ვისთვის და როგორ იმუშავებს პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა ბათუმის უნივერსიტეტში

ბათუმის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის Turnitin-ის პილოტირებას იწყებს. პროგრამა – „აკადემიური კეთილსინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისათვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებო დაწესებულებებში“, ERASMUS+ – ის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

პლაგიატის აღმომჩენი პროგრამის ტექნიკურ დეტალებზე „ბათუმელები“ პროგრამის კოორდინატორს, განათლებისა და მეცნიერების ფაკულტეტის ასოცირებულ პროფესორს, ნანა მაკარაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო ნანა, რა პრინციპით იმუშავებს პლაგიატის აღმომჩენი პროგრამა?

ამ ეტაპზე აქცენტი გვაქვს პირველკურსელებზე, რადგან პროგრამას აქვს პრევენციული დანიშნულება.  სასწავლო კურსი, რომელიც ამ პროგრამაში იქნება ჩართული, აუცილებლად ითვალისწინებს წერით დავალებას, რომელიც ასევე შეიძლება მოიცავდეს ფორმულებს, დიაგრამებსა და ნახაზებს. სტუდენტებმა დავალება უნდა დაწერონ სახლში, შემდეგ კი ატვირთონ ამ პროგრამაში. პროგრამაზე წვდომა აქვთ, ბუნებრივია, ლექტორებს და სამეცნიერო სფეროს სპეციალისტებს, რომლებიც შეამოწმებენ ნამუშევარს.

  • როგორ ხდება შემოწმება?

პროგრამა ნაშრომში მონიშნავს კონკრეტულ ადგილებს, სადაც ლექტორი აკლიკებს და პროგრამა უწერს, რამდენი პროცენტია ამ აბზაცში პლაგიატი.

  • თუ არსებობს ცდომილება, რისი წაკითხვა არ შეუძლია ამ პროგრამას?

ერთადერთი, პროგრამა ვერ ცნობს ნათარგმნ ტექსტებს, თუ ეს ტექსტები სადმე არ არის ატვირთული. ამიტომ უცხო ენების ფაკულტეტს შევეშვით ამ ეტაპზე.

  • თავდაპირველად, პროგრამის განხილვის დროს, ითქვა, რომ პრობლემურ ფოკუსჯგუფს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები წარმოადგენენ. რატომ შეიცვალა სამიზნე ჯგუფი?

პირდაპირ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომები რომ ჩავუშვათ, ამ შემთხვევაში ფაქტის წინაშე დავაყენებთ სტუდენტს და ჩიხი იქნება. გვინდა, რომ საწყის ეტაპზე პირველკურსელები მიეჩვიონ აკადემიურ წერას და თავი აარიდონ პლაგიატს, რომ  მაღალ საფეხურზე უკვე ჰქონდეთ შესაბამისი გამოცდილება. პროგრამის დანიშნულებაც ეს არის – მიაჩვიოს სტუდენტი აკადემიურ წერას.

  • მაგისტრანტებისა და დოქტორანტების ნამუშევრების შემოწმება არ შედის უნივერსიტეტის ინტერესებში?

რა თქმა უნდა, მაგრამ ეს უკვე ეთიკის საკითხია და უნივერსიტეტი პლაგიატის შემთხვევაში ეთიკის კოდექსს გამოიყენებს. კიდევ ერთი პრობლემა, რომელიც ამ პროგრამას ახლავს, არის ის, რომ თუ პილოტს არ ექნება დასრულებული სახე, შეიძლება ყველა ნამუშევარი აჩვენოს როგორც პლაგიატი. ამიტომ სიფრთხილეს ვიჩენთ და ტექნიკურ დეტალებს კიდევ ვაზუსტებთ.

  • პროგრამაში ჩართვა სავალდებულო იქნება ყველა პირველკურსელისთვის თუ ნებაყოფლობითია?

აკადემიურ წერას ყველა პირველკურსელი გადის, ამიტომ პროგრამაში ეს საგანი იქნება ჩართული. ჩვენ ამ ეტაპზე გვაქვს 2 ათასი ლიცენზია შეძენილი.   საპილოტე ეტაპზე 1300 სტუდენტი იქნება პროგრამაში ჩართული, 700 ლიცენზია კი დარიგდა ფაკულტეტებზე თავისუფალი მოხმარებისთვის, რომ სტუდენტებს დატესტვა შეეძლოთ. სამომავლოდ,  სამაგისტრო ნაშრომების პილოტირებაც გვინდა. მივეცით რეკომენდაცია, რომ მე-2 კურსზე ერთ-ერთი საგანი შეიტანონ ამ პროგრამაში.

  • პირველკურსელები არიან ინფორმირებული ამ პროექტის შესახებ?

ახლა  ვაკეთებთ საინფორმაციო რგოლს, კურატორებს დაევალათ,  პირველ შეხვედრაზე აცნობონ სტუდენტებს ამ პროგრამის შესახებ და ვებგვერდზე განთავსდება ინფორმაცია. საბოლოოდ, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ ახლანდელ პირველკურსელს საბაკალავროზე მაღალი აკადემიური წერის საფუძველი ექნება. ჩვენი მიზანი არ არის სტუდენტების ჩატოვება ან კრედიტების ვერ აღება, გვინდა რომ მას აკადემიური ნაშრომის დაწერა ვასწავლოთ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com