მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერია ძეგლების რეაბილიტაციას იწყებს – ზუბალაშვილის 38

26.09.2018 • 2856
ბათუმის მერია ძეგლების რეაბილიტაციას იწყებს – ზუბალაშვილის 38

ბათუმის მერია იმ შენობების რეაბილიტაციას იწყებს, რომლებსაც კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი აქვთ. ამ ეტაპზე ხუთი შენობის რეაბილიტაციაა დაგეგმილი. სარეაბილიტაციო ძეგლების ნუსხა ბათუმის მერიას აჭარის კულტურის სამინისტრომ გადასცა. მერიაში ამბობენ, რომ პროექტები, რომელთა მიხედვითაც ძეგლებზე სამუშაოები უნდა ჩატარდეს, სამინისტრომ შეისყიდა.

„ჩვენ გადმოგვცეს ძეგლების ჩამონათვალი [პროექტებთან ერთად], რომელთა რეაბილიტაციას პრიორიტეტების მიხედვით ეტაპობრივად განვახორციელებთ. პირველ ეტაპზე ის სახლი შეირჩა, რომელიც ბათუმში, ზუბალაშვილის N38-ში მდებარეობს,“ – გვითხრეს მერიის ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს პრესსამსახურში.

სარეაბილიტაციო ძეგლების ნუსხა:

ამ ძეგლების რეაბილიტაციას ბათუმის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო 2019-2022 წლებში გეგმავს, რისთვისაც, წინასწარი გათვლებით, ქალაქის ბიუჯეტიდან 2 725 158 ლარის გამოყოფა იქნება საჭირო

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ ბათუმში, ზუბალაშვილის ქ. N38-ში, მდებარე შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი მიმდინარე წლის სექტემბერში გამოაცხადა თანხით – 601 956 ლარი. მომსახურებას სამმართველოს შპს „იუკონი და კომპანია“ 487 ათას 576 ლარად სთავაზობს. კომპანია ჯერ გამარჯვებულად არ გამოცხადებულა.

საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო დამატებით 10 ათას 726 ლარს გადაიხდის შენობის რესტავრაცია-რეაბილიტაციის სამუშაოების საავტორო ზედამხედველობაზე, რისთვისაც ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე ა(ა)იპ „ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საკითხების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნულ კავშირთან“ გააფორმებს. სწორედ ეს კავშირია პროექტის ავტორი, რომლითაც შენობას რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

„პროექტის მიზანია შენობის რეაბილიტაცია-რესტავრაცია და მისი მხატვრულ-არქიტექტურული იერსახის აღდგენით და თავდაპირველი სახის დაბრუნებით. სარესტავრაციო სამუშაოები უნდა ჩატარდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლისთვის მისაღები მეთოდოლოგიის გათვალისწინებით.

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული შენობა უმძიმეს ფიზიკურ მდგომარეობაშია, მას მხატვრული გამომსახველობა არ დაუკარგავს. ისტორიული ფასეულობა განაპირობებს სარეაბილიტაციო სამუშაოებისას რესტავრაციის მეთოდის გამოყენების აუცილებლობას,“ – აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების დადებიდან 240 დღეში უნდა დასრულდეს.

დოკუმენტების მიხედვით: „XIX საუკუნის ბოლოს აგებული სახლი დაბალ ცოკოლზე აღმართული L-ის ფორმის ერთსართულიანი შენობაა და ქუჩის პერიმეტრული განაშენიანების ნაწილს წარმოადგენს. ფასადი შელესილია, თეთრად არის შეღებილი და ხუთი მართკუთხა ფორმის ფანჯრით ნაწევრდება. მის მარჯვენა კიდელში ლითონის მოაჯირით მოზღუდული ვერანდაა, რომელიც წინკარის ფუნქციას ასრულებს“:

სახლი ზუბალაშვილის 38-ში / ბათუმის კულტურული მემკვიდრეობა / ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

სარეაბილიტაციო შენობა რამდენიმე მოქალაქის კერძო მფლობელობაშია. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ეს სახლი ამხანაგობა „ქ.ბათუმი,ზუბალაშვილის 38“-ის საკუთრებაა.

 

მთავარი ფოტო: ბათუმში, ზუბალაშვილის ქ. N38-ში მდებარე შენობა, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. ფოტო სატენდერო დოკუმენტებიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: