განათლება,მთავარი,სიახლეები

რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს ახალი კანონპროექტის მიხედვით

25.09.2018 • 21247
რა მოეთხოვებათ სპორტის მასწავლებლებს ახალი კანონპროექტის მიხედვით

„ფიზიკური აღზრდისა და სპორტის შესახებ“ ახალი კანონპროექტი მუშავდება, რომლის წარდგენასაც პარლამენტში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საშემოდგომო სესიაზე აპირებს.

იმ შემთხვევაში, თუკი კანონპროექტი დამტკიცდება, 2019 წლის პირველი იანვრიდან ფიზიკური აღზრდის არც ერთ პედაგოგს, ვინც დღეს სკოლაშია დასაქმებული, არ ექნება საშუალება, ბავშვები და მოზარდები სპორტის ნებისმიერ სახეობაში გაწვრთნას, თუ არ ექნება შესაბამი კვალიფიკაცია.

ფიზიკური აღზრდისა და სპორტის განვითარების სამმართველოს უფროსი, ვასილ ლიპარტელიანი „ბათუმელებთან“ საუბარში ამბობს, რომ ახალი კანონპროექტის მიხედვით, სპორტის მასწავლებლებს მოეთხოვებათ: უმაღლესი ან პროფესიული სასპორტო განათლება, ეროვნული სპორტული ფედერაციის ან საერთაშორისო სპორტული ფედერაციის მიერ მინიჭებული ლიცენზია, კვალიფიკაციიის დამასტურებელი დოკუმენტი ან რაიმე სერტიფიკატი რომელსაც ეროვნული ან საერთაშორისო სპორტული ფედერაცია გასცემს, უნივერსიტეტთან არსებული კვალიფიკაციისა და გადამზადების კურსების გავლა.

ლიპარტელიანის თქმით, სქემაში ჩართული სპორტის მასწავლებელი ზემოთ აღნიშნულ ყველა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს.

გარდა ამ მოთხოვნებისა, როგორც ლიპარტელიანი ამბობს, კერძო და საჯარო სკოლებში სპორტის საათები ოთხამდე გაიზრდება, სკოლამდელ დაწესებულებებში კი სავალდებულო იქნება კვირაში სამი საათი.

„კვირაში ოთხი საგაკვეთილო საათი სავალდებულო იქნება. ეს არის მინიმალური ნორმა კვირაში, მაგრამ არის ისეთი სკოლები, რომლებსაც არ გააჩნიათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა. ასეთი სკოლები გაკვეთილებს ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ ჩაატარებენ, რადგან ბავშვებს არ შევუქმნათ რაიმე საფრთხე“.

ამ დროისთვის სკოლებში დაწყებით საფეხურზე ფიზიკური აღზრდის გაკვეთილი სამჯერ ტარდება, მაღალ კლასებში კი ორჯერ.

კანონპროექტის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობით გამოწვეული შეზღუდვების მქონე მოსწავლეთა ფიზიკური აღზრდის გაკვეთილები უნდა ჩატარდეს შესატყვისი სარეაბილიტაციო პროგრამების მიხედვით.

ვასილ ლიპარტელიანის თქმით, ახალი კანონპროექტით დაიხვეწება სპორტული ორგანიზაციების მენეჯმენტის პრინციპებიც: „სპორტული ორგანიზაცია ვალდებული იქნება ჰქონდეს მოკლე და გრძელვადიანი სტრატეგია, ცვლილებები განხორციელდება ასევე საუნივერსიტეტო და მასობრივი სპორტის მიმართულებითაც“.

სპორტის შესახებ დღეს მოქმედი კანონი 1991 წელს არის მიღებული.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: