მთავარი,სიახლეები

ბათუმის პორტში მდგარი ავარიული გემის ეკიპაჟი ხელფასს რვა თვეა ელოდება

25.09.2018 • 3569
ბათუმის პორტში მდგარი ავარიული გემის ეკიპაჟი ხელფასს რვა თვეა ელოდება

ბათუმის პორტში მდგარი ტვირთმზიდი გემის „ალიქან კარტალის“ ეკიპაჟი გემთმფლობელისგან კუთვნილ ხელფასს ელოდება. რვა თვეა მეზღვაურები უხელფასოდ მუშაობენ. გემზე საქართველოს სამი, ინდოეთის სამი და უკრაინის ერთი მოქალაქე იმყოფება. 7-კაციანი ეკიპაჟის შემადგენლობისთვის გემთმფლობელს დაახლოებით 32 ათასი დოლარი აქვს გადასახდელი. მეზღვაურები კუთვნილ ხელფასს ამ დრომდე უშედეგოდ ელოდებიან. გემთმფლობელმა დავალიანების დასაფარად ვადა თვის ბოლომდე ითხოვა.

„იანვარში ავედი გემზე სტამბოლში. მშრალი ტვირთის გადასაზიდი გემია, 1400 ტონას იტევს, შავ ზღვაზე უნდა გვემუშავა. წამოვედით სტამბოლიდან, სხვადასხვა პორტში შევდიოდით, გემი სარემონტო იყო, ავარიულ მდგომარეობაში, აგვისტოს დასაწყისში ძლივს ჩამოვაღწიეთ ბათუმამდე. ერთი თვე „მელკიმორიასთან“ გვყავდა გაჩერებული. შტორმის დროს ბაგირები გაგვიწყდა. საშიშროება იყო, გემი ჩაძირულიყო, მაგრამ სამაშველო მოგვეხმარა და პორტში გადმოგვიყვანეს, გემი გადავარჩინეთ,“ – ამბობს გემის კაპიტანი თამაზ გოგიტიძე „ბათუმელებთან“ საუბრისას.

თამაზ გოგიტიძე “ალიქან კარტალის” კაპიტანი

გოგიტიძე გვიყვება, რომ თავდაპირველი მოლაპარაკებით, როცა გემი სტამბოლიდან წამოიყვანეს, „ალიქან კარტალს“ შავ ზღვაზე მშრალი ტვირთი უნდა ეზიდა. გემი ავარიულ მდგომარეობაში იყო, მის შესაკეთებლად საჭირო თანხა კი გემთმფლობელმა არ გადაიხადა.

თამაზ გოგიტიძის თქმით, ბათუმის პორტში 24 საათით გემის გაჩერების ფასი დაახლოებით 500 დოლარია. კაპიტანი ამბობს, რომ ბათუმის ნავსადგურში მათი მდგომარეობა გაითვალისწინეს და ეს თანხა მინიმუმამდე შეამცირეს. გემთმფლობელს მეზღვაურთა ხელფასების გარდა ნავსადგურში დგომის თანხის გადახდაც მოუწევს.

ბათუმის პორტში მდგარი “ალიქან კარტალი” მშრალი ტვირთის გადასაზიდი გემია.  კაპიტნის თქმით, მისი საბაზრო ფასი დაახლოებით 150 ათასი დოლარია – იმ მეტალის ფასი, რომელიც გემზეა გამოყენებული. გემი იმდენად ცუდ მდგომარეობაშია, რომ მას, როგორც ტვირთმზიდს, არავინ იყიდის

სანამ გემთმფლობელი მეზღვაურებს ანაზღაურებას არ გადაუხდის, კაპიტანს უფლება არ აქვს, გემი დატოვოს. გემი არ დაუტოვებიათ ეკიპაჟის არც სხვა წევრებს. თამაზ გოგიტიძის თქმით, მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, რომელმაც ეკიპაჟს სათანადო დახმარება აღმოუჩინა. სააგენტო ეკიპაჟს ეხმარება სამართლებრივ საკითხებშიც, რაც შეეხება ეკიპაჟის კვებას და სხვა საჭიროებებს, მათ დახმარებას მეზღვაურთა პროფკავშირები უწევს.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილის, ივანე აბაშიძის თქმით, როცა გემი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში შემოვიდა, იმდენად გაუმართავ მდგომარეობაში იყო, რომ მისთვის დროშის მინიჭების საკითხი არც განუხილავთ. დღეის მდგომარეობით გემს არ შეუძლია თავისუფალი ნაოსნობა.

„ჩვენ ყველანაირად უზრუნველვყოფთ, რომ გემი უსაფრთხოდ იყოს. გემს არ აქვს დროშა, მასზე არიან მეზღვაურები. გემის მფლობელი თურქეთის მოქალაქეა, რომელმაც ოცდღიანი ვადა ითხოვა პრობლემების მოსაგვარებლად. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მედიატორის როლი აქვს. ვუზრუნველყოფთ იმას, რომ გემთმფლობელი კავშირზე იყოს და არ აიცილოს პასუხისმგებლობა. ველოდებით თვის ბოლოს,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ივანე აბაშიძემ.

 

“ალიქან კარტალის” ეკიპაჟის წევრები გემზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: