ბათუმში 51 კომპანია დააჯარიმეს ხმაურის გადაჭარბების გამო

გადაჭარბებული ხმაურის კონტროლი ბათუმის მერიამ მიმდინარე წლის პირველ ივლისს დაიწყო. პირველი ივლისიდან დღემდე ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების ცხელ ხაზზე 330-მდე შეტყობინება შევიდა.

„ამ დროისათვის 51 იურიდიული პირია დაჯარიმებული და არც ერთი კერძო პირი. 500 ლარით დაჯარიმებული გვყავს დაახლოებით 14 ორგანიზაცია, დანარჩენი არის 1000-ლარიანი ჯარიმები. ჩვენ გამოვწერეთ საჯარიმო ქვითარი და მიმდინარეობს პროცესი. ჩვენი მიზანი არ არის აუცილებლად დაჯარიმება, პირველი ეტაპია გაფრთხილება და დაჯარიმება ხდება მას შემდეგ, როცა არ ითვალისწინებენ გაფრთხილებას,“ – უთხრა „ბათუმელებს“ ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების უფროსმა, თემურ ხოზრევანიძემ.

გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკური პირი 150 ლარით ჯარიმდება, იურიდიული პირი კი – 500 ლარით. განმეორების შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმაგდება.

თემურ ხოზრევანიძე ამბობს, რომ მოქალაქეები ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილებას არა მხოლოდ კაფე-ბარების ხმამაღალი მუსიკის გამო მიმართავენ, არამედ სხვა შემთხვევებშიც: გათბობა-გაგრილების სისტემის ხმაური, სამშენებლო სამუშაოებით გამოწვეული ხმაური და ა.შ.

„კაფე-ბარებსა და ღამის კლუბებში რატომღაც ჰგონიათ, რომ ვისაც უფრო ხმამაღლა ექნება აწეული, იმასთან შედის კლიენტი. ეს განსაკუთრებით ეხება ღამის კლუბებს, რომლებიც ერთმანეთს ეჯიბრებიან.

გვირეკავენ გათბობა-გაგრილების სიტემის ხმაურით გამოწვეულ პრობლემებზეც. სეზონის დასრულების შემდეგ უფრო კაზინოებსა და სასტუმროებს უჩივის ხალხი და ხშირად საფუძვლიანია მათი პრეტენზიები.

ძალიან ხშირად უჩივიან დიდ სამშენებლო კომპანიებს, რომლებსაც არა აქვთ უფლება დილის რვა საათზე ადრე დაიწყონ მუშაობა და საღამოს 11 საათის შემდეგ იმუშაონ. „ორბი ჯგუფის“ მშენებლობებთან იყო რამდენიმე გამოძახება,  „ალიანსი ჯგუფის“ მშენებლობასთან, სადაც გაფრთხილება მივეცით და გაითვალისწინეს, ასევე სასტუმრო „ეიფორიასთან“, ყოფილ „ლეოგრანდთან“, უჩივიან: „გუდვილს“, კარფურს“, ყოფილ სასტუმრო „ლეოგრანდს“.  არის ისეთი შემთხვევებიც, როცა გვირეკავენ მეზობელს ძაღლი ჰყავს, ყეფს და რამე გვიშველეთო. ეს ჩვენს კომპეტენციას სცდება, თუმცა ვცდილობთ, ასეთი კერძო შემთხვევებიც არ დავტოვოთ უპასუხოდ, მაგრამ ეს უკვე კერძო დავაა და სხვა სამსახურები უნდა ჩაერთონ“, – ამბობს თემურ ხოზრევანიძე.

ხმაურის დონის მონიტორინგის განყოფილების ცხელი ხაზი 24 საათის განმავლობაში მუშაობს. გამოძახების დროს ადგილზე გადის სამსახურის თანამშრომელი, რომელიც ადგილზე ხმის საზომი აპარატურით ამოწმებს ხმაურის დონეს.

თემურ ხოზრევანიძე ამბობს, რომ ყველაზე რთული პიროტექნიკით გამოწვეული ხმაურის კონტროლია, რადგან ძირითად შემთხვევებში ვერ დგინდება, ვინ იყენებს პიროტექნიკას:

„ტექნიკური რეგლამენტის თანახმად უნდა დაფიქსირდეს შემთხვევა, დასურათდეს, კოორდინატები გაიზომოს და ა.შ. მხოლოდ ერთი კაფე-ბარი დავაჯარიმეთ პიროტქნიკის გამოყენების გამო და ერთიც – გავაფრთხილეთ. ღამის 11 საათამდე აქვთ სროლის უფლება, შემდეგ უკვე დარღვევაა. როცა, მაგალითად, კერძო პირი ისვრის პიროტექნიკას, თუ არ შეგხვდა, ძალიან ძნელია პოვნა“.

გადაჭარბებულ ხმაურზე ჯარიმები ბათუმის მერიამ პირველი ივლისიდან აამოქმედა, ანუ მას შემდეგ, რაც მერიაში ხმის დონის მონიტორინგის ჯგუფში შეიქმნა. მანამდე კი გადაჭარბებულ ხმაურზე რეაგირება საპატრულო პოლიციას ევალებოდა.

გადაჭარბებული ხმაურის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 598 85 15 20.  

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com