კომისია 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბათუმში ბინების გადაცემის საკითხს შეისწავლის

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში, 164 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის ბინების გადაცემის საკითხზე მუშაობა დაიწყო. კომისიის სხდომას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე ესწრებოდა.

სამინისტროს ცნობით, გაფართოებული კომისიის შემადგენლობაში სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სახალხო დამცველის აპარატის, აჭარის მთავრობის, აფხაზეთის მთავრობისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენლებიც შედიან.

სამინისტროს ინფორმაციით, ბინის მიღების მოთხოვნით, განაცხადი ბათუმში რეგისტრირებულმა 142-მა დევნილმა ოჯახმა შეავსო. ოჯახები მონიტორინგის ჯგუფებმა ადგილზე შეისწავლეს, რის შემდეგაც მოკვლეული მასალა განსახილველად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას გადაეცა. კომისიის მუშაობის შედეგად, გამოვლინდებიან ის დევნილი ოჯახები, რომლებსაც ბათუმში ახალაშენებულ კორპუსებში ბინები გადაეცემათ.

სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, ბათუმში, ორი 16-სართულიანი კორპუსი აშენდა. ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართობი 164 დევნილ ოჯახს გადაეცემა.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მონაცემებით, ბათუმში სულ 1453 დევნილი ოჯახი ცხოვრობს [4495 ადამიანი]. ამათგან 498 ოჯახს ფულადი კომპენსაცია აქვს უკვე მიღებული, 722 ოჯახს – საცხოვრებელი ფართობი.

ამავე თემაზე: 

რამდენი დევნილი ელოდება ბათუმში საცხოვრებელ ბინას

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com