მთავარი,სიახლეები

ოკეანეში ტივით დაკარგული ბიჭი 49 დღის შემდეგ იპოვეს

26.09.2018 • 3380
ოკეანეში ტივით დაკარგული ბიჭი 49 დღის შემდეგ იპოვეს

18 წლის ინდონეზიელმა ალდი ნოველ ადილანგმა ღია ზღვაში 49 დღე გაატარა ტივზე დამაგრებულ მეთევზეთა მცურავ ქოხში.

იგი მცურავ ქოხში ჩირაღდნების დარაჯად მუშაობდა. ასეთ ჩირაღდნებს ინდონეზიაში თევზების მისაზიდად და მარტივად დასაჭერად ანთებენ. 18 წლის ინდონეზიელი ბიჭი, როგორც მისი მშობელი ამბობს, ტივზე 16 წლიდან მუშაობდა.

მეთევზეთა მცურავი ქოხი სანაპიროსთან იყო ბაგირით დამაგრებული, მაგრამ ძლიერმა ტალღებმა ბაგირი გაწყვიტა და ქოხი მოზარდიანად გაიტაცა ოკეანეში. კომპანიას, რომელსაც ხის ეს მცურავი ქოხი (რომპონგი) ეკუთვნის, კიდევ 50 ასეთი ქოხი აქვს.

ტივზე ბიჭს ჰქონდა წყალი, შეშა, საკვები და ანკესები. ის თევზით  ირჩენდა თავს. ოსაკაში მდებარე ინდონეზიის საკონსულოს განცხადებით, მცურავ ქოხს 49 დღის განმავლობაში 10-მა გემმა ჩაუარა, თუმცა მათ იგი ვერ შენიშნეს.

ყოველი გემის გამოჩენისას ბიჭს იმედი ჰქონდა, რომ ვინმე შენიშნავდა და ნაჭერს აფრიალებდა, თუმცა ამაოდ. ბიჭი ზუსტად 49 დღის შემდეგ, 31 აგვისტოს იპოვა პანამის დროშით მცურავი გემის ეკიპაჟმა გუამას წყლებში.

ბიჭის პოვნის შემდეგ გემის კაპიტანი გუამას სანაპირო დაცვას დაუკავშირდა და გადაწყდა, რომ მას იაპონიაში ჩაიყვანდნენ და ინდონეზიის საკონსულოს ჩააბარებდნენ.

ფოტო: EPA

18 წლის ალდი ნოველ ადილანგი ინდონეზიის ქალაქ მანადოდანაა. იგი მშობლებთან 8 სექტემბერს ჩაიყვანეს. მედიის ცნობით, ბიჭი თავს კარგად გრძნობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

_____________________

წყარო: BBC; The Gardian

გადაბეჭდვის წესი