მთავარი,სიახლეები

„განსაკუთრებით საშიშია კბენა თავზე, კისერსა და თითებზე“ – რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

28.09.2018 • 11097
„განსაკუთრებით საშიშია კბენა თავზე, კისერსა და თითებზე“ – რა უნდა ვიცოდეთ ცოფის შესახებ

ყოველი წლის 28 სექტემბერს ცოფთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში ყოველწლიურად ცოფზე საეჭვო ცხოველთან კონტაქტის ან ცხოველისაგან მიყენებული სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანების შედეგად ანტირაბიულ კაბინეტს სამედიცინო მომსახურებისთვის მიმართავს 50000-52000 დაზარალებული. აჭარაში 2017 წელს ანტირაბიული დახმარებისათვის მომართულ პაციენტთა რაოდენობამ 3344 მიაღწია, 2018 წლის 8 თვის განმავლობაში ანტირაბიული მომსახურება გაეწია 2563 პაციენტს.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ცნობით, მაღალი მიმართვიანობის მიუხედავად, ადამიანის ცოფით დაავადების ერთეული შემთხვევები მაინც ფიქსირდება, 2018 წელს აჭარაში ცოფით დაავადების 2 შემთხვევა იყო. ცოფით დაავადება გვხვდება იმ პირებში, რომელთაც ცხოველთან კონტაქტის შემდეგ ანტირაბიული მომსახურებისთვის არ მიუმართავთ ან მიმართეს დაგვიანებით.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრმა ცოფის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საგანგებოდ მოამზადა ინფორმაცია, სადაც ცენტრის ექიმი-რაბიოლოგი რუსუდან ბიბილეიშვილი ცოფთან დაკავშირებულ ყველაზე აქტუალურ კითხვას პასუხობს.

[checklist]

  • ცოფის გადაცემის გზები

[/checklist]

ცოფი გადაეცემა ინფიცირებული სეკრეტით, ძირითადად ნერწყვით. ადამიანის დასნებოვნება ხდება ინფიცირებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლისას, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში ინფექციის გადაცემის ფაქტორი შეიძლება გახდეს ვირუსის შემცველი აეროზოლური ნაწილაკი, ავადმყოფი ადამიანის ტრანსპლანტანტი. მსგავს შემთხვევებს შეიძლება შევხვდეთ გამოქვაბულებში, სადაც ბუდობენ ცოფით ინფიცირებული ღამურები.

დაავადების ინკუბაციური პერიოდი ცვალებადია და საშუალოდ 30-50 დღეს შეადგენს, თუმცა შეიძლება მერყეობდეს 10-90 დღის ფარგლებში, ზოგჯერ კი 1 წელზე მეტიც გაგრძელდეს. ინკუბაციური პერიოდის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ვირუსის დოზაზე, პათოგენურობაზე, ნაკბენის სიღრმეზე, სიდიდესა და ლოკალიზაციაზე.

[checklist]

  • ყოველთვის ვითარდება თუ არა დაავადება ცოფით დაავადებული ცხოველის კბენის შედეგად

[/checklist]

ცოფით დაავადებული ცხოველის კბენის შედეგად ადამიანებში დაავადება ყოველთვის არ ვითარდება. განსაკუთრებით საშიშია დაკბენა თავის, სახის, კისრის, მტევნის, თითების, გენიტალურ მიდამოში. სახეზე კბენის შემდეგ დაავადება ვითარდება 90%-ში, ხელის მტევანზე-63%-ში, ხოლო კიდურების პროქსიმალურ ნაწილებზე კბენისას მხოლოდ 23%-ში. ყველაზე ნაკლებ პროცენტში ცოფით დასნებოვნებას ადგილი აქვს ტერფის დაზიანების დროს.

[checklist]

  • სეზონურობა

[/checklist]
დაავადება ძირათადად გვხვდება ზაფხულ-შემოდგომის სეზონზე, რაც გამოწვეულია ამ პერიოდში ადამიანის კონტაქტის გააქტიურებით ველურ და მოხეტიალე ცხოველებთან.

[checklist]

  • როგორ ავიცილოთ დაავადება თავიდან

[/checklist]

ცოფის მკურნალობის მეთოდები არ არსებობს, ლეტალური გამოსავალი გარდაუვალია. მისი თავიდან აცილება შესაძლებელია სწორად და დროულად ჩატარებული პროფილაქტიკური ღონისძიებებით – ანტირაბიული ვაქცინაციით. ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის, დადორბვლის, ან დაკაწვრის დროს, უპირველესად უნდა მოხდეს დაზიანებული ადგილის ჩამობანა საპნიანი წყლის ჭავლით და დამუშავება რომელიმე სადეზინფექციო ხსნარით. ამის შემდეგ აუცილებლად უნდა მიმართოთ უახლოეს სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებას, სადაც ექიმი რაბიოლოგი განსაზღვრავს მოქმედების შემდეგ ტაქტიკას.

[checklist]

  •  რამდენად საშიშია ახალშობილებსა და ორსულებში ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

[/checklist]

პროფილაქტიკურ იმუნიზაციას უკუჩვენება არ გააჩნია. ორსულობა და ახალშობილობის ასაკი არ წარმოადგენს ექსპოზიციის შემდგომი პროფილაქტიკის უკუჩვენებას, ორსულები ცოფის საწინააღმდეგოდ იცრებიან ჩვეულებრივი წესით, რადგან ცოფი სიცოცხლისათვის საშიში დაავადებაა თავისი ლეტალური გამოსავლით და ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია. ურთიერთკავშირი ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციასა და ნაყოფის მხრივ რაიმე გადახრებს შორის აღმოჩენილი არ არის.

[checklist]

  • აუცილებელი წესები ვაქცინაციის პერიოდში და მის შემდეგ

[/checklist]

აცრის ფონზე, დაახლოებით 10 დღის განმავლობაში რეკომენდებულია ჰიპოალერგიული დიეტა, იმ პროდუქტებისაგან თავის შეკავება, რომლებიც ხშირად იწვევენ ალერგიულ რეაქციებს (ზედმეტად ცხარე და ალერგენული თვისებების მქონე საკვები.) ვაქცინაციის პერიოდში და მის შემდეგ რეკომენდებულია უარი ალკოჰოლის შემცველ სასმელებზე, უნდა ვერიდოთ მიზეზებს, რომლებიც ორგანიზმის იმუნურ ძალებს დაასუსტებს (ძლიერი ფიზიკური დატვირთვა, ორგანიზმის გადაცივება, გადახურება.)

[checklist]

  • განსხვავდება თუ არა ვაქცინები ერთმანეთისაგან ეფექტურობით

[/checklist]

საქართველოში შემოტანილი ანტირაბიული ვაქცინები შემოწმებული და აპრობირებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ყველა სათანადო პროცედურისა და რეკომენდაციის გათვალისწინებით და ნებადართულია საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მიერ, რაც შეეხება ვაქცინის ეფექტურობას, ამ მხრივ პრინციპული განსხვავება არ არსებობს.

[checklist]

  • რომელ სამედიცინო დაწესებულებებს უნდა მიმართონ მოქალაქეებმა დაზარალების შემთხვევაში

[/checklist]

აჭარის მოსახლეობას ანტირაბიულ მომსახურებას უწევს ბათუმის რესპუბლიკური – კლინიკური საავადმყოფოს, საზღვაო ჰოსპიტლის და მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებების ბაზაზე არსებული ანტირაბიული კაბინეტები, ხოლო 18 წლამდე ასაკის ბავშვებს – იაშვილის სახელობის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტლის ანტირაბიული კაბინეტი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: