„ბათუმი-რივიერას“ გენგეგმაში ჭაჭის კოშკი არ არის – იახტკლუბთან 6 შენობის აშენება იგეგმება

ჭაჭის კოშკის მიმდებარე ტერიტორიას „სილქ როუდ ჯგუფის“ დაკვეთით კომპანია „ჩეპმენ ტეილორი“ დააგეგმარებს, ლანდშაფტური დიზაინის პროექტში კი ჭაჭის კოშკი გათვალისწინებული არ არის. გენერალური გეგმის მიხედვით, იახტკლუბთან, ხელოვნური ტბისა და ექვსი შენობის – საცხოვრებელი სახლებისა და სასტუმროების აშენებაა დაგეგმილი.

„ბათუმელების“ ინფორმაციით, იახტკლუბის მიმდებარე ტერიტორიის განაშენიანების გენერალური გეგმა წარდგენილია ბათუმის მერიაშიც, რომელმაც პროექტის – „ბათუმი რივიერა“ საბოლოო ვარიანტი უნდა შეითანხმოს და მშენებლობის ნებართვა გასცეს.

ბათუმის მერიაში კი გვითხრეს, რომ მათთან მხოლოდ განაცხადია შესული, რომლითაც კომპანია განაშენიანების რეგულირების გეგმარებით დავალებას ითხოვს, „შესაბამისად ჭაჭის კოშკის საკითხი ამ ეტაპზე არ განიხილება“.

ზოგადად, დარჩება თუ არა ჭაჭის კოშკი იქ, სადაც არის, და თუ კი, რატომ არ უვლის მას მერია? – ამ კითხვაზე მერიისგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ.

„სილქ როუდ ჯგუფი“  ბათუმის მუნიციპალიტეტისგან გეგმარებით დავალებას ელოდება. ამ დავალებით გამოჩნდება მუნიციპალიტეტი რა კვლევების ჩატარებას და რა დოკუმენტებს მოსთხოვს კერძო კომპანიას.

განაშენიანების რეგულირების გეგმას [გრგ], რომელსაც კომპანია მოამზადებს, საბოლოოდ ბათუმის საკრებულო დაამტკიცებს. მანამდე კი, როგორც მერიაში გვითხრეს, მოხდება მისი საჯარო განხილვა.

„ჭაჭის თაუერის“ მიმდებარე სკვერი დარჩება სახელმწიფოს საკუთრებაში, ხოლო კომპანიის კუთვნილ ტერიტორიაზე აშენდება საცხოვრებელი სახლები, სასტუმროები და გაკეთდება ხელოვნური ყურე [ლაგუნა], მოეწყობა კაზინო თუ სხვა საზოგადოებრივი დაწესებულებები – ამის შესახებ 20 სექტემბერს ბათუმში, „ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმის პრეზენტაციაზე, პროექტის დირექტორმა, გიორგი კაპანაძემ განაცხადა.

სწორედ ამ გეგმაზე არ არის დატანილი ჭაჭის კოშკი, რის შესახებაც წესით, მერიაში უნდა იცოდნენ.

გიორგი კაპანაძის თქმით, აღნიშნული პარკი [ჭაჭის თაუერის მიმდებარე ტერიტორია] „რჩება სახელმწიფო საკუთრებაში, როგორც ბათუმის ბულვარის განუყოფელი ნაწილი. აჭარის მთავრობასთან მიღწეული შეთანხმების საფუძველზე ტერიტორიას მიენიჭება ლანდშაფტურ-სარეკრეაციო ზონის სტატუსი. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ნაწილში შენობა-ნაგებობები არ განთავსდება. პარკი ერთიანი ლადშაფტური კონცეფციის ნაწილი იქნება, რომლის განვითარებაზეც, აჭარის მთავრობასთან შეთანხმებით, „ჩეპმენ ტეილორი“ იმუშავებს“.

„ბათუმი რივიერას“ გენერალური გეგმა, რომელზეც ჭაჭის კოშკი არ არის დატანილი

„ჩეპმენ ტეილორის“ლანდშაფტური დიზაინის პროექტში, მომავალ სკვერში [იმ ტერიტორიაზე, რომელიც აჭარის საკუთრებაშია], იახტკლუბის მხარეს ამფითეატრის აშენებაა გათვალისწინებული.

პროექტს, რომელიც „ტრამპ თაუერის“ ნაცვლად ბათუმში „სილქ თაუერის“ აშენებას, ასევე, იახტკლუბის მოწყობას ითვალისწინებს, „სილქ როუდ ჯგუფი“ ახორციელებს. პროექტის ფინანსური მხარდამჭერი კი „თანაინვესტირების ფონდია“, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილია.

გენერალური გეგმის მიხედვით, იახტკლუბთან, ხელოვნური ტბის ირგვლივ 6 შენობა აშენდება [საცხოვრებელი სახლები და სასტუმროები], ერთ-ერთი იქნება „სილქ თაუერი“.

„შენობების სიმაღლე ჯერ დაზუსტებული არ არის, თუმცა შესაბამისი კანონმდებლობის მოთხოვნების მიხედვით დავაგეგმარებთ და ყველაზე მაღალი შენობა, ვფიქრობთ, 40 სართულს არ გავცდებით,“ – გვითხრეს „სილქ როუდში“.

საერთო ჯამში, როგორც „სილქ როუდში“ აცხადებენ, მთლიანი ინვესტიცია, წინასწარი გათვლებით, მინიმუმ 350 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს. მშენებლობის კონკრეტული ვადები ამ ეტაპზე უცნობია.

„პროექტის კიდევ ერთი პარტნიორი – კომპანია „ბათუმის იახტკლუბია“. საწყის ეტაპზე იახტკლუბში 3 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირება იგეგმება, რომელსაც „ბათუმის იახტკლუბი“ და „სილქ როუდ ჯგუფი“ თანაბრად გაინაწილებენ“, – ამბობს გიორგი კაპანაძე.

ტერიტორია სადაც პროექტი „ბათუმი რივიერა“ უნდა განხორციელდეს / 25.09.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო 

ჭაჭის კოშკზე დრო გაჩერებულია – საათი არ მუშაობს / 25.09.2018 / მანანა ქველიაშვილის ფოტო

მთავარი ფოტო: „ჭაჭის კოშკი“ ბათუმში/25.09.2018/ მანანა ქველიაშვილის ფოტო
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com