სიახლეები,სპორტი

საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჭადრაკში საფრანგეთს მოუგო, ვაჟებმა კი – მონღოლეთის ნაკრებს

27.09.2018 • 2745
საქართველოს ქალთა ნაკრებმა ჭადრაკში საფრანგეთს მოუგო, ვაჟებმა კი – მონღოლეთის ნაკრებს

ბათუმში მიმდინარე 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადაზე მესამე ტურის პარტიები გათამაშდა. საქართველოს ქალთა ნაკრებმა საფრანგეთს მოუგო ანგარიშით – 2.5:1.5, ვაჟთა ნაკრებმა კი გუშინდელი ყაიმის შემდეგ მონღოლეთის ნაკრები ანგარიშით – 3:1 დაამარცხა.

ქალთა ნაკრებიდან ერთადერთი გამარჯვება ნინო ბაციაშვილმა ჩაიწერა, რომელმაც მეორე დაფაზე თეთრი ფიგურებით ითამაშა. დანარჩენები ფრანგ მოჭადრაკეებთან ყაიმზე შეთანხმდნენ. მესამე დაფაზე ბელა ხოტენაშვილი შავი ფიგურებით დიდხანს ცდილობდა მეტოქის დამარცხებას, გარკვეულ მომენტებში უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ საბოლოოდ ყაიმი ითამაშა, რამაც საქართველოს ნაკრებს მესამე გამარჯვება მოუტანა.

ვაჟთა ნაკრების პირველ და მეორე დაფაზე გამარჯვებები ბაადურ ჯობავამ და ივან ჩეპარინოვმა მიითვალეს. ლევან ფანცულაიამ მესამე დაფაზე ყაიმი ითამაშა. ასევე ყაიმი ითამაშა დავით ჯოჯუამ შავი ფიგურებით მეოთხე დაფაზე ურტნასან ნასანჟარგალთან. ეს შეხვედრა თითქმის 6 საათი გაგრძელდა – მოჭადრაკეებმა დარბაზი ყველაზე ბოლოს დატოვეს.

საქართველოს სხვა ნაკრებებიდან ყველაზე მძიმე მატჩი ვაჟთა მეორე გუნდს ჰქონდა, რომელიც ოლიმპიადაზე, დიდოსტატებით დაკომპლექტებულ რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1.5:2.5 დამარცხდა. ქალთა მეორე ნაკრებმა ყაიმი ითამაშა ესპანეთთან.

აღსანიშნავია, ასევე, რომ მესამე დაფაზე სოფიო გვეტაძე ანა მათნაძესთან დამარცხდა, რომელიც ესპანეთის სახელით თამაშობს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: