მთავარი,სიახლეები

ეპისკოპოსების როლი არჩევნებში – ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

29.09.2018 • 4530
ეპისკოპოსების როლი არჩევნებში – ინტერვიუ ბექა მინდიაშვილთან

„ეკონომიკური ინტერესი“ – ეს ფრაზა ახსენა ყველაზე ხშირად თეოლოგმა ბექა მინდიაშვილმა სასულიერო პირების საარჩევნო პროცესში ჩართულობაზე საუბრის დროს. მისი დაკვირვებით, საპატრიარქო არჩევნებში პოპულარობის ხარჯზე ფინანსურ სარგებლის მიღების გამო ერთვება, თუმცა „ციანიდის საქმის“ შემდეგ ეკლესიის ავტორიტეტი საზოგადოებაში შემცირდა.

საქართველოში არავის უკვირს სასულიერო პირის, ან ეპისკოპოსის წინასაარჩევნო გააქტიურება, პოლიტიკა საეკლესიო ქადაგებებში და ფოტო კანდიდატთან. ერთ-ერთი ასეთი ფოტო პრეზიდენტობის კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სხალთელ მთავარეპისკოპოსთან, სპირიდონთან რამდენიმე დღის წინ გადაიღო.

ჩართულია თუ არა ეკლესია არჩევნებში? – ამ თემაზე „ბათუმელები“ თეოლოგ ბექა მინდიაშვილს ესაუბრა.

  • ბატონო ბექა, რამდენიმე დღის წინ პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი სხალთის მთავარეპისკოპოსს სპირიდონს შეხვდა. წინა წლებშიც ბევრჯერ გვინახავს კანდიდატები ეპისკოპოსების და სასულიერო პირების გვერდით. რა შეიცვალა, როგორია ამჯერად ეკლესიის და ეპისკოპოსების როლი არჩევნებში? 

თუ გადავავლებთ თვალს უახლეს ისტორიას, ვნახავთ, რომ ეკლესიის როლი ყველაზე აქტიური 90-იანი წლებიდან გახდა. ამ პერიოდიდან ეკლესია ყოველთვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ წარმოგვიდგებოდა, თუმცა მისი პოზიცია მუდმივად იყო საწინააღმდეგო, რომ ეკლესია ზეპოლიტიკური ინსტანციაა, რომ ის გააერთიანებდა სხვადასხვა დაპირისპირებულ პოლიტიკურ ძალას და მედიატორის როლს შეასრულებდა. ასე იყო 1991 წელსაც, როდესაც საპატრიარქომ პირველი განჩინება მიიღო იმის თაობაზე, რომ პოლიტიკურ პროცესში ეკლესია არ უნდა იღებდეს მონაწილეობას და სასულიერო პირები არ უნდა გამოხატავდნენ პოზიციას სხვადასხვა პოლიტიკურ ძალასთან დაკავშირებით. ჩვენ ვხედავდით, რომ ზვიად გამსახურდიას მმართველობის დროს სასულიერო პირები ღიად იყვნენ ჩართული პოლიტიკურ საქმიანობაში, „მრგვალი მაგიდის“ მხარდამჭერები იყვნენ სასულიერო პირები და ერთ-ერთი მათგანი პარლამენტის წევრიც გახდა. მაშინ „კომუნისტური პარტიის“ სიითაც იყო წარმოდგენილი სასულიერო პირი პარლამენტში.

ბექა მინდიაშვილი

  • რატომ ვერ შესრულდა საპატრიარქოს განჩინება ზეპოლიტიკურობის შესახებ? 

იმდროინდელ პოლიტიკურ ლანდშაფტში სასულიერო პირები ბუნებრივად აღმოჩნდნენ, რადგან რელიგიას მიეცა თავისუფლება. ეროვნული მოძრაობა მოვიდა იმ ნიშნით, რომ ის არის რელიგიის დაბრუნების, აღზევების მოძრაობაც, ზვიად გამსახურდია და უკლებლივ ყველა ლიდერი მიმართავდა რელიგიურ რიტორიკას, საკუთარ მისიას ქრისტეს მისიას ადარებდა გამსახურდია… როცა სიტუაცია გამწვავდა, საპატრიარქოში იკრიბებოდნენ სხვადასხვა პოლიტიკური ძალები მოსალაპარაკებლად. შემდეგ ვნახეთ ზვიად გამსახურდიას მომხრეთა დიდი ნაწილი, რომელიც უშუალოდ პატრიარქს პუტჩის მხარდაჭერაში ადანაშაულებდა. 1993 წელს უშუალოდ პატრიარქი ხდება გადატრიალების ლეგიტიმატორი: ყველას გვახსოვს „იმელის“ შენობიდან მისი განცხადება, რომ პოლიტიკური მმართველი იქნება ედუარდ შევარდნაძე. ამ დროს გამსახურდია ჯერ კიდევ ცოცხალია და ხელისუფლება – განდევნილი. პატრიარქმა ლეგიტიმაცია მისცა პუტჩს, რაც უაღრესად მცდარი და სახიფათო ნაბიჯი იყო ქვეყნის მომავალი დემოკრატიული განვითარებისთვის.

ამის შემდეგ ჩვენ ვხედავდით პატრიარქს და სასულიერო პირებს ხან ერთ, ხან მეორე პოლიტიკურ ლიდერთან, მათ შორის იყო ჯაბა იოსელიანი და მასთან საარაკო მეგობრობა პატრიარქისა. არსებობდნენ გამსახურდიას მხარდამჭერი სასულიერო პირებიც. მაგალითად, ორი ეპისკოპოსი – ქრისტეფორე წამალაიძე და ამბროსი ქათამაძე თავის დროზე განკვეთეს ეკლესიიდან იმის გამო, რომ ისინი ღიად უჭერდნენ მხარს ზვიად გამსახურდიას. ბოლო პერიოდამდე საპატრიარქო შევარდნაძის ხელისუფლებას უჭერდა მხარს და ფაქტობრივად ბოლო წამს გადაწყდა, რომ პატრიარქი არ უნდა მისულიყო 2003 წლის 23 ნოემბერს პარლამენტის სხდომის გახსნაზე. გახსოვთ, ალბათ, სასოწარკვეთილი შევარდნაძის ბოლო ფრაზები, როცა ის პატრიარქს ახსენებდა.

შემდეგ ვხედავთ, რომ დისტანციას იკავებს ხელისუფლება საპატრიარქოსთან, მაგრამ რამდენიმე წლის შემდეგ ხდება ფერიის მთის ამბავი, როცა უკანონოდ აშენებული ტაძრის დემონტაჟი ხდება. ეს იყო პირველი სერიოზული პროტესტი, რაშიც, სხვათა შორის, სალომე ზურაბიშვილიც მონაწილეობდა. მაშინ ისინი სამებას ტაძრის ეზოში შეიკრიბნენ.

  • რა პოზიცია ჰქონდა მაშინ სალომე ზურაბიშვილს? მაშინ ის ოპოზიციაში იყო. 

სალომე ზურაბიშვილი და მთლიანად ოპოზიცია იყენებდა ეკლესიას საპროტესტო მუხტის გასაძლიერებლად.  ოპოზიცია ცდილობდა საპატრიარქოს გადაყვანას მხარდამჭერთა რიგში და ნაწილობრივ ეს ასეც მოხდა: 2007 წლის ნოემბრის პროცესში საპატრიარქომ ღიად დაუჭირა მხარი პოლიტიკური ოპოზიციის მოთხოვნას საპარლამენტო რესპუბლიკის მოდელზე გადასვლასთან დაკავშირებით. გახსოვთ, რომ 2007 წლის საპროტესტო მოძრაობის მოთხოვნების ცენტრში იყო ეს მოთხოვნა, რასაც აჰყვა პატრიარქი და თქვა, რომ მხარს უჭერს კონსტიტუციურ მონარქიას, რაც იმ კონტექსტში ნიშნავდა სწორედ საპარლამენტო მოდელის მხარდაჭერას. მაშინ მთელმა ოპოზიციამ, მათ შორის, „რესპუბლიკელებმაც“ მხარი დაუჭირა პატრიარქის ამ მოთხოვნას.

  • როგორ უპასუხა ხელისუფლებამ საპატრიარქოს ამ ნაბიჯს? 

გაიზარდა ყველაზე რადიკალურად საპატრიარქოს დაფინანსება 4 მილიონიდან – 10-მდე. ამ დროს ჩამოურიგეს სასულიერო პირებს ჯიპები, რაც შემდეგ აქტიური დისკუსიის საგანი გახდა და დაიწყო აქტიური ვაჭრობა. ვაჭრობის პარალელურად გრძელდებოდა საპროტესტო აქციები. ოპოზიცია მრავალათასიანი აქციის მონაწილეებით მიადგა სამების ტაძრის ეზოს, რომ მიეღო კურთხევა ხელისუფლების დამხობაზე, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ამის შემდეგ მოვისმინეთ „უცნობის“ ცნობილი ფრაზა: „პატრიარქი პლენშია“.

საპატრიარქო უაღრესად გააქტიურდა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ველზე გამოჩენის შემდეგ. პრაქტიკულად ყველა სასულიერო პირი და მაღალი იერარქია აქტიურად ჩაერთო პოლიტიკაში. რამდენიმე მათგანმა ღიად მიმართა კიდეც ხელისუფლებას და დააყვედრა, ჩვენი მოყვანილი ხართო. 2012 წელს სინოდმა ისევ მიიღო განჩინება, რომ ეკლესია ნეიტრალური უნდა იყოს პოლიტიკური ძალებისგან, ანუ ისტორია განმეორდა. ერთია რეალობა და მეორე სურვილი – რა როლში ხედავს ეკლესია თავის თავს. მას სურს, რომ საპატრიარქო იყო ზეპოლიტიკური ორგანიზაცია, თუმცა ეს სიმართლეს არ შეესაბამება. ზეპოლიტიკურობა მომგებიან ეკონომიკური თვალსაზრისითაც, რადგან ამ ყალბი ორეულის შედეგად საპატრიარქოს ეკონომიკა და ბიუჯეტი მუდმივად იზრდება. საპატრიარქოს აქვს პოზიცია, რომ მე ასეთი ვარ, დამოუკიდებელი და თუკი ასეთი ვარ, ფული და მატერიალური მხარდაჭერა უნდა მოდიოდეს ჩემსკენ – მრევლი მენდობა, პოპულარული ვარ. საპატრიარქო რეალობის მიუხედავად, ზეპოლიტიკურობის ხატს სთავაზობს საზოგადოებას.

  • რამდენად დიდია საპატრიარქოს გავლენა რეალურად საზოგადოების პოლიტიკურ არჩევანზე? 

ფაქტია, რომ ეს გავლენა იყო ზუსტად ამ ზეპოლიტიკური მნიშვნელობის გამო, იმიტომ, რომ მრევლის და საზოგადოების ცნობიერებაში ეს ხატი დამკვიდრდა, რომ ეკლესიაა ყოველთა ქართველთა შემკრები, ქართველების მაიდენტიფიცირებელი კოდი. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ორეული არ ყოფილიყო და ისინი ჩვეულებრივი პოლიტიკური აქტორები ყოფილიყვნენ… იყვნენ კიდეც გამსახურდიას წინააღმდეგ და ასე შემდეგ. ახლა უკვე „ოცნების“ წინააღმდეგ არიან.

  • ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე ეპისკოპოსის კომენტარი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. „თუ სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტი გახდება, ქვეყანას დავტოვებ“ – ასეთი რადიკალურიც კი იყო ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი ანტონი. მეუფე პეტრემ „წამხდარი და გაუკუღმართებული“ უწოდა სალომე ზურაბიშვილის აზროვნებას. რა ჩანს ამ დაპირისპირებიდან? 

ჩანს, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არის საკმაოდ შესუსტებული. სხვა შემთხვევაში, ასე არ მოხდებოდა. მეორეს მხრივ, საპატრიარქოს რეიტინგი შეირყა ცნობილი „ციანიდის სკანდალის“ შემდეგ, რომელიც იქცა მუდმივი დისკუსიის და დაპირისპირების საგნად. კვლევებიდანაც ჩანს, რომ საპატრიარქოს ავტორიტეტი 90 პროცენტიდან 50-მდეა დასული სწორედ ამ პროცესების გამო. საზოგადოებამ დაინახა, რომ სასულიერო პირები არიან ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც აქვთ ეკონომიკური ინტერესი, შეუძლიათ ჩაიდინონ კრიმინალი, ერთმანეთი ბოლო სიტყვებით ლანძღონ, დანაშაული და ცოდვები დააბრალონ ერთმანეთს. იგივე მიტროპოლიტი პეტრე აბრალებდა მეორე მხარეს, რომ ისინი არიან შორენას ხელის ბიჭები, „ოქროს თევზები“ ხომ ყველას დაგვამახსოვრდა. აბრალებდა იმასაც, რომ საპატრიარქოს ერთ-ერთ შენობაში არის „ბორდელი“ გახსნილი. შემდეგ სამების რეგენტი წერდა იმის შესახებ, რომ პრეზერვატივების ბიზნესი აქვს ერთ-ერთ ეპისკოპოსს, იყო საუბრები სახლების ბიზნესზე, ნარკორეალიზებაში სასულიერო პირების ჩართვაზე…

  • ამ მოცემულობაში რა სტრატეგიით მოქმედებს ეკლესია და მმართველი პოლიტიკური ძალა წინასაარჩევნოდ ახლა? 

ამ არჩევნებში ჩანს, რომ ეკლესიის შიგნით პოლიტიკური თვალსაზრისით არის გაყოფა. მეორე: ჩანს ის, რომ ეკლესია ისევ თამაშობს პოლიტიკური ძალის როლს. უკვე მესამედ გამოდის საპატრიარქოს წერილი, რომ ეკლესია არის ზეპოლიტიკური, ის არის პოლიტიკის მიღმა, რაც არის ყალბი წარმოდგენა ეკლესიაზე. ამას სჯობს გადაიხედოს ეკლესიის დამოკიდებულება, როცა ერთის მხრივ, სრულად ხარ ჩართული პოლიტიკაში და მეორეს მხრივ, ამბობ, რომ პოლიტიკის მიღმა ხარ. ხელისუფლებას დღეს მაღალი სასულიერო იერარქიის საკმაოდ აქტიური ნაწილი დაუპირისპირდა. ამით დაინტერესდა, ბუნებრივია, ოპოზიციაც, კონკრეტულად კი სააკაშვილის მომხრე პოლიტიკური გაერთიანება. მათ აქვთ შესაბამისი ინსტრუმენტი „რუსთავი 2“-ის სახით და ისინი სრულად ამუშავებენ ამ საკითხს. ჩემი აზრით, ეს არის მცდარი პოლიტიკური ნაბიჯი სააკაშვილისა, რადგან იგი სწორედ ამ ნიშნით იბრძოდა და ეს სვლა მინიმუმ უპრინციპობაზე მეტყველებს. შესაბამისად, ეს სააკაშვილს ვერ მოუტანს საეკლესიო წრეების ისეთ მხარდაჭერას, როგორც, მაგალითად, ჰქონდა ბიძინა ივანიშვილს.

სალომე ზურაბიშვილმა არასწორი პოზიცია გამოხატა, როცა თქვა, რომ თითქოს ეკლესიის აქტიურობა პოლიტიკურ პროცესში არის ანტიკანონიერი და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ შეთანხმებას. შეთანხმებაში სიტყვაც არაა ნახსენები ამის შესახებ. ქართული კანონმდებლობა აძლევს საშუალებას სასულიერო პირებს, გამოხატონ საკუთარი პოლიტიკური პოზიციები, მაგრამ საარჩევნო კანონმდებლობაში არის შეზღუდვა – აგიტაციის ჩატარება და მასში მონაწილეობა არ შეუძლია ეკლესიას, როგორც გაერთიანებას. ჩემი აზრით, არაკანონიერია ეს შეზღუდვა. ეკლესიისთვის და საზოგადოებისთვის უფრო ცხადი იქნება ეკლესიის როლი, როცა ის ღიად დაუჭერს მხარს ამა თუ იმ პოლიტიკურ პოზიციას, ეს ასე ხდება ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში. მითი, რომ ეკლესია პოლიტიკის მიღმა დგას, უნდა დაინგრეს. ყველაფერს საკუთარი სახელი უნდა დაერქვას.

  • ეს მითი ინგრევა, თუ ძლიერდება? ეპისკოპოსების კრიტიკის შემდეგ საპატრიარქომ განაცხადა, რომ პოლიტიკურ პროცესში არ ჩაერთვება. ამის შემდეგ შეხვდა სალომე ზურაბიშვილი სხალთელ მთავარეპისკოპოსს. 

ამ არჩევნებზე დემითოლოგიზაცია მოხდა უფრო მეტად, ვიდრე მანამდე. ჩვენ მოვისმინეთ ეპისკოპოსების ღიად გამოხატული პოზიციები და ვნახეთ სხვადასხვა მხარეს მდგომი სასულიერო პირები. ეს პოლიტიკაა. ეპისკოპოსების ეს განცხადებები არაა პოლიტიკის მიღმა სფერო. სალომეს მხრიდან სპირიდონთან შეხვედრა იყო განეიტრალების მცდელობა იმ წარმოდგენისა, რაც მის შესახებ შეექმნათ სასულიერო პირებს. ამ შემთხვევაში იპოვეს ყველაზე არაპოპულარული ეპისკოპოსი, საკუთარი განცხადებებიდან გამომდინარე. სპირიდონი არის ღიად პრორუსული ეპისკოპოსი და პირდაპირ პუტინს უჭერს მხარს. ასეთი ადამიანისგან მიიღო მან მხარდაჭერა, რაც მის მიმართ კრიტიკულ დამოკიდებულებებს კიდევ უფრო ამძაფრებს.

  • ეპისკოპოსების ნაწილი ნანობს საარჩევნო პროცესში აქტიურ ჩართვას. მაგალითად, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა გრიგოლმა სინანული გამოთქვა 2012 წლის არჩევნებში სასულიერო პირების აქტიურობაზე: „რა სიკეთე მოუტანა საქართველოს იმან, რომ პირდაპირ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მონასტრიდან არ გამოსულან, რიგში იდგნენ საარჩევნო უბნებთან და ძალიან აქტიურად გამოხატავდნენ თავის პოლიტიკურ არჩევანს.“

ეს არის ეკლესიის შიდა პრობლემა, როცა სინოდი განჩინებას იღებს და მას არავინ ემორჩილება. შემდეგ პატრიარქი იქადაგებს, ან წერილს დაწერს, რომელსაც შემდეგ სხვები, ან თვითონაც არ ემორჩილება. ეს აჩვენებს იმას, რომ ეკლესიას არ აქვს ღირებულებითი ფუნდამენტი, რომლის გარშემოც არიან სასულიერო პირები შეკრებილი. ჩანს ძირითადად საერთო ეკონომიკური ინტერესი. თუ გავყვებით ამ მორფოლოგიას როგორია, ვნახავთ, რომ ეკლესია აკეთებს სვლას ოპოზიციის მიმართულებით და აკრიტიკებს ხელისუფლებას, ამის შედეგად ის იღებს გაზრდილ დაფინანსებას და მომატებულ მხარდაჭერას. გახსოვთ, ალბათ, პატრიარქი აკრიტიკებდა იგივე „ბუდა ბარის“ მშენებლობას. რატომ აღარ ისმის ეს პროტესტი?  „სოკარის“ ბენზინგასამართი სადგურების წინააღმდეგაც ჰქონდა საპატრიარქოს პროტესტი, მეჩეთებს აფინანსებსო. სად არის ახლა ეს პროტესტი? აღმოჩნდა, რომ პროტესტის შემდეგ „სოკარმა“ სრულად დააფინანსა მთელი ეკლესია გაზით. ჩვენ ვნახეთ სასულიერო პირების პროტესტი „კაზანტიპზე“ და შემდეგ გავიგეთ, რომ თურმე საპატრიარქოს წყლის „სნოს“ შეტანა იყო პრობლემა.

  • თქვენი აზრით, ანალოგიურ დივიდენდს ელის საპატრიარქო სალომე ზურაბიშვილის კრიტიკის შემდეგაც? 

საბოლოოდ კი, ამისთვის კეთდება ეს ყველაფერი. და ეს დივიდენდები შეიძლება მიიღონ ორივე მხრიდან. აქ არის ლაპარაკი ეკონომიკურ ინტერესზე. ახლა საპატრიარქოში კიდევ უფრო მეტად გამძაფრებული პროცესი მიმდინარეობს ამ ტახტის გამო, რაც ყველაზე თვალსაჩინო გახდა „ციანიდის საქმის“ შემდეგ. ეს შიდა დაპირისპირებაც არის განმსაზღვრელი ფაქტორი ღია პოზიციონირებისა პოლიტიკურ და მედია ფონზე.

  • რამ შეიძლება შეცვალოს სასულიერო პირების ეს როლი არჩევნებში? 

მე ვფიქრობ, რომ ეკლესია გაორებულია  და ამას უნდა დაუსვას წერტილი. სასულიერო პირები ან საერთოდ არ უნდა ჩანდნენ პოლიტიკურ პროცესში, რაზეც მიღებულია განჩინება არაერთხელ და მას არ ემორჩილებიან, ან მეორე: რელიგიური მუხტი იმავდროულად სოციალური თვალსაზრისით არის პოლიტიკური მუხტი. მას შეუძლია პოზიტიური და ნეგატიური როლის თამაშიც. ჩემი აზრით, რაც უფრო ღია იქნება ეკლესია პოლიტიკურ ველზე და მკაფიო იქნება მისი პოზიციები, მით უფრო ნაკლებად პრობლემატური იქნება მისი როლის აღქმა საზოგადოებაში.

ეკლესია თავიდან ბოლომდე უნდა განახლდეს. აბსოლუტურად ძირმომპალია ის სოციალური სხეული, რომლითაც ჩვენ საპატრიარქოს ვხედავთ. სად არის აქ ის მთავარი, რასაც უნდა ქადაგებდეს ეკლესია: ქრისტე, სახარება, სახარებისეული ღირებულებები, შემწყნარებლობა, თავისუფლების, თანასწორუფლებიანობის ქადაგება… ეს როლი უნდა შეასრულოს ეკლესიამ. რა შუაშია აქ ან ეკონომიკა, ან პოლიტიკური ინტერესები.

ის, რაც შეუწყობს ხელს ამ გაჯანსაღების პროცესის დაწყებას, არის საზოგადოების დამოკიდებულება. საპატრიარქო იძულებული გახდება, რომ შეიცვალოს. რაღაც დონეზე დაწყებულია კიდეც ეს ცვლილებები. ეკლესიის ყველაზე სერიოზულ პრობლემად მაინც დღემდე რჩება ბმა რუსეთის ინტერესებთან და ამ საკითხზეც რაღაც გახლეჩა არის სასულიერო პირებს შორის, არსებობს პრორუსული და მკაფიოდ გამოხატული არა პრორუსული ინტერესის მატარებელი სასულიერო პირები. ეს უკვე მნიშვნელოვანი შედეგია.

________________________________________

მთავარი ფოტო: სალომე ზურაბიშვილი სხალთელ მთავარეპისკოპოსთან, სპირიდონთან ერთად

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: