიშვნელოვანი სამუშაოები, როგორიცაა:

„მოსამზადებელი, მიწის, საძირკვლის მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის პირველი დონის რკინა-ბეტონის კონსტრუქციების როგორც ვერტიკალური, ასევე ჰორიზონტალური ელემენტების მოწყობის სამუშაოები, ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ვერტიკალური ელემენტების [სვეტები, კოჭები] მოწყობის სამუშაოები და დასრულების პროცესშია ნაგებობის მეორე დონის რკინა-ბეტონის ჰორიზონტალური ელემენტების [გადახურვის ფილა] მოწყობის სამუშაოები“.

შესაბამისად, შპს „სტადიონმა“ ახალი ტენდერი ახალი პირობებით და ნაკლები ღირებულებით გამოაცხადა. ზედამხედველობისთვის თავდაპირველად 3 520 474 ლარი იყო გათვლილი, ეს თანხა კი 2 437 431 ლარამდე შემცირდა.

ამავე თემაზე:

შპს „სტადიონის“ ოთხჯერ გასაჩივრებული ტენდერი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: